1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟიორის მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
3. სტაჟიორი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.