1. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დარწმუნდეს, რომ:
ა) გამოყოფილი სათბურის აირების შესახებ ინფორმაცია არის არსებითად სწორი და ზუსტად ასახავს გამონაბოლქვის მოცულობას გამონაბოლქვის ანგარიშის პერიოდისთვის, რაც დასტურდება საკმარისი და სათანადო მტკიცებულებებით;
ბ) სხ-ის ექსპლუატანტმა განახორციელა საკუთარი გამონაბოლქვის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მოამზადა შესაბამისი ანგარიში გამონაბოლქვის საანგარიშო პერიოდისთვის, ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შესაბამისად;
გ) სხ-ის ექსპლუატანტმა გამონაბოლქვის ანგარიშში ასახა ის საერთაშორისო ფრენები, რომელთა შესრულებაზეც თავადაა პასუხისმგებელი ამ წესის მე-5 მუხლისა და სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შესაბამისად;
დ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის შესახებ არის არსებითად სწორი და ზუსტად ასახავს გამონაბოლქვის შემცირებულ ოდენობას გამონაბოლქვის ანგარიშგების პერიოდისთვის, რაც დასტურდება საკმარისი და სათანადო მტკიცებულებებით;
ე) სხ-ის ექსპლუატანტი არ ითხოვს მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირებას CORSIA-ს შესაბამისი საწვავის იმ პარტიის გამოყენების საფუძველზე, რომლითაც სხ-ის ექსპლუატანტი სხვა რომელიმე ნებაყოფლობით ან სავალდებულო სქემაში ითხოვს გამონაბოლქვის შემცირებას ამავე საანგარიშო პერიოდისთვის ან მის წინა პერიოდისთვის;
ვ) სხ-ის ექსპლუატანტმა ანგარიშგების პერიოდისთვის განახორციელა CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შესამცირებელი ოდენობის მონიტორინგი, რაოდენობრივი გამოთვლა და მოამზადა შესაბამისი ანგარიში ამ წესის მოთხოვნების დაცვით.
2. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დარწმუნდეს, რომ:
ა) სხ-ის ექსპლუატანტმა CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში მოამზადა ამ წესის მოთხოვნების დაცვით და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია არსებითად სწორია;
ბ) CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის გაუქმებული ერთეულების მითითებული რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის გათვალისწინების შემდეგ სხ-ის ექსპლუატანტმა დააკმაყოფილოს მოცემული საანგარიშო პერიოდისთვის ამ წესით გათვალისწინებული საბოლოო საკომპენსაციო მოთხოვნა. სხ-ის ექსპლუატანტს უნდა გააჩნდეს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის გაუქმებული ერთეულების გამოყენების ექსკლუზიური უფლება; და
გ) სხ-ის ექსპლუატანტს ამ წესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულები არ გამოუყენებია სხვა რომელიმე CORSIA-სგან განსხვავებული გამონაბოლქვის კომპენსაციის სქემაში