1. საჰაერო ხომალდზე არასანქცირებული იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად გამოსაყენებელი სხვა გადასატანად აკრძალული საგნებისა და მოწყობილობების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების ყველა მგზავრი, მათი ხელბარგი, მგზავრის სტატუსის არმქონე პირი, მათი თანმქონი ნივთები უნდა შემოწმდეს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მოხვედრამდე.

2. შემოწმება უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის/მგზავრის სტატუსის არმქონე პირის სხეულზე, ხელბარგსა და თანმქონ ნივთებში ფეთქებადი ნივთერების, ასაფათქებელი მოწყობილობისა და სხვა გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას.

3. შემოწმების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

4. თუ მგზავრი უარს აცხადებს შემოწმებაზე, მას უარი ეთქმის გადაყვანაზე და ავიაგადამზიდველი წყვეტს მასთან დადებულ გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულებას.

5.  საავიაციო უშიშროების სამსახურმა უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ საჰაერო ხომალზე დაშვებაზე, მათ მიერ შემოწმებაზე უარის თქმის ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო.

6. მგზავრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად შემოწმებას გადიან „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის“ და აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

7.  შემოწმებას არ ექვემდებარებიან:

ა) საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც მიემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;

ბ) საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობის და პარლამენტის თავმჯდომარეები, სამეფო ოჯახის წევრები.

8.  შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე.

9.  უნდა ხორციელდებოდეს მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე.

10. შემოწმებული მგზავრების, მათი ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და თანმქონი ნივთების შეუმოწმებელ მგზავრებთან, მათ ხელბარგთან, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებსა და თანმქონ ნივთებთან შერევის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე, უნდა განხორციელდეს მათი განმეორებითი შემოწმება.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური:

ა) მგზავრების, მათი ბარგის, ხელბარგის, აგრეთვე ტვირთისა და ფოსტის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ინფორმაციას აგზავნის საჭიროების შესაბამისად;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას.