1. ფარმაცევტულ პროდუქტზე ან მცენარეთა დაცვის საშუალებაზე, რომელიც საქართველოში დაცულია პატენტით და რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
2. დაცვის დამატებითი მოწმობის მოქმედება იწყება პატენტის ვადის დასრულებისთანავე. დაცვის დამატებითი მოწმობის ვადა განისაზღვრება პატენტის განაცხადის შეტანის თარიღიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების თარიღამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის გადაიხდება საფასური.
4. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, და რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, რომელთა შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 6 თვით.
5. პატენტიდან გამომდინარე დაცვის საზღვრებში, დაცვის დამატებითი მოწმობის დაცვის ფარგლები მოიცავს მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებას, რომლის საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, და ფარმაცევტული პროდუქტის ან მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენებას, რაზეც გაიცა თანხმობა/რეგისტრაცია დაცვის დამატებითი მოწმობის ვადის ამოწურვამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, დაცვის დამატებითი მოწმობა მის მფლობელს ანიჭებს იმავე განსაკუთრებულ უფლებას, რასაც პატენტ