A- (1) ნებისმიერი პირი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელმაც დადგენილი მოთხოვნების დაცვით კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიტანა განაცხადი პატენტზე ან სასარგებლო მოდელის, სამრეწველო დიზაინის, ან სასაქონლო ნიშანის რეგისტრაციაზე, სხვა ქვეყნებში შეტანის მიზნით სარგებლობს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით ქვემოთ დადგენილ ვადებში.
(2) განაცხადის ნებისმიერი შეტანა, რომელიც სწორად გაფორმებული ეროვნული განაცხადის შეტანის ეკვივალენტურია კავშირის რომელიმე ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ან კავშირის ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად, აღიარებულია როგორც პრიორიტეტის უფლების წარმოშობის საფუძველი.
(3) სწორად გაფორმებული ეროვნული განაცხადი ნიშნავს ნებისმიერი ისეთი განაცხადის შეტანას, რომელიც საკმარისია შესაბამის ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღის დასადგენად რა ბედიც არ უნდა ეწიოს განაცხადს შემდგომში.
B. – აქედან გამომდინარე, კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში განაცხადის ზემოაღნიშნული ვადების ამოწურვამდე ნებისმიერ შემდგომ შეტანას არ ეკარგება ძალა ამ ვადებით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში განხორციელებული ნებისმიერი ქმედების საფუძველზე, კერძოდ, სხვა განაცხადის შეტანის, გამოგონების გამოქვეყნების ან გამოყენების, სამრეწველო დიზაინების ეგზემპლარების გაყიდვის, ან ნიშნის გამოყენების საფუძველზე, და ასეთი ქმედებები არ წარმოქმნის მესამე პირის რაიმე უფლებას ან პირადი მფლობელობის უფლებას. მესამე პირების მიერ მოპოვებული უფლებები იმ პირველი განაცხადის შეტანის თარიღამდე, რომელიც პრიორიტეტის უფლების საფუძველს წარმოადგენს, ძალაში რჩება კავშირის თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
C. – (1) პრიორიტეტის ზემოაღნიშნული ვადები შეადგენს პატენტებისა და სასარგებლო მოდელებისათვის თორმეტ თვეს, ხოლო სამრეწველო დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნებისათვის - ექვს თვეს.
(2) ამ ვადების ათვლა იწყება პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან; შეტანის დღე ვადაში არ შედის.
(3) თუ იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე, ან დღე, როდესაც უწყება არ არის ღია განაცხადების მისაღებად, ვადა გრძელდება პირველ მომდევნო სამუშაო დღემდე.
(4) მომდევნო განაცხადი, რომელიც შეტანილია კავშირის იგივე ქვეყანაში და ეხება იგივე ობიექტს, რასაც წინა პირველი განაცხადი, რომელიც ასეთად მიიჩნევა, ზემოთ მოყვანილი მე-(2) პუნქტის მნიშვნელობით, განიხილება როგორც პირველი განაცხადი, რომლის შეტანის თარიღი წინა განაცხადის პრიორიტეტის ვადის ათვლის წერტილია, თუ მომდევნო განაცხადის შეტანისას, აღნიშნული წინა განაცხადი გატანილ იქნა, მასზე შეწყდა საქმის წარმოება ან მას ეთქვა უარი ისე, რომ არ მომხდარა მისი გამოფენა საჯარო განხილვისათვის და არ დარჩენილა სადაო უფლებები და თუ ამ მომენტამდე იგი არ იქნა გამოყენებული პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძვლად. აღნიშნულის შემდეგ წინა განაცხადი ვეღარ გახდება პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძვლი.
D. – (1) ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს ისარგებლოს წინა განაცხადის შეტანის პრიორიტეტის უპირატესობით, მოეთხოვება გააკეთოს შესაბამისი განცხადება ასეთი განაცხადის შეტანის თარიღისა და იმ ქვეყნის მითითებით, სადაც ეს შეტანა განხორციელდა. თითოეული ქვეყანა განსაზღვრავს ასეთი განცხადების წარდგენის საბოლოო თარიღს.
(2) ასეთი დეტალური მონაცემები ქვეყნდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში, კერძოდ, პატენტებსა და მათთან დაკავშირებულ აღწერილობებში.
(3) კავშირის ქვეყნებს შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ითხოვს წინა განაცხადის პრიორიტეტს, მოსთხოვოს წარადგინოს წინა შეტანილი განაცხადის (აღწერილობა, ნახაზები, ა.შ.) ასლი. ასეთი განაცხადის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნამდვილობის თვალსაზრისით დამოწმებული ასლი არ საჭიროებს მისი ავთენტიკურობის რაიმე სხვა დამოწმებას და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე შეტანილ იქნეს მომდევნო განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში. მათ შეუძლიათ, აგრეთვე მოითხოვონ, რომ დამოწმებულ ასლს თან ახლდეს იგივე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც მითითებულია განაცხადის შეტანის თარიღი, და დამოწმებული ასლის თარგმანი.
(4) განაცხადის შეტანის დროს პრიორიტეტის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარსადგენად არ შეიძლება არანაირი სხვა ფორმალობის დაწესება. კავშირის თითოეული ქვეყანა განსაზღვრავს ამ მუხლით დადგენილი ფორმალობების შეუსრულებლობის შედეგებს, მაგრამ ასეთი შედეგები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს პრიორიტეტის უფლების დაკარგვას.
(5) მოგვიანებით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი მტკიცებულება. ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს წინა განაცხადის პრიორიტეტით, მოეთხოვება მიუთითოს ასეთი განაცხადის ნომერი; ეს ნომერი ქვეყნდება მე-(2)
პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.
E. – (1) თუ ქვეყანაში სამრეწველო დიზაინზე განაცხადი შეტანილია სასარგებლო მოდელზე განაცხადის პრიორიტეტის მოთხოვნით, პრიორიტეტის მოთხოვნის ვადა იგივეა რაც სამრეწველო დიზაინებისათვის არის დადგენილი.
(2) გარდა ამისა, დასაშვებია ქვეყანაში სასარგებლო მოდელზე განაცხადის შეტანა გამოგონებაზე შეტანილი განაცხადის პრიორიტეტის მოთხოვნით და პირიქით.
F. – კავშირის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია უარი თქვას პრიორიტეტზე ან საპატენტო განაცხადზე იმ საფუძველზე, რომ განმცხადებელი მოითხოვს რამდენიმე, თუნდაც სხვადასხვა ქვეყანაში დადგენილ პრიორიტეტს, ან იმ საფუძველზე, რომ განაცხადი, რომლისთვისაც ერთი ან რამდენიმე პრიორიტეტი, შეიცავს ერთ ან რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც არ იყო შეტანილი განაცხადში ან განაცხადებში, რომელთა მიხედვითაც მოითხოვება პრიორიტეტი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში ქვეყნის კანონის შესაბამისად სახეზეა გამოგონების ერთიანობა.
რაც შეეხება ელემენტებს, რომლებიც არ იყო შეტანილი განაცხადში ან განაცხადებში, რომელთა მიხედვითაც მოითხოვება, პრიორიტეტი მომდევნო განაცხადის შეტანა მათთვის პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას ჩვეულებრივი პირობების საფუძველზე წარმოქმნის.
G. – (1) თუ ექსპერტიზა გამოავლენს, რომ საპატენტო განაცხადი შეიცავს ერთზე მეტ გამოგონებას, განმცხადებელს შეუძლია დაყოს განაცხადი გამოცალკევებული განაცხადების განსაზღვრულ რაოდენობად და თითოეულისათვის შეტანის თარიღად შეინარჩუნოს საწყისი განაცხადის შეტანის თარიღი ან ისარგებლოს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით ასეთის არსებობის შემთხვევაში.
(2) განმცხადებელს საკუთარი ინიციატივით შეუძლია აგრეთვე, დაყოს საპატენტო განაცხადი და თითოეული გამოცალკევებული განაცხადისათვის შეინარჩუნოს საწყისი განაცხადის შეტანის თარიღი ან ისარგებლოს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით ასეთის არსებობის შემთხვევაში. კავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს პირობები, რომელთა შესაბამისადაც ასეთი დაყოფა იქნება ნებადართული.
H. – პრიორიტეტზე უარის თქმა არ შეიძლება იმ საფუძველზე, რომ გამოგონების გარკვეული ელემენტები, რომლისთვისაც მოთხოვნილია პრიორიტეტი, არ არის ასახული წარმოშობის ქვეყანაში შეტანილი განაცხადის გამოგონების ფორმულაში, თუკი მთლიანობაში საგანაცხადო დოკუმენტებში ეს ელემენტები ნათლად არის გახსნილი.
I. – (1) ქვეყანაში, სადაც განმცხადებლებს აქვთ უფლება საკუთარი არჩევანის შესაბამისად მოითხოვონ პატენტი ან საავტორო მოწმობა, საავტორო მოწმობაზე შეტანილი განაცხადი ამ მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს იგივე პირობების საფუძველზე და იგივე შედეგებით, როგორსაც - საპატენტო განაცხადი.
(2) ქვეყანაში, სადაც განმცხადებლებს აქვთ უფლება საკუთარი არჩევანის შესაბამისად მოითხოვონ პატენტი ან საავტორო მოწმობა, ამ მუხლის საპატენტო განაცხადებთან დაკავშირებული დებულებების შესაბამისად საავტორო მოწმობაზე შეტანილი განაცხადის განმცხადებელი სარგებლობს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით, რომელიც ეფუძნება პატენტზე, სასარგებლო მოდელზე ან საავტორო მოწმობაზე განაცხადის პრიორიტეტის მოთხოვნა