1. სახმელეთო ცდების მიზანია:
ა) განისაზღვროს მასალების ტექნიკური მახასიათებლები ღუნვის, ჭიმვის და გრეხის მხრივ, ზსხ-ის მიერ დემონსტრირებული საფრენოსნო შესაძლებლობების დიაგრამის ფარგლებში და ასევე დადგინდეს ზღვრები მასალათა მახასიათებლების დისპერსიის გათვალისწინებით. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ალტერნატიული გზით ასევე შესაძლებელია მასალების მწარმოებლის მიერ მოწოდებული მახასიათებლების გამოყენებით.
ბ) სახმელეთო ცდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს ზსხ-ის სტრუქტურული მდგრადობის შემოწმება და შედეგად გამოთვლების დოკუმენტაციაში მოცემული გამოანგარიშებული მონაცემების დადასტურება. ამ სახის ცდებს ეწოდება „სტატიკური ცდები”.
2. სტატიკური ცდები უნდა განხორციელდეს შემდეგ კომპონენტებზე, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისია ზსხ-ის კლასისთვის:
ა) ფრთა (დადებითი და უარყოფითი – არასიმეტრიული ფრთის დამჭერი ძელების (ბაგირების) ან ლონჟერონების არსებობის შემთხვევაში);
ბ) მზიდი ხრახნის ფრთები და მათ დამჭერები;
გ) შემაერთებელი კვანძები და საყრდენები;
დ) მზიდი ხრახნის ღერძი;
ე) კუდის ფრთასხმულობა;
ვ) სავარძლები;
ზ) ფრენის მართვის მექანიზმი (ცდები ტარდება მოძრავი ნაწილების ბლოკირებით);
თ) ძრავის საყრდენი;
ი) ავზის სამაგრები.
3. ცდების სწორად ჩატარება უნდა დასტურდებოდეს დამოუკიდებელი დამკვირვებლის დასწრებით, ვიდეოს და ფოტოსურათების გადაღებით.
4. სერიული წარმოების ზსხ-ის შემთხვევაში ცდები უნდა ჩატარდეს გადაჭარბებული დატვირთვებით და კონსტრუქციის რღვევის მომენტამდე, საიდენტიფიკაციო ზსხ-ის უსაფრთხოების რეალური ზღვრის დადგენის მიზნით.
5. არასერიული წარმოების შემთხვევაში ზსხ-ის სტრუქტურული მდგრადობის სრული დემონსტრირება არ არის სავალდებულო. ამ შემთხვევაში ხორციელდება ახალი კომპონენტების საჩვენებელ ნიმუშებზე ნაწილობრივი ცდების ჩატარება.
6. კომპონენტებისგან დამზადებული (Kit) ზსხ-ის ან სქემის მიხედვით აწყობის შემთხვევაში (არასრული აწყობის ზსხ) არ მოითხოვება სტატიკური ცდების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ აწყობის შედეგად დასრულებული ზსხ შეესაბამება საიდენტიფიკაციო ზსხ-ის.
7. ზსხ-ის საფრენოსნო შესაძლებლობების დიაგრამის ფარგლების სხვადასხვა შეზღუდვის დადგენის მიზნით საჭირო სტატიკური ცდები შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ცალკეულ ცდად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შესაბამისი დატვირთვებით. დატვირთვა უნდა მოხდეს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
8. დატვირთვისას მხედველობაში მიიღება მგზავრ(ებ)ის, საწვავის, მნიშვნელოვანი აღჭურვილობის (მაგ.: პარაშუტის) მასა, ძრავის წევა, ინერციის ძალები (მაგ.: უსაფრთხოების ღვედის დამჭერზე). შესაბამისი მოქმედი ძალები ნიუტონის ერთეულებში გამოითვლება, თითოეული აღნიშნული მასის ნამრავლით დატვირთვის კოეფიციენტზე და თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე (9.81 მ/წ2).
9. სხვა შესაბამის საშუალებებთან ერთად, დატვირთვის განსახორციელებლად დასაშვებია შემდეგი საშუალებების გამოყენება:
ა) ფრთის შევსება მეტად მსუბუქი, კუმშვამედეგი მასალისგან დამზადებული ბურთულებით, დატვირთვის ფრთის მხოლოდ ერთ მხარეს გადატანის მიზნით (მაგ.: ფრთის ქვედა ზედაპირზე, დადებითი დატვირთვისას, ამობრუნებული ფრთით);
ბ) საყრდენების დაყენება ფრთის წინა კიდეს და უკანა კიდეს შორის, ფრთის გასწვრივ მათ შორის დაშორებების შემცირებით. ამ შემთხვევაში, თითოეულ საყრდენზე დატვირთვა გამოითვლება ფრთის გაქანზე მისი პოზიციისა და ფრთის ქორდის მიხედვით დატვირთვის გათვალისწინებით;
გ) ქსოვილების და მოქნილი პანელების გამოყენება დატვირთვების უკეთ გადასანაწილებლად;
დ) დატვირთვის განხორციელება ქვიშის ან ღორღის ტომრებით, რომელთა მასაც მოწმდება გამოცდამდე;
10. დატვირთვის შესაბამისად სტრუქტურული ელემენტების გადაადგილება შეიძლება გაიზომოს თარაზოს მეშვეობით, რომელიც სასურველია განთავსდეს კონსტრუქციის ელემენტის მაქსიმალური გადახრის/გადაადგილების წერტილებში.
11. ცდებმა, დატვირთვების თანმიმდევრული განთავსებით, უნდა დაადასტუროს, რომ ზღვრული დატვირთვების მოქმედების შემდეგ, ზსხ-ზე არ აღინიშნება რაიმე სახის მუდმივი დეფორმაცია. ამასთან, ზღვრულ დატვირთვებზე ასევე უნდა შემოწმდეს, რომ მიღებული დეფორმაციები შეესაბამება გამოთვლების დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს და რომ ფრენის მართვის მექანიზმი მუშაობს გამართულა