1. მონაცემთა დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარდგენიდან ან დაბლოკვის მიზეზის წარმოშობიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება, თუ სამსახური მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
2. სამსახურის უფროსის მიერ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გადაწყვეტილება ამ წესის 38-ე მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
3. განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სამსახური აღარ სწავლობს მონაცემთა დაბლოკვის საკითხს, ხოლო მონაცემთა დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, თუ სამსახური განცხადებას განუხილველად დატოვებს.
4. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაბლოკვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ასლი, ამ წესის 38-ე მუხლით დადგენილი წესით.