1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრების შერჩევის პროცესი საჯაროა და გადაიცემა მიმდინარე რეჟიმში (ლაივსტრიმით), ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შერჩევის პროცესი იწერება და ვიდეოჩანაწერის სახით ინახება დადგენილი წესით. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია ეროვნული კინოცენტრიდან გამოითხოვოს შერჩევის პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
2. როგორც მიმდინარე რეჟიმში (ლაივსტრიმით) გადაცემისას, ისე პროცესის ამსახველ ჩანაწერში ხილული უნდა იყოს შერჩევის სრული პროცესი, რომელიც გულისხმობს მონაცემთა ბაზის ბეჭდვას, მის განცალკევებას მონაცემთა ბაზის წევრების მიხედვით, გამჭვირვალე ყუთში მოთავსებასა და კანდიდატების შერჩევას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით, შესაბამისი კონკურსისათვის გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე 5 წევრის შევსებამდე, ხოლო შემდეგ შეირჩევა შესაბამისი კონკურსისათვის გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე 2 სათადარიგო წევრი.
4. თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრთა რაოდენობა, ამ დებულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, სათადარიგო წევრებით შევსების შემდეგ, 5 წევრზე ნაკლებია, შერჩევის პროცესი იმართება განმეორებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, შემადგენლობის სრულად (5 წევრი) და სათადარიგო წევრების (2 წევრი) შევსებამდე.
5. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც აფორმებს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმში აისახება საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) შერჩეული წევრების ნუსხა.
6. მონაცემთა ბაზიდან პირი შეიძლება ამოირიცხოს:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული კინოცენტრის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში;
გ) ამ დებულების შესაბამისად, საექსპერტო კომისიის წევრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში;
დ) სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრობას.
7. პირის მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილება