1. კონკურსებისათვის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) განსაზღვრის მიზნით ეროვნული კინოცენტრი ქმნის მონაცემთა ბაზას (შემდგომ – მონაცემთა ბაზა), არანაკლებ 30 წევრის შემადგენლობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირი ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს განაცხადს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ფორმით. ეროვნული კინოცენტრი ასევე უფლებამოსილია, პირს შესთავაზოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

2. მონაცემთა ბაზა ახლდება ყოველწლიურად. ბაზის განახლებული მონაცემები ქვეყნდება ყოველი წლის იანვარში და შემდგომ განახლებამდე რჩება უცვლელი. პირი, რომლის მონაცემთა ბაზაში დამატების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბაზის განახლებული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მონაცემთა ბაზაში აისახება მომდევნო წელს. თუ მონაცემთა ბაზაში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით წევრთა რაოდენობა 30-ზე ნაკლები გახდა, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მონაცემთა ბაზის შემადგენლობა ამ დებულებით დადგენილი წესით შეავსოს 30 წევრამდე.

3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი შეიძლება იყოს რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი, ოპერატორი, კინოს მხატვარი, კომპოზიტორი ან კინოკრიტიკოსი, რომელსაც ამავე პროფესიაში გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და ეროვნული კინოცენტრის წინაშე ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ არ აქვს წარმოშობილი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის შეუსრულებელი ვალდებულებები. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

4. მონაცემთა ბაზის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოსაცხადებელი კონკურსების საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობაში (ჟიური) სავალდებულო პროფესიების/სპეციალობების წარმომადგენლების არსებობის აუცილებლობა.

5. კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სავალდებულო პროფესია/სპეციალობა (მაგალითად, დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმების მიმართულებით ან/და ფილმის ქრონომეტრაჟის მიხედვით) საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრისათვის.

6. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) განისაზღვრება 5 წევრით და ასევე შეირჩევა 2 სათადარიგო წევრ