1.  ლიკვიდატორი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და განყოფილების სახელით გარიგებებს დებს და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიკვიდაციის დასრულების მიზნით.

2. ლიკვიდატორს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი განყოფილების ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:

ა) წარმართოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ბ) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან ან/და შესაბამის სამსახურებთან ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვის/შენახვის და დაარქივების უზრუნველსაყოფად;

გ) დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, შეწყვიტოს  ნებისმიერი გარიგება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები კომერციულ ბანკში სხვადასხვა ვალუტით;

ბ) დროებით არ დახუროს ფინანსურ ინსტიტუტებში  არსებული  ანგარიშები;

გ) აიღოს სესხი ან სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე იკისროს ფინანსური ვალდებულება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/განყოფილების ლიკვიდაციის დროს, გამოითხოვოს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მმართველი ორგანოს  წევრებისგან ნებისმიერი ბეჭედი და შტამპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

4. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორმა პროცესის წარმოებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად, მართლზომიერად, ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

5. თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იცვლება ლიკვიდატორი, ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის საქმეები ახალ ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს საქმეები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

6. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყოფილი ლიკვიდატორები თავს აარიდებენ საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი და ამავდროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

7. ლიკვიდატორი ვალდებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 (ათ) სამუშაო დღეში:

ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ ეს აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის  კუთვნილი სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით;

ბ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა;

გ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სრულად ლიკვიდაციის შემთხვევაში, გაუგზავნოს შეტყობინებები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მმართველი ორგანოს ყოფილ წევრს/წევრებს ყველა ბეჭდისა და შტამპის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით;

დ) გამოაქვეყნოს განცხადება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მეორედ უნდა გამოქვეყნდეს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ, არაუგვიანეს აღნიშნული განცხადების  იმავე საშუალებით განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.

8. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ლიკვიდაციის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

დ) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შეადგინოს აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);

ე) უზრუნველყოს კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;

ვ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;

ზ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

თ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ი) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

კ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას, მათ შორის, მოვალეების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;

ლ) უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების პრინციპისა და ეთიკის ნორმების დაცვით;

მ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;

ნ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია.

9. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის მიერ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) მესამე პირისგან მიღებული სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისათვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აღრიცხვა - ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) ფინანსური დარღვევებისათვის;

ვ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/შესაბამისი განყოფილების აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ზ) მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით,  სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის;

თ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორებთან არაეთიკური მოქცევისათვის.

10. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებშ