1. კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია აწარმოოს წერილობითი პროცედურები, რომლებიც მოიცავს შემდეგი მონაცემების მონიტორინგს: საბაზისო აქტივების სახეობა, ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული ოდენობა, დეფოლტის ალბათობის მაჩვენებლები, წინასწარი გადახდების მაჩვენებლები, აღსრულებას დაქვემდებარებული სესხები, ამოღებული თანხების პროცენტული მაჩვენებლები, ვადაზე ადრე გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია, სესხის პირობების ცვლილებები, შეღავათების შესახებ ინფორმაცია, უზრუნველყოფის სახეობა, საბაზისო აქტივებზე საკრედიტო ქულების ან კრედიტუნარიანობის შეფასების სხვა მაჩვენებლების სიხშირული განაწილება, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაჩვენებლების სიხშირული განაწილება. თუ საბაზისო აქტივი არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს ასევე ამ ინსტრუმენტების საბაზისო აქტივების მონიტორინგი.
2. ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია რეგულარულად განახორციელოს სტრესტესტები საბაზისო აქტივებიდან გამომდინარე ფულად ნაკადებსა და მისი უზრუნველყოფის ღირებულებაზე, ან ფულად ნაკადებსა და უზრუნველყოფის ღირებულებაზე საკმარისი მონაცემების არარსებობისას - სტრესტესტები მოსალოდნელი ზარალის შესახებ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ხასიათის და კომპლექსურობის გათვალისწინებით.
3. ინსტიტუციური ინვესტორი ვალდებულია აწარმოოს შიდა ანგარიშგება მმართველი ორგანოს წინაშე, რათა მმართველი ორგანოს წევრები ფლობდნენ ამომწურავ ინფორმაციას სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტიდან გამომდინარე მატერიალური რისკების შესახებ და შეძლონ ამ რისკების სათანადოდ მართვა.