1. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე, კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა ეროვნულ ბანკს უნდა  წარუდგინონ განაცხადი ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით და შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ძირითადი მახასიათებლები და ინფორმაცია შეთავაზების შესახებ;

ბ)  ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის საბაზისო აქტივის/აქტივების სახეობის,  საკრედიტო რისკის და ხარისხის შესახებ;

გ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი რისკების აღწერა;

დ) ინფორმაცია სპეციალური მიზნობრივი ერთეულის და მისი აქტივების მმართველი კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ;

ე) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის მონაწილეთა მმართველი ორგანოს წევრების და  ბენეფიციარი მესაკუთრეების ვინაობის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ  სეკიურიტიზაციის მონაწილის მნიშვნელოვან წილს (10%-ს ან მეტს);

ვ) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შესახებ, მათ შორის, მითითება არჩეული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;

ზ) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა უახლესი ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

თ) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა სადამფუძნებლო დოკუმენტები;

ი) სეკიურიტიზაციის ფარგლებში მომსახურების გამწევი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათთან დადებული ხელშეკრულებები ან ხელშეკრულებების პროექტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) არსებობის შემთხვევაში, განთავსების აგენტის შესახებ ინფორმაცია;

ლ) კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის (სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორისთვის) ან/და შესაბამისი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისთვის რომელიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors, Moody’s, Fitch, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის შესახებ;

მ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის ამ წესის V თავით გათვალისწინებული ვალდებულებების განაწილების შესახებ ინფორმაცია;

ნ) დოკუმენტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების განცხადება წარდგენილი მონაცემების სისწორისა და სისრულის შესახებ, ასევე მათი  ხელმოწერები.

2. ეროვნული ბანკი წარდგენილ შეტყობინებას და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის საქმიანობის შინაარსს იკვლევს მხოლოდ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

3. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ  შეტყობინების წარდგენიდან 30 (ოცდაათ) სამუშაო დღეში განიხილავს მას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს, შეესაბამება თუ არა შეტყობინება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს.

4. თუ ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების განხილვის პერიოდში განხორციელდება არსებითი ცვლილება ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში, აღნიშნულის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა თავიდან აითვლება.

5. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მას ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები.

6. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და განუსაზღვროს განმცხადებელს აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

თავი IV. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მოთხოვნე