1. ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი იზომება საბაზისო აქტივების სეკიურიტიზაციის მომენტში და გარესაბალანსო ელემენტების შემთხვევაში გამოითვლება პირობითი ღირებულებით (notional value).
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის განაწილება სხვადასხვა პირებს შორის. მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის განაწილება დასაშვებია მხოლოდ:
ა) რამდენიმე ინიციატორს შორის;
ბ) რამდენიმე თავდაპირველ კრედიტორს შორის.
3. ამ თავის მიზნებისთვის ინიციატორად არ მიიჩნევა სუბიექტი, რომლის დაფუძნების ან საქმიანობის ერთადერთი მიზანია მოთხოვნების სეკიურიტიზაცია. მიიჩნევა, რომ სუბიექტის დაფუძნების ან საქმიანობის ერთადერთი მიზანი არ არის მოთხოვნების სეკიურიტიზაცია, როდესაც დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) სუბიექტს გააჩნია სტრატეგია და შესაძლებლობა, შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები თავისი ზოგადი ბიზნესმოდელის შესაბამისად, რაც მოიაზრებს კაპიტალის, აქტივების, საკომისიოებისა და შემოსავლის სხვა წყაროების მობილიზებას, ისე რომ სუბიექტის შემოსავლის მთავარი წყარო არ არის დამოკიდებული აქტივებზე, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, მათთან დაკავშირებით კანონისა და ამ წესის შესაბამისად შენარჩუნებულ მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესზე ან ამ აქტივებიდან და მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესიდან მიღებულ შემოსავალზე;
ბ) სუბიექტის მმართველი ორგანოს წევრებს გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება, რათა სუბიექტმა შეასრულოს წინასწარ ჩამოყალიბებული ბიზნესსტრატეგია და დააკმაყოფილოს ადეკვატური კორპორაციული მართვის სტანდარტები.
4. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაზომვის დროს მხედველობაში მიიღება ის საკომისიოები, რომელთა მიზანია მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება.
5. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება რამდენიმე ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორის ხორციელდება მათთან დაკავშირებული შესაბამისი საბაზისო აქტივების პროპორციულად.
6. აკრძალულია ინიციატორის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის საბაზისო აქტივების გადაცემა ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რაც განისაზღვრება ტრანზაქციის სრული ვადის ან, თუ ტრანზაქციის მოქმედების ვადა აღემატება 4 წელს, 4 წლის განმავლობაში ინიციატორის ბალანსზე შენარჩუნებულ შესადარის აქტივებზე მიღებულ ზარალთან შედარების მეთოდით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება, ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია, მათ შორის, განხორციელდეს მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნებით გარანტიის საფუძველზე ან სინთეტიკურად. ასეთ შემთხვევაში, ინიციატორმა/თავდაპირველმა კრედიტორმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მოცულობას, რომელსაც ითვალისწინებს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შერჩეული მეთოდი;
ბ) ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი ვალდებულია შეთავაზების დოკუმენტში, ემისიის პროსპექტში ან/და ტრანზაქციის სხვა დოკუმენტებში მკაფიოდ გაამჟღავნოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სეკიურიტიზაციის განმავლობაში მუდმივად შეინარჩუნებს მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს გარანტიის საფუძველზე ან სინთეტიკურად.
8. თუ მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს პირი, რომელიც არ არის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით, რომლებიც განთავსდება განცალკევებულ ანგარიშზე.
9. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ საბაზისო აქტივები არის ქვემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების მიმართ არსებული ან მათ მიერ სრულად, უპირობოდ და შეუქცევადად უზრუნველყოფილი მოთხოვნები:
ა) საქართველოს მთავრობა ან ეროვნული ბანკი;
ბ) განვითარებული ქვეყანა ან მისი ცენტრალური ბანკი;
გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტ