ამ წესის მიზნებისთვის, ამ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტებები

ა) ავიასაწარმო – საწარმო, რომელიც ახორციელებს საავიაციო პროდუქტების მიწოდებას და/ან რომელიც ასაქმებს, ან იყენებს იმ პირთა მომსახურებას, რომლებმაც უნდა განახორციელონ საავიაციო მოვლენის შეტყობინება ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

ბ) დაინტერესებული პირი/მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, სახელმწიფო უწყება, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში და რომელიც შედის დანართ №3-ში განსაზღვრული დაინტერესებული მხარეების რომელიმე კატეგორიაში;

გ) დეიდენტიფიკაცია – მიღებული შეტყობინებიდან მიმწოდებლის პირადი მონაცემების და იმ ინფორმაციის ამოღება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცნობილი გახდეს ინფორმაციის მიმწოდებლის ან მესამე მხარის ვინაობა;

დ) დეიდენტიფიცირებული ინფორმაცია – ნიშნავს ინფორმაციას, საავიაციო მოვლენის შეტყობინების შესახებ, საიდანაც ამოღებულია ყველა პერსონალური მონაცემი, როგორიცაა ფიზიკური პირების სახელები ან მისამართები;

ე) ევროპის რისკის კლასიფიკაციის  სქემა (ERCS)  – ნიშნავს მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო მოვლენის რისკის შესაფასებლად უსაფრთხოების რისკის  მაჩვენებელის სახით;

ვ) პირის ანონიმურობის უზრუნველყოფა/ანონიმიზაცია – ნიშნავს საავიაციო მოვლენის შეტყობინების ანგარიშებიდან ყველა პერსონალური მონაცემების ამოღებას, რომელიც ეხება შემტყობინებელს და საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოხსენიებულ პირებს, ასევე სხვა დეტალი, მათ შორის ავიასაწარმოს სახელი, რომელიც მონაწილეობს საავიაციო მოვლენაში, რამაც შეიძლება გამოავლინოს შემტყობინებელი პიროვნების  ან მესამე მხარის ვინაობა ან გამოიწვიოს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნებების ან ავიასაწარმოს დადგენა;

ზ) საავიაციო მოვლენა – საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის და/ან მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემების და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

შენიშვნა: შეტყობინების გაიოლების მიზნით და ამ წესის მიზნებისთვის საავიაციო მოვლენა ასევე მოიცავს უშიშროებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

თ) საბორტო თვითმწერი – ნებისმიერი თვითმწერი მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება სხ-ზე და წარმოადგენს დამატებითი ცნობების წყაროს საავიაციო მოვლენის მოკვლევის პროცესში;

ი) საკონტაქტო პირი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

შენიშვნა: ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ ქვეყნდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კ) სამართლიანი/არადამსჯელობითი გარემო – სამუშაო გარემოს კონცეფცია, როდესაც სამუშაოს შემსრულებელი ან სხვა პირი არ ისჯება იმ ქმედებისთვის (მათ შორის, უმოქმედობა ან სხვა გადაწყვეტილება), რომელიც შეესაბამება მის გამოცდილებასა და ცოდნას, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონდა უხეშ დაუდევრობას, განზრახ დარღვევას და დესტრუქციულ ქმედებას;

ლ) საფრთხე – ნიშნავს გარემოებას ან ობიექტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, აღჭურვილობის ან მისი სტრუქტურის დაზიანება, მოწყობილობის დაკარგვა ან განსაზღვრული ფუნქციის შესრულების უნარის დაქვეითება;

მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (მოკვლევის ბიურო) – უწყება, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას;

ნ) უსაფრთხოების რისკის მაჩვენებელი – ნიშნავს შემთხვევის რისკის კლასიფიკაციის შედეგს ორი ცვლადის სიმძიმისა და ალბათობის მნიშვნელობების გაერთიანებით;

ო) საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოვლენა – უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს  უშიშროების  დონის შემცირება,   საექსპლუატაციო რისკების ზრდა  ან  საფრთხე შეუქმნას მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, სახმელეთო პერსონალის და  ზოგადად მოსახლეობის უსაფრთხოებას ან მოვლენა  წარმოადგენს საავიაციო უშიშროების მოთხოვნების პოტენციურ დარღვევას.  აღნიშნული ითვალისწინებს  მოწყვლადობის  გამოვლენას ან მასზე დაკვირვებას, სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან დაცვის მიზნით;

პ) შემტყობინებელი – ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს საავიაციო მოვლენის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შეტყობინებას ამ წესის შესაბამისად;

ჟ) ERCS მატრიცა – ნიშნავს ცვლადებისაგან შემდგარ ბადეს, რომელიც შედგება ორი ცვლადის, სიმძიმის ხარისხისა და ალბათობისგან, რომელიც ემსახურება უსაფრთხოების რისკის მაჩვენებლის ასახვა