1. 23-ე ან 24-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მოთხოვნას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გადაწყვეტილების სრული ტექსტი;
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, სადაც ის არის გამოტანილი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუკი ამ სახელმწიფოს 57-ე მუხლის შესაბამისად არ აქვს მითითებული, რომ მისი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები ყოველთვის აკმაყოფილებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) თუ მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ იყო წარმოდგენილი სამართალწარმოების პროცესში იმ ქვეყანაში, სადაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, მაშინ, შესაბამისად, დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოპასუხე მხარე იყო სათანადო წესით გაფრთხილებული სასამართლო სხდომის გამართვისა და სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში, ან დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს სათანადოდ ეცნობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარედგინა საჩივარი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თანხა, რომელიც მართებს მოვალეს და ასევე ამ თანხის დაანგარიშების თარიღი;
ე) საჭიროებისას, იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ შესწორებას ინდექსაციით, დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესაბამისი დაანგარიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაცია;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ის დოკუმენტაცია, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფარგლებში მიიღო უფასო იურიდიული დახმარება განმცხადებელმა სახელმწიფოში, სადაც გადაწყვეტილებაა მიღებული.
2. 23-ე მუხლის (7) გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ან სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, ან შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი სრული სახით დაუყოვნებლივ უნდა იყოს წარდგენილი -
ა) თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობა შედგენილია III თავის შესაბამისად;
ბ) განმცხადებლის მიერ, იმ შემთხვევაში, როდესაც მან მოთხოვნა პირდაპირ წარადგინა თხოვნის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოში.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს 57-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინოს -
ა) რომ განცხადებას თან უნდა ახლდეს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომელიც დამოწმებული იქნება მისი გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ბ) გარემოებები, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სრული ტექსტის ნაცვლად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების ამონაწერის ან რეზიუმეს მომზადება, რომელიც შეიძლება მომზადდეს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ რეკომენდებული და გამოქვეყნებული ფორმით; ან
გ) რომ მის სახელმწიფოში არ არის საჭირო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილება