1. კანონის თანახმად კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები:
ა) კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება (გარდა ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებისა, რომლის დროსაც კომპენსაცია გაიცება მისი საშუალო თვიური ანაზღაურების პარლამენტის (უზენასი საბჭოს) წევრისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობამდე შევსების პრინციპით);
გ) პირის საქართველოდან მუდმივ საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ კომპენსაცია, უგრძელდებათ მისი მიღება 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, თუ არ დადგა კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ვ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლით კომპესაციის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დაკარგვა;
ზ) პირადი განცხადება;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
ი) სახელმწიფო პენსიის დანიშვნა;
კ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ლ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
2. შეჩერებული კომპენსაცია/სტიპენდიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდგომ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან