1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი  − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) მმართველობითი საბჭო – კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მმართველობითი საბჭო;

გ) დირექტორი − კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორი;

დ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით;

ე) სპეციალური ფუნქცია – საპენსიო ფონდის საინვესტიციო, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის ფუნქციები;

ვ) მემკვიდრე − კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მემკვიდრე;

ზ) გადასახდელი – საპენსიო ფონდის მართვის ჯამური ხარჯი, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი;

თ) საკომისიო – აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების საფასური;

ი) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი საშუალება (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც პირს საშუალებას აძლევს პირადად მისთვის მიწოდებული და განკუთვნილი ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა;

კ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

ლ) აქტიური ბაზარი – ბაზარი, რომელზეც აქტივზე გარიგებები იდება იმ სიხშირით და მოცულობით, რომ განგრძობითად მოიპოვება აქტივის ფასის შესახებ ინფორმაცია;

მ) ამორტიზებული ღირებულება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (შემდგომში – ფასს 9) შესაბამისად გამოთვლილი ამორტიზებული ღირებულება;

ნ) სამართლიანი ღირებულება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13-ის (შემდგომში – ფასს 13) შესაბამისად გამოთვლილი სამართლიანი ღირებულება;

ო) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;

პ) რისკის მიმართ ტოლერანტობა – თითოეული არსებითი რისკის მაქსიმალური აგრეგირებული მოცულობა, რომლის აღებაც შეუძლია საპენსიო ფონდს არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით;

ჟ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა − კანონი და მის საფუძველზე ეროვნული ბანკისა და საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

რ) საინვესტიციო სამსახური – საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ხელმძღვანელობას ექვემდებარება;

ს) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – ერთ-ერთი შემდეგი ფინანსური ინსტიტუტი:

ს.ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);

ს.ბ) აზიის განვითარების ბანკი (ADB);

ს.გ)  მსოფლიო ბანკი (WB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტები;

ს.დ) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB);

ს.ე) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB);

ს.ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC);

ს.ზ) ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO);

ს.თ) საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD);

ს.ი) ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“ (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დამხმარე ორგანიზაცია კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით);

ს.კ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);

ს.ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch) მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი AAA/Aaa საკრედიტო რეიტინგი;

ტ) მონაწილე − კანონით განსაზღვრული საპენსიო ფონდის მონაწილე, აგრეთვე პენსიის მიმღები, თუ შესაბამისი მუხლის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

საპენსიო ფონდის დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები, დირექტორების დანიშვნა და განთავისუფლე