წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისი მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას;
ბ) აკრედიტებული ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია;
გ) აკრედიტებული ტექნიკურ კომპეტენტურობაზე – ნიშნავს, რომ ლაბორატორია წარმოადგენს იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულს და იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად;
დ) აკრედიტებული ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე – ნიშნავს, რომ ლაბორატორია წარმოადგენს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციას, წარმოადგენს მესამე მხარეს, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად;
ე) მესამე მხარე – პირი, რომელიც აღიარებულია დამოუკიდებლად განასახილველ საკითხში მონაწილე მხარეებისაგან. მონაწილე მხარეები წარმოადგენენ მომწოდებლის, შემკვეთის (პირველი მხარე) და მომხმარებლის (მეორე მხარე) ინტერესებს;
ვ) ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელიც ტექნიკური ოპერაციებისა და დადგენილი პროცედურების მეშვეობით ადგენს პროდუქციის ან მასთან დაკავშირებული პროცესის ერთ ან რამდენიმე მახასიათებელს;
ზ) გამოცდა (ტესტირება) – ტექნიკური ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს მოცემული პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის განსაზღვრას დადგენილი პროცედურის მიხედვით;
თ) გამოცდის მეთოდი – გამოცდის ჩატარების დადგენილი ტექნიკური პროცედურა;
ი) გამოცდის ოქმი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გამოცდის შედეგებს და გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
კ) ანალიზური ლაბორატორია – ტესტირების ლაბორატორიის სახეობა, რომელიც ახდენს ნივთიერებათა ქიმიური შემადგენლობისა და ფიზიკო-ქიმიური თვისებების განსაზღვრას.;
ლ) დაკალიბრების ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელიც ადგენს გაზომვის საშუალების გაზომვის სტანდარტთან შესაბამისობას;
მ) გაზომვის საშუალებების დაკალიბრება – სამუშაოთა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მეტროლოგიური მახასიათებლების ნამდვილ მნიშვნელობათა და გაზომვათა საშუალებების ვარგისიანობის განსაზღვრა;
ნ) დაკალიბრების გაზომვის საშუალებები – ეტალონები და დამხმარე გაზომვის საშუალებები;
ო) დაკალიბრების ნიშანი – ნიშანი, დადებული გაზომვის საშუალებებზე, რომელიც ადასტურებს დაკალიბრების ჩატარების დადებით შედეგებს;
პ) მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელშიც ტარდება გაზომვის საშუალებათა ცდომილების განსაზღვრის სამუშაოები;
ჟ) გაზომვის საშუალებების დამოწმება – იმ ოპერაციების ერთობლიობა, რომელსაც ასრულებს მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიები გაზომვის საშუალებების დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისა და დადასტურების მიზნით;
რ) გამზომი ლაბორატორია – ტესტირების ლაბორატორიის სახეობა, რომელშიც ტარდება გაზომვები;
ს) გაზომვა – ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც სრულდება ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობის დასადგენად;
ტ) გაზომვათა მეთოდი – გაზომვათა პრინციპებისა და საშუალებების გამოყენების ხერხების ერთობლიობა;
უ) ლაბორატორიის შემოწმება გამოცდების ჩატარების ხარისხზე – ლაბორატორიის მიერ გამოცდების, გაზომვების, დამოწმების, დაკალიბრების ჩატარების უნარიანობის დადგენა ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოცდების მეშვეობით;
ფ) ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოცდები – მოცემული პირობების შესაბამისად, გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და შეფასება ორი ან მეტი ლაბორატორიის მიერ ერთნაირი ან მსგავსი საკონტროლო ნიმუშების გამოყენებით;
ქ) დასახელებული ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელიც აღიარებულია დადგენილი წესით ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოცდების ჩატარების შედეგების მიხედვით;
ღ) საინსპექციო კონტროლი – აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების განუწყვეტლად შესრულების მონიტორინგის მიზნით განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, გარდა განმეორებითი შეფასებისა;
ყ) ზედამხედველობა – განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, რომელიც მიმართულია ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეაგირებისათვის