1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე ინსტრუქციით სხვაგვარად არის განმარტებული.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) საპენსიო ფონდი ან ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი;
გ) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაწილის ან პენსიის მიმღების გვერდი, საიდანაც მონაწილეს/პენსიის მიმღებს აქვს წვდომა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, როგორც განმარტებულია კანონით;
დ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა;
ე) სტატისტიკური მონაცემები – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული მონაცემები;
ვ) წარმომადგენელი – მონაწილის, პენსიის მიმღების ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ზ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომელი;
თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;
ი) სამედიცინო დაწესებულება – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება;
კ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;
ლ) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი