1. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით მიღების მიზნით გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;

ბ) გარდაცვლილი მონაწილის დანაშთ ქონებაზე ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა;

გ) გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღების სურვილის შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში – საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მემკვიდრის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ღირებულების გადაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 3 (ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით მიღების მიზნით, მემკვიდრის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენელი ვალდებულია, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 3 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ მონაწილეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, თავისი წილი საპენსიო აქტივების მიღების მიზნით ყველა მემკვიდრე ვალდებულია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნ