1. პენსიის ან საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღების მიზნით, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან მათი წარმომადგენლის საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში, ამ თავის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი აწვდის განმცხადებელს ინფორმაციას პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების იმ ფორმების შესახებ, რომლებიდანაც შესაბამისი განმცხადებელი უფლებამოსილია კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად აირჩიოს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების ფორმა. აღნიშნულის შემდეგ, უფლებამოსილ თანამშრომელს ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში შეჰყავს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი შესაბამისი ინფორმაცია და მონაწილის / გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან წარმომადგენლის მიერ შერჩეული პენსიის ან საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღების ფორმა.

2. ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სათანადო ღილაკზე დაჭერის გზით ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირდება განცხადება, ამ ინსტრუქციით მოცემული შესაბამისი დანართის ფორმით. ელექტრონული სისტემის მიერ განცხადების გენერირების შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი ამობეჭდავს განცხადებას და გაცნობის მიზნით გადასცემს მონაწილეს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან წარმომადგენელს.

3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. ხოლო თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ შესაბამისი გაუქმების ბარათის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერას და აღნიშნული ბარათის საფუძველზე განცხადების გაუქმების ფაქტს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

4. მონაწილის, მონაწილის მემკვიდრის ან მათი წარმომადგენლის მიერ განცხადების ელექტრონულად ხელმოწერის შემთხვევაში განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო განცხადების მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას. მატერიალურად ხელმოწერილი განცხადება როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით ინახება საპენსიო ფონდში.

5. განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს სამახსოვრო ბარათს, რომ მონაწილის, ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილ იქნა პენსიის დანიშვნა ან საპენსიო აქტივების გადაცემა, ხოლო მემკვიდრის შემთხვევაში – მონაწილის მემკვიდრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილ იქნა საპენსიო აქტივების გადაცემა. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული სამახსოვრო ბარათის ამობეჭდვას, და მონაწილისთვის, მონაწილის მემკვიდრისთვის ან წარმომადგენლისთვის გადაცემას.

6. წინამდებარე ინსტრუქციის ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების ასახვას ელექტრონულ სისტემაში, ხოლო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ინახავს შემდგომი რეაგირების მიზნით.

7. ინსტრუქციის ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდისათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში და ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე მიიჩნევა საპენსიო ფონდის მიერ მიღებულად.

8. საპენსიო ფონდი პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის საკითხის განხილვას დაიწყებს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად  მიღების/ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან, ხოლო პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემა/გადახდა განხორციელდება პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების თარიღიდან კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან არასათანადოდ, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი განმცხადებლისათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე მოითხოვოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად ან/და სათანადოდ წარდგენა და აღნიშნულისათვის განსაზღვროს ვადა არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ოდენობით. ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო ფონდისათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, წარდგენილი დოკუმენტების სრულად და სათანადოდ განხილვის მიზნით, მოითხოვოს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენილი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა, საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის ან/და პირადად გამოცხადების გზით. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება სრულყოფილი და სათანადო დოკუმენტების წარდგენა, საპენსიო ფონდი განუხილველად დატოვებს პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ განცხადებას.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს  შედარებას და თუ შედარების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შედარების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში მონაწილეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და აღნიშნული თანხა რჩება პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

12. თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ:

ა) სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო ფონდი მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს ამ ინსტრუქციის შესაბამისად,  იმავე ფორმით, რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თავი IV

საპენსიო ასაკში პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემის წე