1. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით მონაწილე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან აღნიშნული ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:
გ.ა) ხელშეკრულება, სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც ნოტარიულად იქნება დამოწმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან ასეთი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მონაწილის საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების ოდენობის თანხის გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 1(ა)) და ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით მონაწილის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 1(ბ)) და ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნ