1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადრეული დაცვითი ღონისძიება − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს დაცვითი ღონისძიება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში და იყოს ეფექტიანი. უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი ღონისძიებებია ადგილის შეცვლა და იმ საკვების მოხმარების აკრძალვა გარკვეული დროით, რომელზეც, სავარაუდოდ, მოახდინა გავლენა რადიოაქტიურმა დაბინძურებამ;
ბ) ავარიული სიტუაციის დაგეგმვის ზონა − გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონა და გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის ზონა:
ბ.ა) გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონა − ზონა იმ დანადგარის ან ობიექტის გარშემო, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებები, დანადგარის ან ობიექტის გარეთ მძიმე დეტერმინირებული ეფექტების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ამ ზონაში დაცვითი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს რადიოაქტიური მასალის გამოთავისუფლებამდე ან რადიაციის გამოსხივებამდე, ან გამოთავისუფლებიდან ან რადიაციის გამოსხივებიდან მალევე დანადგარზე ან ობიექტზე არსებული მდგომარეობის საფუძველზე;
ბ.ბ) გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის ზონა − ზონა იმ დანადგარის ან ობიექტის გარშემო, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული დასხივების დოზები დანადგარის ან ობიექტის გარეთ, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ ზონაში დაცვითი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის ან, როდესაც ეს შესაძლებელია, დანადგარზე ან ობიექტზე არსებული მდგომარეობის საფუძველზე;
გ) ავარიული მზადყოფნა − იმ ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ქონებასა და გარემოზე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ეფექტიანი მიტიგაცია;
დ) ავარიული რეაგირება − გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციის მიზნით, შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ავარიული რეაგირება ასევე წარმოადგენს ნორმალური სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის განახლების საფუძველს;
ე) ავარიული სიტუაცია − მოულოდნელი შემთხვევა ან სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით;
ვ) არარადიოლოგიური შედეგი − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზეგავლენის მქონე ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის საპასუხო ზომების უარყოფითი ფსიქოლოგიური, სოციალური ან ეკონომიკური შედეგები;
ზ) ბირთვული ავარია − ნებისმიერი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ ან რადიაციულ დანადგართან ან საქმიანობასთან, რომლის შედეგადაც მოხდა ან შეიძლება მოხდეს რადიონუკლიდების გამოთავისუფლება, რასაც, რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჰქონდა ან შეიძლება ჰქონდეს ტრანსსასაზღვრო გავლენა სხვა სახელმწიფოზე;
თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიაზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას მუშაკის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია მოიცავს რადიოლოგიურ ინციდენტს, ავარიულ სიტუაციასა და ბირთვულ ავარიას;
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დაგეგმვის მანძილი − დაგეგმვის გაფართოებული მანძილი და საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილი:
ი.ა) დაგეგმვის გაფართოებული მანძილი − ზონა დანადგარის გარშემო, სადაც ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგი მონიტორინგი და დანადგარის გარეთ იმ ზონების იდენტიფიცირება, სადაც უნდა განხორციელდეს რეაგირების ზომები მნიშვნელოვანი რადიოაქტიური გამოთავისუფლების შემდგომ პერიოდში, რაც მოსახლეობაში სტოქასტური ეფექტების რისკს ეფექტიანად შეამცირებს;
ი.ბ) საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილი − ზონა დანადგარის გარშემო, სადაც ხორციელდება რეაგირების ეფექტიანი ზომები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების შემდეგ, რათა მოხდეს მოსახლეობაში სტოქასტური ეფექტების რისკის ეფექტიანად შემცირება და საკვების, რძისა და სასმელი წყლის განაწილების, გაყიდვისა და მოხმარების და ფართო მოხმარების საგნების გამოყენების შედეგად არარადიოლოგიური შედეგების შერბილება. გამონაკლისია ის საკვები, რომელიც, სავარაუდოდ, რადიოაქტიურად დაბინძურებულია მნიშვნელოვანი რადიოაქტიური გამოთავისუფლების გამო;
კ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია – ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ზონაში საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება;
ლ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაცია (შემდგომში − მიტიგაცია) – ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, შერბილება ან შეზღუდვა;
მ) ბირთვული და რადიოაქტიური დანადგარი (შემდგომში − დანადგარი) − მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განსახორცილებლად;
ნ) გადაუდებელი დაცვითი ღონისძიება − დაცვითი ღონისძიება, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომელიც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ (როგორც წესი, პირველი საათების ან დღის განმავლობაში) ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და რომელთა განხორციელების დაყოვნების შემთხვევაში ეფექტიანობა მკვეთრად შემცირდება. გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებებია: ფარისებრი ჯირკვლის იოდით გაჯერება (დანართ №1-ში - „იოდის დოზები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს“ მოცემული დოზების მიხედვით), ევაკუაცია, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა, საჭმლის მომნელებელი გზებით რადიონუკლიდების ორგანიზმში მოხვედრის შემცირების ღონისძიებები, ინდივიდების დეკონტამინაცია, სავარაუდოდ რადიოაქტიურად დაბინძურებული საკვების, რძის ან სასმელი წყლის მიღების პრევენცია;
ო) გამაფრთხილებელი გადაუდებელი დაცვითი ღონისძიება − გადაუდებელი ღონისძიება, რომელიც, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღება რადიოაქტიური მასალის გამოთავისუფლებამდე/რადიაციის გამოსხივებამდე ან გამოთავისუფლებიდან/რადიაციის გამოსხივებიდან მალევე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მძიმე დეტერმინირებული ეფექტი;
პ) დაცვა − დეტერმინირებული ეფექტის წარმოქმნის შეზღუდვა ცალკეული პირებისათვის დოზების შენარჩუნებით დადგენილ დოზურ ზღვარზე დაბლა და ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება სტოქასტური ეფექტის შემცირების მიზნით, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში;
ჟ) დაცვითი ღონისძიება − ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს ავარიული ან არსებული დასხივების სიტუაციაში წარმოქმნილი დოზის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად;
რ) დაცვის შიდა ზონა − პირველი მორეაგირეების მიერ შემოსაზღვრული ზონა რადიაციის პოტენციური საფრთხის გარშემო, სადაც ხორციელდება დაცვითი და რეაგირების სხვა ღონისძიებები, შესაძლო დასხივებისა და რადიოაქტიური დაბინძურებისაგან პირველი მორეაგირეებისა და მოსახლეობის დასაცავად;
ს) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომელიც ადგენს კონტროლის ზომების სიმკაცრესა და არსებულ პირობებს, კონტროლის დაკარგვისა და რისკის დონის ალბათობის შესაბამისად;
ტ) დეტერმინირებული ეფექტი − რადიაციული გამოსხივებისგან მიღებული კლინიკურად გამოვლენილი მავნე ბიოლოგიური ეფექტი, რომლისთვისაც არსებობს დოზის ზღვრული დონე და რომლის გადაჭარბების შემთხვევაში ეფექტი იზრდება დოზის მატებასთან ერთად;
უ) ევაკუაცია – ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს, ტერიტორიიდან ადამიანების გადაუდებელი დროებითი გადაადგილება ხანმოკლე დასხივების შემცირების ან თავიდან აცილების მიზნით;
ფ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – მუშაკის გარეგანი დასხივების, რადიოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრისა და კანის საფარის რადიოაქტიური დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებები;
ქ) რადიოლოგიური ინციდენტი − ნებისმიერი დაუგეგმავი შემთხვევა, ექსპლუატაციის დროს დაშვებული შეცდომა, დანადგარის გაუმართაობა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის წინამორბედი მოვლენები, ავარიულ სიტუაციასთან მიახლოებული ან სხვა გარემოებები, არასანქცირებული ქმედებები, მათ შორის, დანაშაულებრივი ან არადანაშაულებრივი ქმედება, რომლის რეალური და პოტენციური შედეგების უგულებელყოფა დაუშვებელია ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით;
ღ) მოსახლეობის დასხივება − ფიზიკური პირების დასხივება მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად, გარდა პროფესიული, სამედიცინო და ადგილობრივი ბუნებრივი ნორმალური ფონური გამოსხივებით განპირობებული დასხივებისა;
ყ) მძიმე დეტერმინირებული ეფექტი − ფატალური ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ეფექტი ან ისეთი ეფექტი, რომელიც იწვევს სიცოცხლის ხარისხის შემამცირებელ მუდმივი ხასიათის დაზიანებას;
შ) ოპერაციული კრიტერიუმი − გაზომვადი მნიშვნელობები ან განჭვრეტადი პირობები, რომლებიც გამოიყენება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს დაცვითი ან რეაგირების სხვა ღონისძიებების აუცილებლობის დასადგენად;
ჩ) პირველი მორეაგირეები − პირები, რომლებიც ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ახორციელებენ პირველად რეაგირებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ც) რადიაციული დაცვა − რადიოლოგიური შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
ძ) რეაგირების სხვა ღონისძიება − რეაგირების ნებისმიერი სხვა ღონისძიება, გარდა დაცვითი ღონისძიებისა;
წ) საფრთხის შეფასება − სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით ან მის გარეთ არსებულ დანადგარებთან, საქმიანობებთან ან წყაროებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასება, რომლის მიზანია:
წ.ა) იმ შემთხვევებისა და მათთან დაკავშირებული ზონების იდენტიფიცირება, რომლებთან დაკავშირებითაც შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს დამცავი ან რეაგირების სხვა ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოს ფარგლებში;
წ.ბ) იმ ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებიც ამგვარი შემთხვევის შედეგების შესარბილებლად იქნება ეფექტიანი;
ჭ) სტოქასტური ეფექტი − რადიაციული გამოსხივების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომლისთვისაც არ არსებობს დოზის ზღვრული დონე და რომლის წარმოქმნის ალბათობა დოზის პროპორციულია, ხოლო ბიოლოგიური ეფექტების გამოვლენის სიმძიმე არ არის დამოკიდებული დოზაზე. სტოქასტური ეფექტის შემთხვევაში, დოზის გაზრდასთან ერთად, იზრდება არა ბიოლოგიური ეფექტების სიმძიმე, არამედ მათი გამოვლენის ალბათობა (რისკი);
ხ) ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარია − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია, რომელსაც გააჩნია რეალური, პოტენციური ან აღქმული რადიოლოგიური მნიშვნელობა ერთზე მეტი სახელმწიფოსთვის. ტრანსეროვნული ავარია შეიძლება იყოს:
ხ.ა) რადიოაქტიური მასალის ტრანსასაზღვრო მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება;
ხ.ბ) ობიექტზე სხვა კატეგორიის საგანგებო სიტუაცია ან სხვაგვარი შემთხვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს რადიოაქტიური მასალის ტრანსსასაზღვრო მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება (ატმოსფეროში ან წყალში);
ხ.გ) დაკარგული ან უკანონოდ დაუფლებული საშიში წყაროს აღმოჩენა, რომლის ტრანსპორტირება მოხდა ან არსებობს ეჭვი, რომ მოხდა სახელმწიფო საზღვრის გავლით;
ხ.დ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია, რომლის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საერთაშორისო ვაჭრობასა და გადაადგილებას;
ხ.ე) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია, რომლის დროსაც საჭიროა დაცვითი ღონისძიებების მიღება უცხოელი მოქალაქეებისა და საელჩოების მიმართ;
ხ.ვ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს მძიმე დეტერმინირებული ეფექტები და დაკავშირებულია ისეთ შეცდომასა და პრობლემასთან (ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის), რამაც შესაძლოა, საერთაშორისო მასშტაბით სერიოზული გავლენა იქონიოს ბირთვულ უსაფრთხოებაზე;
ხ.ზ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ან შეიძლება, მოჰყვეს ერთზე მეტი სახელმწიფოს მოსახლეობის შეშფოთება რეალური ან აღქმული რადიოლოგიური საშიშროების გამო;
ჯ) ტრანსსასაზღვრო მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება − გარემოში რადიოაქტიური მასალის გამოთავისუფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზები ან რადიოაქტიური დაბინძურების დონე ეროვნული საზღვრის გარეთ, რაც აჭარბებს დამცავი და რეაგირების სხვა ისეთი ღონისძიებების ზოგად კრიტერიუმებს, როგორიცაა საკვების ან ვაჭრობის შეზღუდვა;
ჰ) ძირითადი კრიტერიუმი − პროგნოზირებული ან მიღებული დოზების დონეები, რომელთა დროსაც უნდა იქნეს მიღებული დაცვითი ან რეაგირების სხვა ღონისძიებები.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში.
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის სახეები, ამგვარ სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა და ავარიული მზადყოფნის კატეგორიე