1. განმცხადებლის მიერ თითოეული უცხოური პრინციპალის რეგისტრაციის დროს წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დანართები:
ა) პირველადი განცხადების ფორმა – ამ წესით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია უცხოური პრინციპალის შესახებ – ამ წესით დამტკიცებული დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ინფორმაცია განმცხადებელსა და თითოეულ უცხოურ პრინციპალს შორის შეთანხმებისა და თანამშრომლობის შესახებ, ასეთი შეთანხმების შესრულებასთან ან თანამშრომლობის ბუნებასთან და მეთოდებთან დაკავშირებით; აგრეთვე, ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან განახორციელებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, მათ შორის, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუკი ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელება მოიცავს კანონის პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობას – ამ წესით დამტკიცებული დანართი №3-ის შესაბამისად.
2. ნებისმიერი შემდგომი ცვლილება დანართ №2 და დანართ №3-ში ბიუროს ეცნობება, ასეთი ცვლილების დადგომიდან 10 დღის ვადაში ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. ბიურო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს №2 და №3 დანართების ხელახლა წარდგენა.
3. თუ განმცხადებელი არის იურიდიული პირი, მათ შორის, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა სხვა ნებისმიერი გაერთიანება, ინფორმაცია ბიუროს წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №4-ის შესაბამისად.
4. თუ განმცხადებელი იღებს ან უზრუნველყოფს შემოწირულებების, სესხების, ფულადი სახსრების ან სხვა მატერიალური ფასეულობების მიღებას ან შეგროვებას, როგორც სახსრების მოზიდვის კამპანიის ნაწილს მისი უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, ბიუროს ინფორმაცია წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად. მასში აისახება ინფორმაცია მიღებული ან შეგროვებული ფულადი სახსრების ოდენობის ან მატერიალური ფასეულობის ღირებულების შესახებ, აგრეთვე, იმ პირთა სახელები და მისამართები, ვისგანაც მიღებული ან შეგროვებული იქნა ფული ან მატერიალური ფასეულობა. ასევე, უცხოური პრინციპალისთვის გადაცემული ფულის ოდენობა ან ნივთის აღწერა, გადაცემის ფორმისა და დროის მითითებით.
5. განმცხადებლის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაითვალოს სრულად ან ნაწილობრივ კონფიდენციალურად. აღნიშნული განმცხადებელს არ ათავისუფლებს ამგვარი ინფორმაციის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულებისგან.
6. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული 60-დღიანი პერიოდი მოიცავს განმცხადებლისთვის რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობამდე ბოლო 60 დღე