1. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს, რომლის სასარგებლოდაც წარდგენილია ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნა, გარდა კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან ავტომატურად გათავისუფლდება დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აკრედიტებულად ჩაითვლება კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სათანადო აკრედიტაცია გულისხმობს, რომ დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
3. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისების გავრცელების საფუძველია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება.
4. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება პირი, რომელიც კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობასთან, სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით − ჩართულია ან თანხმდება, ჩაერთოს მხოლოდ:
4.1. კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად. ტერმინი ვაჭრობა გულისხმობს ნებისმიერი სახის საქონლის, მომსახურების ან ქონების გაცვლას, გადაცემას, შეძენას ან გაყიდვას;
4.2. საქმიანობაში, რომელიც უპირატესად არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს;
4.3. საქმიანობაში, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და არ ეწინააღმდეგება მათ.
5. უცხოური პრინციპალის აგენტის საქმიანობა, როგორც ეს განსაზღვრულია კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, ამ უცხოური პრინციპალის კეთილსინდისიერი ვაჭრობის, კომერციის, ტურიზმის ან რეკრეაციული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა განიხილებოდეს, როგორც „კერძოსამართლებრივი ურთიერთობა“, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური პრინციპალი ეკუთვნის უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ან კონტროლდება მის მიერ, მანამ სანამ ეს საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უწყობს ხელს უცხო ქვეყნის ხელისუფლების საზოგადოებრივ ან/და პოლიტიკურ ინტერესებს.
6. პირი, რომელიც ეწევა საქმიანობას უცხო ქვეყნის კორპორაციის სახელით, მიუხედავად უცხო ქვეყნის ხელისუფლების მიერ მისი მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობისა, არ ჩაითვლება უპირატესად უცხო ქვეყნის ინტერესის შესაბამისად მოქმედად, როდესაც მისი აქტივობები უშუალოდ ემსახურება უცხოური კორპორაციის კეთილსინდისიერ კომერციულ, სამრეწველო, ფინანსურ, ტურისტულ ან რეკრეაციულ ბიზნესოპერაციებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი აქტივობები რაიმე ფორმით მართულია უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ ან ექვემდებარება მის გავლენას და პირდაპირ ან არაპირდაპირ უწყობს ხელს უცხოური მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ინტერესებს.
7. კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ გავრცელდება მასში მითითებულ არცერთ პირზე, თუ ის ეწევა კანონის პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობას.
8. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც საქართველოს სასამართლოების ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების წინაშე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს უცხოური პრინციპალის წარმომადგენლობას სამართალწარმოების ფარგლებში იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ მოიცავს:
8.1. საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაზე გავლენის მოხდენას ან მისი პერსონალის ან თანამდებობის პირების დარწმუნებას, მაშინ როდესაც ასეთი ქმედება არ გამომდინარეობს სამართალწარმოების მიზნებიდან;
8.2. პოლიტიკურ საქმიანობას.
9. კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ითხოვს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ბიურო, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლობისტად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მტკიცებულებას (prima facie). კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ლობისტური საქმიანობის განხორციელების საბოლოო ბენეფიციარი არის უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოური პოლიტიკური პარტია ან ლობისტური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ლობისტად რეგისტრაციის მიუხედავად, პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ.
10. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მიიღოს გადაწყვეტილება კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან პირის გათავისუფლების თაობაზე, კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისა