1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო გრანტი – საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
ა.ა) მცირე გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობა და ბიუჯეტი არ აღემატება 100,000 ლარს;
ა.ბ) ინსტიტუციური განვითარების გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და ბიუჯეტი არ აღემატება 700,000 ლარს;
ა.გ) დამატებითი გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის შედეგად დადებული საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების დადგენისა და აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შემთხვევაში, საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით. დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს;
ა.დ) თანადაფინანსებითი გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც საჯარო კონკურსის გარეშე გაიცემა საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ განმცხადებელს იმავე პრიორიტეტული მიმართულებისა ან/და მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გააჩნია საგრანტო განაცხადის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო გრანტის ოდენობა არ აღემატება 700,000 ლარს;
ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება;
გ) სამოქალაქო ინიციატივა – საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი, რომელიც შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან/და მიზნობრივ პროგრამებს და მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ზემოქმედებას ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე;
დ) სახელმწიფო გრანტის გამცემი – სააგენტო;
ე) თანადამფინანსებელი – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრანტის გამცემისა და განმცხადებლისა, რომელიც სულ მცირე 50%-ით თანამონაწილეობს საგრანტო განაცხადის განხორციელებაში;
ვ) განმცხადებელი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც საგრანტო განაცხადით მიმართა სააგენტოს, სახელმწიფო გრანტის მიღების თაობაზე;
ზ) სახელმწიფო გრანტის მიმღები – საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება;
თ) საჯარო კონკურსი – შერჩევის პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებული საგრანტო განაცხადის/განაცხადების გამოვლენას;
ი) პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები;
კ) საგრანტო განაცხადი – ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებებისა ან/და მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში წარდგენილი სამოქალაქო ინიციატივა, სახელმწიფო გრანტის მიღების მიზნით;
ლ) საგრანტო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო პროექტს.
მ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამის სფეროში სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;
ნ) საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო (შემდგომში
– საბჭო) – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო განაცხადების შეფასებას, სახელმწიფო გრანტის მიმღების გამოვლენასა და სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;
ო) შეფასების ფურცელი – სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საგრანტო განაცხადის შეფასების ფორმა;
პ) საგრანტო ხელშეკრულება – სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება;
ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და სრულად შესრულების მონიტორინგი;
რ) მიმდინარე მონიტორინგი – საგრანტო პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმება და შეფასება;
ს) საბოლოო მონიტორინგი – საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ საგრანტო ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების შემოწმება და შეფასება;
ტ) შესრულების შინაარსობრივი ანგარიში – სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის შინაარსობრივი შესრულების შესახებ ინფორმაციას ან/და თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაციას;
უ) შესრულების ფინანსური ანგარიში – სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ, საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
ფ) შუალედური ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების შუალედური შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში;
ქ) საბოლოო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების საბოლოო შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში.
2. ამ წესში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა