აღსრულების სახელმწიფომ არ უნდა გაათავისუფლოს პირი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის ვადის ამოწურვამდე.
მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის ნებისმიერი შემცირების შესახებ და ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირის მოსმენის შემდეგ.
როდესაც პირი მოიხდის სასჯელის ორ მესამედს, ან 25 წელს უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადასინჯოს სასჯელის ზომა იმის დასადგენად, უნდა შემცირდეს თუ არა იგი. ასეთი გადასინჯვა არ უნდა ჩატარდეს ამ დრომდე.
მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადასინჯვისას, სასამართლოს შეუძლია შეამციროს სასჯელი, თუ დაადგენს, რომ არსებობს შემდეგი ფაქტორებიდან ერთი ან მეტი:
პირის თავდაპირველი და მუდმივი მზადყოფნა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მის გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაში;
სხვა საქმეებში სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების აღსრულების უზრუნველსაყოფის მიზნით პირის ნებაყოფლობითი დახმარება და, განსაკუთრებით, დახმარების გაწევა ჯარიმის, ქონების ჩამორთმევის ან რეპარაციის ბრძანებებს დაქვემდებარებული აქტივების მოძიებაში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაზარალებულთა სასარგებლოდ; ან
სხვა ფაქტორები, რომლებიც ადასტურებენ გარემოებების აშკარა და მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც საკმარისია სასჯელის შემცირების დასაბუთებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“.
თუ სასამართლო, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავდაპირველი გადასინჯვისას დაადგენს, რომ მიზანშეწონილი არ არის სასჯელის შემცირება, შემდგომში მან სასჯელის შემცირების საკითხი უნდა განიხილოს ისეთი ინტერვალებით და ისეთი კრიტერიუმების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით