იქმნება წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა. თითოეულ მხარე სახელმწიფოს ასამბლეაში ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება ახლდეს ალტერნატიული წარმომადგენლები და მრჩევლები. სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას ან დასკვნით აქტს, ასამბლეაში შეიძლება იყვნენ დამკვირვებლები.
ასამბლეა:
განიხილავს და ამტკიცებს, საჭიროების შესაბამისად, მოსამზადებელი კომისიის რეკომენდაციებს;
სასამართლოს პრეზიდიუმს, პროკურორს და რეგისტრატორს, სასამართლოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელობითი ზედამხედველობით;
განიხილავს მე-3 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ბიუროს ანგარიშებსა და საქმიანობას და იღებს შესაბამის ზომებს მათთან დაკავშირებით;
განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს ბიუჯეტზე;
იღებს გადაწყვეტილებას, 36-ე მუხლის შესაბამისად, შეცვალოს თუ არა მოსამართლეთა რაოდენობა;
87-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, განიხილავს თანამშრომლობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს;
ასრულებს წინამდებარე წესდებასთან ან „პროცედურისა და მტკიცებულების წესებთან“ შესაბამის ნებისმიერ სხვა ფუნქციას;
ასამბლეას ჰყავს ბიურო, რომელიც შედგება პრეზიდენტის, ორი ვიცე-პრეზიდენტისა და ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით არჩეული 18 წევრისგან.
ბიუროს აქვს წარმომადგენლობითი ხასიათი, განსაკუთრებით, სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების ადეკვატური წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
ბიურო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში სულ მცირე ერთხელ. ის ასამბლეას ეხმარება მისი მოვალეობების შესრულებაში.
ასამბლეას შეუძლია, საჭიროებისამებრ, შექმნას დამხმარე ორგანოები, მათ შორის სასამართლოს ინსპექტირების, შეფასებისა და გამოძიების დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი, მისი ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გასაძლიერებლად.
სასამართლოს პრეზიდენტს, პროკურორს და რეგისტრატორს ან მათ წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასამბლეისა და ბიუროს სხდომებში.
ასამბლეა იკრიბება წელიწადში ერთხელ, სასამართლოს განლაგების ადგილზე ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში და, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, ატარებს სპეციალურ სესიებს. თუ წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალურ სესიებს იწვევს ბიურო საკუთარი ინიციატივით ან მხარე სახელმწიფოთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
თითოეულ მხარე სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა. მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ასამბლეასა და ბიუროში გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კონსენსუსით. თუ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა დამტკიცდეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით იმ პირობით, რომ კენჭისყრისთვის კვორუმს წარმოადგენს მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა;
პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების მარტივი უმრავლესობით.
მხარე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს სასამართლოს ხარჯების დასაფარად ფინანსური შენატანების გადახდის დავალიანება, არ ექნება ხმის მიცემის უფლება ასამბლეასა და ბიუროში, თუ მისი დავალიანების რაოდენობა ტოლია ან აღემატება წინა ორი სრული წლის განმავლობაში მის მიერ გადასახდელი შენატანების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, ასამბლეას შეუძლია ასეთ მხარე სახელმწიფოს დართოს ასამბლეასა და ბიუროში ხმის მიცემის უფლება, თუ იგი დარწმუნდება, რომ გადაუხდელობა გამოწვეულია მხარე სახელმწიფოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით.
ასამბლეა ამტკიცებს საკუთარ რეგლამენტს.
ასამბლეის ოფიციალური და სამუშაო ენებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ენები.
ნაწილი 12. დაფინანსე