1. აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე ელემენტების დასატანად კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების შემუშავებისას, ურთიერთკავშირი ელემენტებს, მათ ატრიბუტებს შორის, საწყისი სივრცული გეომეტრია და სათანადო ტოპოლოგიური თანაფარდობა განისაზღვრება გამოყენების სქემით. ინფორმაცია უნდა გამოისახოს დადგენილი წესების მოთხოვნების საფუძველზე. მოთხოვნები გამოსახვის მიმართ და გამოსახვის წესები არ წარმოადგენს მონაცემთა ნაკრების ნაწილს. გამოსახვის წესები მოცემულია გამოსახვის წესების კატალოგში, სადაც მიეთითება გამოსახვის მიმართ ცალკეული მოთხოვნები.
შენიშვნა: ISO 19117 სტანდარტი მოიცავს იმ სქემის განმარტებას, რომელიც აღწერს გეოგრაფიული ინფორმაციის ელემენტების გამოსახვის მექანიზმს, ხოლო ISO 19109 სტანდარტი მოიცავს წესებს გამოყენებული სქემის მიმართ. სივრცული გეომეტრია და შესაბამისი ტოპოლოგიური თანაფარდობა განსაზღვრულია ISO 19107 სტანდარტით.
2. ელემენტების გამოსახვის მიზნით გამოყენებული პირობითი ნიშნები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესის მე-16 მუხლის და ამ წესის №2 დანართის (რუკების პირობითი ნიშნები) მოთხოვნებთან.
3. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული რელიეფის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს რელიეფის შესახებ, რომელიც შეესაბამება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. რელიეფის გამოსახული ელემენტები უზრუნველყოფენ რელიეფის ზოგად, რეალურ ასახვას. აღნიშნული მიიღწევა რელიეფის გამოსახვით მისი შემაღლებების მნიშვნელობების უწყვეტი თანამიმდევრობით განსაზღვრული ბადის ყველა კვეთის წერტილში, რომელსაც ასევე ეწოდება რელიეფის ციფრული მოდელი (DEM).
შენიშვნა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის და ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) მე-5 თავის და 1-ელი და მე-8 დამატებების შესაბამისად, მე-2 რაიონის შემაღლების ციფრული მოდელი (DEM) წარმოადგენს ბადეს, რომლის ხაზებს შორის ინტერვალები შეადგენს 1 კუთხურ წამს (დაახლოებით 30 მ-ს).
5. რელიეფის ზედაპირი შემაღლების ციფრულ მოდელთან (DEM) ერთად უნდა გამოისახოს კონტურული ხაზების შერჩეული დონეების სახით.
6. შემაღლების ციფრული მოდელის (DEM) გასაუმჯობესებლად გამოიყენება ორთოგონალური დაზუსტებული გამოსახულება, რომელიც უზრუნველყოფს შემაღლების ციფრული მოდელის ელემენტების შეთავსებას დადებული გამოსახულების ელემენტებთან. აღნიშნული გამოსახულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ცალკეული შერჩეული დონე.
7. რელიეფის გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) ბადის გადაკვეთის წერტილების ადგილმდებარეობას ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით და ამ გადაკვეთის წერტილების შემაღლებებით;
ბ) ზედაპირის ტიპს;
გ) კონტურული ხაზის სიდიდეს, თუ გათვალისწინებულია;
დ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების და სხვა მნიშვნელოვანი ტოპოგრაფიული ელემენტების დასახელებას.
8. რელიეფის გამოსახულ ელემენტებს უნდა დაუკავშირდეს რელიეფის სხვა ატრიბუტები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და მოცემულია მონაცემთა ბაზაში (ბაზებში).
შენიშვნა: რელიეფის ატრიბუტებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) მე-6 დანართის A6-1-ში ცხრილში.
9. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული დაბრკოლებების ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს დაბრკოლებების შესახებ, რომელიც შეესაბამება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
10. ყოველი დაბრკოლება გამოისახება შესაბამისი პირობითი ნიშნით და დაბრკოლების იდენტიფიკატორით.
11. დაბრკოლებების გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) ადგილმდებარეობას ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით და შესაბამისი შემაღლებით;
ბ) დაბრკოლების ტიპს;
გ) დაბრკოლების ზომას, აუცილებლობისას.
12. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრული დაბრკოლებების სხვა ატრიბუტები, რომელიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში (ბაზებში) დაკავშირებული უნდა იყოს დაბრკოლებების გამოსახულ ელემენტებთან.
13. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული აეროდრომის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება მონაცემებს აეროდრომის შესახებ.
14. შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით გამოისახება აეროდრომის შემდეგი ელემენტები:
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილი;
ბ) ადზ, ციფრული აღნიშვნით და, თუ არსებობს, დამუხრუჭების ბოლო ზოლი და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი;
გ) სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, დიდი ნაგებობები და აეროდრომის სხვა გამორჩეული ელემენტები.
15. აეროდრომის გამოსახული ელემენტები უკავშირდება მონაცემთა ბაზ(ებ)ის შემდეგ შესაბამის ატრიბუტს (ნიშანს):
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიულ კოორდინატებს;
ბ) აეროდრომის მაგნიტურ დახრილობას, ინფორმაციის წელს და მის ყოველწლიურ ცვლილებას;
შენიშვნა: მაგნიტური დახრილობა შესაძლოა მონაცემთა ბაზით დაუკავშირდეს აეროდრომის საკონტროლო წერტილს.
გ) ადზ-ის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სიგრძესა და სიგანეს;
დ) ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის ტიპს;
ე) ადზ-ის მაგნიტურ პელენგს, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ვ) ადზ-ის თითოეული ბოლოს, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის შემაღლებას, ასევე ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის დახრის მკვეთრი ცვლილების ყოველ წერტილს;
ზ) ადზ-ის თითოეული მიმართულებისთვის გამოცხადებული მანძილები ან შემოკლებული აღნიშვნა NU (not usable), როდესაც ადზ-ის რომელიმე მიმართულება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ასაფრენად ან დასაფრენად ან ორივე შემთხვევაში.
16. სანავიგაციო საშუალების ელემენტი, რომელიც განთავსებულია კარტოგრაფირების არეალში, გამოისახება შესაბამისი პირობითი აღნიშვნით.
შენიშვნა: სააერნაოსნო საშუალებების ელემენტების ატრიბუტები შეიძლება დაკავშირებული იყოს მონაცემთა ბაზ(ებ)ის სააერნაოსნო საშუალებების გამოსახულ ელემენტებთან