1. რისკის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი რისკის ოფიცერი.

2. რისკის მართვის სამსახური სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად საპენსიო ფონდის რისკის მართვას.

3. საპენსიო ფონდში რისკის მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურული ერთეული, საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევი რისკების მართვაზე;

ბ) რისკის მართვის სამსახურის ფუნქცია მოიცავს რისკის ამღები სტრუქტურული ერთეულების ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში და მათი ქმედებების საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

4. საპენსიო ფონდის რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი რისკის ოფიცერი, გენერალურ დირექტორთან და რისკის კომიტეტთან კონსულტაციით.

5. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობის რისკების მართვაზე. რისკების მართვა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და შეფასების, აღმოფხვრისა და კონტროლის, რისკის მონიტორინგისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების განსაზღვრასა და გაუმჯობესებას.

6. რისკის მართვის სამსახური ვალდებულია განახორციელოს საპენსიო ფონდის რისკის მართვა და ამ ფუნქციის განსახორციელებლად:

ა) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება (მათ შორის, ბიზნესის უწყვეტობასთან მიმართებით) და უწყვეტი გაძლიერება, რაც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, რაოდენობრივი გაზომვის, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებას და ანგარიშგებას ისე, რომ საპენსიო ფონდის რისკების მართვის შესაძლებლობები იყოს მტკიცე და ეფექტიანი საპენსიო ფონდის მიერ რისკის აღების ფუნქციების განხორციელებაში;

ბ) უნდა ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისთვის, და მიიღოს ინფორმაცია იმ ყველა ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელებელი სხვა პირების მიერ;

გ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად შეიმუშაოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, წესები და პროცედურები და მონიტორინგი გაუწიოს მათ განხორციელებას;

ე) მიიღოს მონაწილეობა რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავების პროცესში;

ვ) უზრუნველყოს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების/პროცესების შემუშავება და დანერგვა რისკის მართვის სამსახურში;

ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს რეკომენდაციები;

თ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საპენსიო ფონდის კიბერუსაფრთხოება და საინფორმაციო უსაფრთხოება;

ი) უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვის პროცესის მონიტორინგი;

კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.

7. საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტი უნდა შეფასდეს, შემოწმდეს და იმართებოდეს ისე, რომ არ დაირღვეს საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტი, რომელიც დადგენილია მმართველობითი საბჭოს მიერ. მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია, რისკის აპეტიტის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მმართველობით საბჭოს, რისკის კომიტეტსა და გენერალურ დირექტორს.

8. მთავარი რისკის ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

9. მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის