1. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.
2. საინვესტიციო სამსახურის ფუნქციები, სხვა საკითხებთან ერთად და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს ინვესტიციების მართვას, საინვესტიციო ოპერაციებს, საინვესტიციო კვლევას და საინვესტიციო პორტფელის რისკების ანალიზს.
3. საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.
4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების მართვაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო პროცესებიდან წარმოქმნილი რისკების მართვაზე, საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი:
ა) უფლებამოსილია საპენსიო ფონდის სახელით მიიღოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, სავაჭრო გარიგებები და წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან საინვესტიციო გარიგებების, გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის განსახორციელებლად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ფარგლებში;
ბ) მმართველობითი საბჭოს მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია მისცეს დავალებები/ინსტრუქციები სპეციალიზებულ დეპოზიტარს;
გ) მონაწილეობას იღებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;
დ) შეიმუშავებს და საინვესტიციო სამსახურში ნერგავს შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებსა და პროცესებს;
ე) უფლებამოსილია, მოამზადოს და წარუდგინოს სქემის მონაწილეებს, მედიასა და ეროვნულ ბანკს რეგულარული სიახლეები საინვესტიციო შედეგების შესახებ;
ვ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით და საინვესტიციო კომიტეტისა და მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;
ზ) ახორციელებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
6. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ.
7. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.
8. საინვესტიციო სამსახური უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლას საპენსიო ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
9. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის