1. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად უნდა გადაეცეს კერძო სამართლის უნიფიცირების საერთაშორისო ინსტიტუტს (UNIDROIT), რომელიც ინიშნება დეპოზიტარად.
2. დეპოზიტარი:
ა) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აწვდის ინფორმაციას:
ა.ა) ყოველი ახალი ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის მიღების თაობაზე, შესაბამისი თარიღის მითითებით;
ა.ბ) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
ა.გ) ამ კონვენციის საფუძველზე გაკეთებული ყოველი დეკლარაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით;
ა.დ) დეკლარაციის ცვლილების ან უკან გამოხმობის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით; და
ა.ე) ამ კონვენციის დენონსაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით, ამგვარი დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღთან ერთად;
ბ) ამ კონვენციის ნამდვილ, დამოწმებულ ასლს უგზავნის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს;
გ) საზედამხედველო ორგანოსა და რეგისტრატორს აწვდის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ასლს, მათი დეპოზიტარისათვის გადაცემის თარიღის მითითებით, ყოველი დეკლარაციის, დეკლარაციის ცვლილების ან მისი უკან გამოხმობის შესახებ დოკუმენტის და დენონსაციის თაობაზე შეტყობინების ასლს, მათი მიღების თარიღის მითითებით, ისე რომ მათში არსებული ინფორმაცია იყოს მარტივად და სრულად ხელმისაწვდომი;
დ) ასრულებს დეპოზიტართა სხვა ჩვეულ ფუნქციებს.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერმა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რომლებიც სათანადო წესით არიან უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 16 ნოემბერს, ერთადერთ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია და ასეთ ავთენტურობას იძენს აქ მითითებული თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, კონფერენციის პრეზიდენტის უფლებამოსილების ქვეშ კონფერენციის ერთობლივი სამდივნოს მიერ მათი ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.
მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის
ოქმი
საავიაციო მოწყობილობების თაობაზე
ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,აუცილებლად მიიჩნევენ რა უზრუნველყონ მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის (შემდგომში – „კონვენცია“) შესრულება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საავიაციო მოწყობილობებს, კონვენციის პრეამბულაში გადმოცემული მიზნების გათვალისწინებით,ითვალისწინებენ რა, რომ აუცილებელია კონვენციის ადაპტაცია საჰაერო ხომალდის დაფინანსებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით და კონვენციის გამოყენების სფეროს გაფართოება, რათა მან მოიცვას საავიაციო მოწყობილობების ნასყიდობის ხელშეკრულებები,ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილი კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს,თანხმდებიან ქვემოთ მოყვანილ დებულებებზე, რომლებიც შეეხება საავიაციო მოწყობილობებს:
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი I. განსაზღვრებანი
1. ამ ოქმში გამოყენებულ ტერმინებს, თუ გარემოებები სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვს კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. ამ ოქმში მოცემული ქვემორე ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
ა) „საჰაერო ხომალდი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდს, როგორც ეს განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მიზნებისთვის და წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს მასზე დამონტაჟებული საავიაციო ძრავებით ან ვერტმფრენს;
ბ) „საავიაციო ძრავა“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ძრავას (გარდა ძრავებისა, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო ან საპოლიციო სამსახურების მიერ), რომელიც მოძრაობაში მოდის რეაქტიული ჭავლით ან რომელიც იყენებს ტურბინის ან დგუშის ტექნოლოგიას და:
i) რეაქტიული საავიაციო ძრავის შემთხვევაში აქვს არანაკლებ 1750 ფუნტის ან სხვა ერთეულში გამოხატული ეკვივალენტური სიდიდის წევა; და
ii) ტურბინის ან დგუშის საავიაციო ძრავის შემთხვევაში აქვს არანაკლებ 550 ცხენის ძალის ან სხვა ერთეულში გამოხატული ეკვივალენტური სიდიდის ნომინალური ასაფრენი სიმძლავრე, ყველა მოდულთან და სხვა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებთან და მოწყობილობებთან, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსთან და ჩანაწერთან ერთად;
გ) „საავიაციო ობიექტი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს, საავიაციო ძრავს და ვერტმფრენს;
დ) „საჰაერო ხომალდების რეესტრი“ აღნიშნავს რეესტრს, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ან ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო, ჩიკაგოს კონვენციის მიზნებისთვის;
ე) „საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს (გარდა საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟისა, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო ან საპოლიციო სამსახურების მიერ), რომელზეც, თუ მასზე დამონტაჟებულია საავიაციო ძრავები, კომპეტენტური საავიაციო სახელისუფლებლო ორგანოს მიერ გაცემულია ტიპის სერტიფიკატი, რათა:
i) გადაყვანილ იქნეს სულ მცირე 8 (რვა) პირი, ეკიპაჟის ჩათვლით; ან
ii) გადაზიდულ იქნეს 2750 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთი,ყველა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებსა და მოწყობილობასთან (გარდა საავიაციო ძრავებისა), აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსა და ჩანაწერთან ერთად;
ვ) „უფლებამოსილი მხარე“ აღნიშნავს XIII მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებულ მხარეს;
ზ) „ჩიკაგოს კონვენცია“ აღნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილ კონვენციას, მასში შეტანილ ცვლილებებთან და მის დანართებთან ერთად;
თ) „ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო“ აღნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აწარმოებს რეესტრს ჩიკაგოს კონვენციის 77-ე მუხლის შესაბამისად, და რომელიც პასუხობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს 1967 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციას იმ საჰაერო ხომალდის ეროვნულობისა და რეგისტრაციის თაობაზე, რომლის ექსპლუატაციას ახორციელებს საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოები;
ი) „საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღება“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ამოღებას საჰაერო ხომალდების რეესტრიდან, ჩიკაგოს კონვენციის თანახმად;
კ) „ხელშეკრულება გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ“ აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომელსაც პირი დებს, როგორც გარანტორი;
ლ) „გარანტორი“ აღნიშნავს პირს, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულების მიზნით, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემს თავდებობას ან იძლევა გარანტიას პირველი მოთხოვნისთანავე, წარადგენს სარეზერვო აკრედიტივს ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტს კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე;
მ) „ვერტმფრენი“ აღნიშნავს ჰაერზე უფრო მძიმე საფრენ აპარატს (გარდა სამხედრო, საბაჟო და საპოლიციო სამსახურების მიერ გამოყენებული ვერტმფრენებისა), რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მდებარე, ერთი ან მეტი მბრუნავი ხრახნ(ებ)ით წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით, და რომელსაც გააჩნია კომპეტენტური საავიაციო სახელისუფლებლო ორგანოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი, რათა:
i) გადაყვანილ იქნეს სულ მცირე 5 (ხუთი) პირი, ეკიპაჟის ჩათვლით; ან
ii) გადაზიდულ იქნეს 450 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთი,ყველა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებსა და მოწყობილობასთან (ხრახნების ჩათვლით), აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსა და ჩანაწერთან ერთად;
ნ) „გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა“ აღნიშნავს:
i) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას; ან
ii) მოვალის მიერ გადახდების შეჩერების თაობაზე განზრახვის გაცხადებას ან მის მიერ გადახდების ფაქტობრივ შეჩერებას, თუ კრედიტორის უფლება, მოითხოვოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ან ისარგებლოს კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებებით, შეუძლებელია განხორციელებულ იქნეს ან მისი განხორციელება შეჩერებულია კანონის ან სახელმწიფოს მოქმედების საფუძველზე;
ო) „გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანა“ აღნიშნავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელშიც განთავსებულია მოვალის ძირითადი ინტერესების ცენტრი, და რომელიც, ამ მიზნისთვის, ითვლება, რომ წარმოადგენს მოვალის კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინის ადგილსამყოფელს ან, თუ ასეთი არ არსებობს, ადგილს, სადაც მოვალე რეგისტრირებულია ან დაფუძნებულია, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება;
პ) „მარეგისტრირებელი სახელისუფლებო ორგანო“ აღნიშნავს ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოს ან ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აწარმოებს საჰაერო ხომალდების რეესტრს ხელშემკვრელ სახელმწიფოში და პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდების რეგისტრაციასა და რეესტრიდან ამოღებაზე, ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად;
ჟ) „რეგისტრაციის სახელმწიფო“, საჰაერო ხომალდებთან მიმართებით, აღნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ეროვნულ რეესტრშიც შეტანილია საჰაერო ხომალდი, ან სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აწარმოებს საჰაერო ხომალდების რეესტრს.
მუხლი II. კონვენციის გამოყენება საავიაციო ობიექტების მიმართ
1. საავიაციო ობიექტების მიმართ კონვენციის გამოყენება უნდა მოხდეს ამ ოქმის დებულებების გათვალისწინებით.
2. კონვენციასა და ოქმს ერთობლივად ეწოდება „კონვენცია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“.
მუხლი III. კონვენციის გამოყენება ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ
კონვენციის ქვემოთ მოყვანილი დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს მითითებები შეთანხმებაზე, რომელიც წარმოშობს ან ქმნის საერთაშორისო ინტერესს, წარმოადგენს მითითებას ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, და ისე, თითქოს მითითებები საერთაშორისო ინტერესზე, პირობით საერთაშორისო ინტერესზე, მოვალესა და კრედიტორზე, აღნიშნავდეს მითითებებს ნასყიდობაზე, პირობით ნასყიდობაზე, გამყიდველსა და მყიდველზე, შესაბამისად:
მე-3 და მე-4 მუხლები;
მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი;
მე-20 მუხლის პირველი პუნქტი (ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პირობითი ნასყიდობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით);
25-ე მუხლის მე-2 პუნქტი (პირობით ნასყიდობასთან დაკავშირებით); და
30-ე მუხლი.
გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პირობითი ნასყიდობის მიმართ გამოიყენება პირველი მუხლის, მე-5 მუხლის, IV-VII თავების. 29-ე მუხლის (29-ე მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, რომელსაც ცვლის XIV მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები), X თავის, XII თავის (გარდა 43-ე მუხლისა), XIII თავის და XIV თავის (გარდა მე-60 მუხლისა) ზოგადი დებულებები.
მუხლი IV. გამოყენების სფერო
1. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, კონვენცია მოქმედებს აგრეთვე ვერტმფრენის ან საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟის მიმართ, რომელიც რეგისტრირებულია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომელიც წარმოადგენს რეგისტრაციის სახელმწიფოს, თუ ამგვარი რეგისტრაცია განხორციელებულია საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოქმედად ითვლებოდა შეთანხმების დადების მომენტისთვის.
2. კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული „შიდა გარიგების“ განსაზღვრის მიზნებისთვის:
ა) საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი განთავსებულია იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოში, რომელსაც ის ეკუთვნის;
ბ) საავიაციო ძრავი განთავსებულია იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოში, რომელზეც ის დამონტაჟებულია, ხოლო თუ იგი არ არის დამონტაჟებული საჰაერო ხომალდზე –იმ სახელმწიფოში, სადაც ის ფიზიკურად არის განთავსებული;
გ) ვერტმფრენი განთავსებულია მისი რეგისტრაციის სახელმწიფოში, შეთანხმების დადების მომენტისთვის, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა საერთაშორისო ინტერესი.
3. ერთმანეთთან ურთიერთობაში მხარეები უფლებამოსილი არიან, წერილობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, უარი თქვან ამ ოქმის ნებისმიერი დებულების შესრულებაზე ან გადაუხვიონ მათ, გარდა IX მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების დებულებებისა. წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მხარეებს უფლება აქვთ გამორიცხონ XI მუხლის მოქმედება.
მუხლი V. ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმალური მხარე, მისი მოქმედების შედეგები და რეგისტრაცია
1. ამ ოქმის მიზნებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც:
ა) გაფორმებულია წერილობით;
ბ) დაკავშირებულია საავიაციო ობიექტთან, რომლის მიმართ გამყიდველს გააჩნია განკარგვის შესაძლებლობა; და
გ) იძლევა საავიაციო ობიექტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამ ოქმის დებულებების შესაბამისად.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი გამყიდველიდან გადადის მყიდველზე, ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია ძალაშია უვადოდ. პირობითი ნასყიდობის რეგისტრაცია ძალაშია მანამ, სანამ ის არ გაუქმდება ან არ ამოიწურება ვადა, რომელიც მისი რეგისტრაციისას იქნა დათქმული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი VI. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია დადოს შეთანხმება ან ნასყიდობის ხელშეკრულება და დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი ან ნასყიდობა, აგენტის, რწმუნებულის ან წარმომადგენლის სხვაგვარი უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს განაცხადოს, რომ მას აქვს კონვენციით მინიჭებული უფლებები და ინტერესები.
მუხლი VII. საავიაციო ობიექტების აღწერა
საავიაციო ობიექტის აღწერა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის მიერ მინიჭებულ სერიულ ნომერს, მწარმოებლის დასახელებას და მოდელის აღნიშვნას, აუცილებელი და საკმარისია ობიექტის იდენტიფიცირებისთვის, კონვენციის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამ ოქმის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.
მუხლი VIII. სამოქმედო სამართლის არჩევა
1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს XXX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დეკლარაცია.
2. შეთანხმების ან ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ან მასთან დაკავშირებული საგარანტიო ხელშეკრულების ან საერთაშორისო ინტერესთა დაქვემდებარების თაობაზე ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ იმ სამოქმედო სამართალზე, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გავრცელდება მათ სახელშეკრულებო უფლებებსა და ვალდებულებებზე.
3. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინა პუნქტში აღნიშნული სამოქმედო სამართალი აღნიშნავს მხარეთა მიერ არჩეული სახელმწიფოს ეროვნულ სამართალს , ან თუ ეს სახელმწიფო რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისგან შედგება – მხარეთა მიერ არჩეულ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ სამართალს.
უფლების დაცვის საშუალებები ვალდებულებათა შეუსრულებლობისას, პრიორიტეტის წესი და ცესიები
მუხლი IX. ვალდებულების შეუსრულებლობისას უფლების დაცვის საშუალებების შესახებ დებულებათა ცვლილება
1. კონვენციის III თავით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან ერთად კრედიტორი უფლებამოსილია, თუ დებიტორისგან ნებისმიერ დროს აღნიშნულზე მიღებული აქვს თანხმობა, ამ თავით დადგენილი პირობების დაცვით:
ა) მოითხოვოს საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღება; და
ბ) უზრუნველყოს საავიაციო ობიექტის ექსპორტი და ფიზიკური გადაადგილება იმ ტერიტორიიდან, სადაც ის განთავსებულია.
2. დაუშვებელია კრედიტორის მიერ წინა პუნქტში მითითებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა, თუ იგი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ წერილობით თანხმობას არ მიიღებს იმ კრედიტორისგან, რომელსაც მასთან შედარებით გააჩნია უპირატესი რეგისტრირებული საერთაშორისო ინტერესი.
3. კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება საავიაციო ობიექტების მიმართ. უფლების დაცვის ნებისმიერი საშუალება, რომლის გამოყენება ნებადართულია საავიაციო ობიექტების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს კომერციული თვალსაზრისით გონივრულად. ითვლება, რომ უფლების დაცვის საშუალება კომერციული თვალსაზრისით გონივრულად გამოიყენება, თუ მისი გამოყენება ხდება შეთანხმების დებულების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დებულება ცხადად არაგონივრულია.
4. თუ მოგირავნემ დაინტერესებულ პირებს 10 ან მეტი სამუშაო დღით ადრე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მოსალოდნელი ნასყიდობის ან იჯარის თაობაზე, ითვლება, რომ იგი აკმაყოფილებს მოთხოვნას „წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის შესახებ“, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას მოგირავნეს და დამგირავებელს ან გარანტორს, შეთანხმდნენ წინასწარი შეტყობინების გაგზავნის უფრო ხანგრძლივ ვადაზე.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი სახელისუფლებო ორგანო ვალდებულია, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის მოთხოვნა, თუ:
ა) მოთხოვნა სათანადო წესით წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, რეგისტრირებული „რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ საფუძველზე; და
ბ) უფლებამოსილი პირი უდასტურებს მარეგისტრირებელ სახელისუფლებო ორგანოს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, რომ თუ კრედიტორის მიმართ, რომლის მიმართაც გაცემულია „რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი“, სხვა კრედიტორებს გააჩნდათ უპირატესი რეგისტრირებული საერთაშორისო ინტერესი, ამგვარი ინტერესები გაუქმებულია ან მათ მფლობელებს გაცემული აქვთ თანხმობა საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტზე.
6. მოგირავნე, რომელსაც განზრახული აქვს საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღება და ექსპორტი, პირველი პუნქტის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ვალდებულია აღნიშნული ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტის თაობაზე წინასწარ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს:
ა) კონვენციის პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის „i“ და „ii“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს; და
ბ) კონვენციის „ნ“ ქვეპუნქტის „iii“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც მოგირავნეს შეატყობინეს თავიანთი უფლებების შესახებ, ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტამდე გონივრული ვადით ადრე.
მუხლი X. უფლების დაცვის დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება
1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს XXX მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაცია, და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც აღნიშნულია ამავე დეკლარაციაში.
2. კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი განცხადების მიღებიდან იმდენ სამუშაო დღეში, რამდენსაც დეკლარაციაში მიუთითებს ის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის სასამართლოსაც მიმართავენ ამგვარი განცხადებით.
3. კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ქვემორე „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თუ მოვალე და კრედიტორი ნებისმიერ დროს შეთანხმდებიან, ობიექტის გაყიდვა და მისგან მიღებული საზღაურის განაწილება“,და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ფრაზა „მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა“ ჩანაცვლდეს ფრაზით: „მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით“.
4. მოვალის საკუთრების უფლება ან სხვა ინტერესი, რომლის გადაცემაც ნასყიდობისას ხდება წინა პარაგრაფის საფუძველზე, თავისუფლდება ყველა სხვა ინტერესისგან, რომლის მიმართაც კრედიტორს გააჩნია უპირატესი საერთაშორისო ინტერესი, კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად.
5. კრედიტორს და მოვალეს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ წერილობით შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენებენ კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს.
6. IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით:
ა) მათი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც კრედიტორი ამავე ორგანოს აცნობებს, რომ უფლება აქვს ისარგებლოს IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების დაცვის საშუალებით, ან თუ არსებობს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აცნობებს ამგვარი გადაწყვეტილების ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ცნობის თაობაზე, და რომ კრედიტორს გააჩნია უფლება ისარგებლოს ამ საშუალებებით კონვენციის შესაბამისად; და
ბ) შესაბამისმა სახელისუფლებლო ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ კრედიტორთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ამგვარი უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. მე-2 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავლენას არ ახდენს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოქმედებაზე.
მუხლი XI. უფლების დაცვის საშუალებები გადახდისუუნარობისას
1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელიც წარმოადგენს გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას, გააკეთა დეკლარაცია XXX მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
„ა“ ალტერნატივა
2. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენის დადგომისას, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველმა ან მოვალემ, შესაბამის შემთხვევებში, მე-7 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, საავიაციო ობიექტი მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს არაუგვიანეს:
ა) მოცდის პერიოდის დასრულებისა; და
ბ) თარიღისა, რომლის დადგომისას კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა მფლობელობაში მიეღო საავიაციო ობიექტი, ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო გამოყენებული.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, „მოცდის პერიოდი“ აღნიშნავს პერიოდს, რომელიც მითითებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს დეკლარაციაში, რომელიც წარმოადგენს გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას.
4. ამ მუხლში მოხსენიებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი გულისხმობს პირს ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში და არა პირადად.
5. თუ კრედიტორს არ ეძლევა შესაძლებლობა მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი მე-2 პუნქტის შესაბამისად და მანამ, სანამ მას მიეცემა ობიექტი მფლობელობაში:
ა) გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველმა ან მოვალემ, შესაბამის შემთხვევებში, უნდა უზრუნველყოს საავიაციო ობიექტის შენახვა და შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით, შეთანხმების დებულებების შესაბამისად; და
ბ) კრედიტორს უნდა შეეძლოს გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები, რომლებიც ხელმისაწვდომია სამოქმედო სამართლის შესაბამისად.
6. წინა პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამორიცხავს საავიაციო ობიექტის გამოყენებას იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ობიექტის შენახვა და შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით.
7. გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი ან მოვალე, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილია საავიაციო ობიექტი დაიტოვოს მფლობელობაში, თუ მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე იგი აღმოფხვრის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა დეფოლტს, გარდა დეფოლტისა, რომელსაც ქმნის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა, და აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სამომავლო ვალდებულების შესრულებაზე. ამგვარი სამომავლო ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული დეფოლტისას, არ გამოუყენება მეორე „მოცდის პერიოდი“.
8. IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით:
ა) მათი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც კრედიტორი ამავე ორგანოს აცნობებს, რომ მას გააჩნია უფლება ისარგებლოს ამ საშუალებებით კონვენციის შესაბამისად; და
ბ) შესაბამისმა სახელისუფლებლო ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ კრედიტორთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ამგვარი უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
9. მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია კონვენციით ან ამ ოქმით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობისთვის დაბრკოლების შექმნა ან დაყოვნება.
10. მოვალის იმ ვალდებულებების ცვლილება, რომლებსაც ითვალისწინებს შეთანხმება, დაუშვებელია კრედიტორის თანხმობის გარეშე.
11. წინა პარაგრაფის დებულებების განმარტება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველს ჩამოერთვას სამოქმედო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილება-შეწყვიტოს შეთანხმება.
12. გადახდისუუნარობის პროცედურების მიმდინარეობისას, არც ერთ უფლებას ან ინტერესს, გარდა კონვენციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციაში აღნიშნული არაკონსენსუალური უფლებებისა და ინტერესებისა, არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა რეგისტრირებულ ინტერესთან მიმართებით.
13. ამ მუხლის საფუძველზე უფლების დაცვის საშუალებების გამოყენებისას, კონვენცია მოქმედებს მასში ამ ოქმის IX მუხლით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით.
„ბ“ ალტერნატივა
2. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენის დადგომისას, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველმა ან მოვალემ, შესაბამის შემთხვევებში, კრედიტორის მოთხოვნისას, XXX მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დეკლარაციაში ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მითითებული პერიოდის გასვლამდე, კრედიტორს უნდა შეატყობინოს, რომ:
ა) იგი აღმოფხვრის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა დეფოლტს, გარდა დეფოლტისა, რომელსაც ქმნის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა, და აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებით და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებით გათვალისწინებული ყველა სამომავლო ვალდებულების შესრულებაზე; ან
ბ) იგი კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი, სამოქმედო სამართლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
3. წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო სამართლით, სასამართლოს შესაძლოა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ზომების მიღება ან ნებისმიერი დამატებითი გარანტიების მინიჭება.
4. კრედიტორი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა მისი სასარჩელო მოთხოვნა და დაადასტუროს, რომ მისი საერთაშორისო ინტერესი რეგისტრირებულია.
5. თუ გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი ან მოვალე, შესაბამის შემთხვევაში, მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას არ გაუგზავნის კრედიტორს ან შეატყობინებს, რომ იგი თანახმაა, საავიაციო ობიექტი მფლობელობაში გადასცეს კრედიტორს, მაგრამ არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორს მისცეს უფლება, მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი, სასამართლოს მიერვე დადგენილი პირობების დაცვით. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ზომების მიღება ან ნებისმიერი დამატებითი გარანტიების მინიჭება.
6. დაუშვებელია საავიაციო ობიექტის გასხვისება მანამ, სანამ სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელთან და საერთაშორისო ინტერესთან დაკავშირებით.
მუხლი XII. დახმარების გაწევა გადახდისუუნარობისას
1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს დეკლარაცია XXX მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოები, სადაც განთავსებულია საავიაციო ობიექტი, ვალდებული არიან ამავე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლის შესაბამისად, მაქსიმალურად ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველებთან, რათა სრულად იქნეს დაცული XI მუხლის მოთხოვნები.
მუხლი XIII. რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს დეკლარაცია XXX მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. თუ მოვალემ გასცა რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ ოქმის დანართით დადგენილი ფორმის არსებითად დაცვით, და იგი რეგისტრაციის მიზნით წარუდგინა მარეგისტრირებელ უფლებამოსილ ორგანოს, აღნიშნული დოკუმენტი უნდა დარეგისტრირდეს.
3. მხოლოდ ის პირი, რომლის მიმართაც გაცემულია რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი („უფლებამოსილი პირი“) ან მის მიერ რწმუნებული პირი არის უფლებამოსილი ისარგებლოს IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების დაცვის საშუალებებით, ამავე დოკუმენტით დადგენილი პირობებისა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. აღნიშნული დოკუმენტის მოვალის მიერ გაუქმება დაუშვებელია, უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანო ვალდებულია გააუქმოს აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაცია, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელმა სახელისუფლებო ორგანომ ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ უფლებამოსილ პირთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს IX მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი XIV. პრიორიტეტის წესის თაობაზე დებულებების ცვლილება
1. საავიაციო ობიექტის რეგისტრირებული ნასყიდობისას, მყიდველი იძენს აღნიშნულ ობიექტზე ინტერესს, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი შემდგომ რეგისტრირებული ინტერესისგან და არარეგისტრირებული ინტერესისგან, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა მყიდველმა ამგვარი არარეგისტრირებული ინტერესის არსებობის თაობაზე.
2. საავიაციო ობიექტის მყიდველი იძენს ამ ობიექტზე არსებულ ინტერესს, იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო ობიექტის შესყიდვისას.
3. საავიაციო ძრავზე არსებული საკუთრების ან სხვა სახის უფლებაზე ან ინტერესზე გავლენას არ ახდენს საავიაციო ძრავის საჰაერო ხომალდზე დამონტაჟება ან მისი მოხსნა.
4. კონვენციის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დებულებები გამოიყენება იმ კომპონენტების მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს ობიექტს, და რომლებიც დამონტაჟებულია ფიუზელაჟზე, საავიაციო ძრავზე ან ვერტმფრენზე.
მუხლი XV. ცესიასთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება
კონვენციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს:
„და გ) მოვალეს გაცემული აქვს წერილობითი თანხმობა, მიუხედავად იმისა, ამგვარი თანხმობა გაცემულია ცესიამდე თუ მის შემდგომ ან მასში იდენტიფიცირებულია თუ არა ცესიონარი.“
მუხლი XVI. მოვალესთან დაკავშირებული დებულებები
1. კონვენციის მე-11 მუხლით განსაზღვრული დეფოლტის არარსებობისას, მოვალეს უფლება აქვს შეუფერხებლად ფლობდეს და სარგებლობდეს ობიექტით, შეთანხმების მოთხოვნათა დაცვით, შემდეგი პირების მიმართ:
ა) კრედიტორისა და ნებისმიერი ინტერესის მფლობელის მიმართ, რომლისგანაც მოვალე თავისუფლდება კონვენციის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან, მყიდველის სტატუსით, ამ ოქმის XIV მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა და იმ ფარგლებში, რაზეც მოვალე სხვაგვარად შეთანხმდა; და
ბ) ნებისმიერი იმ ინტერესის მფლობელის მიმართ, რომელსაც ექვემდებარება მოვალის უფლება ან ინტერესი კონვენციის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან, მყიდველის სტატუსით, ამ ოქმის XIV მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც აღნიშნული მფლობელი დათანხმდა.
2. კონვენციის ან ამ ოქმის არცერთი დებულება არ ახდენს გავლენას კრედიტორის პასუხისმგებლობაზე შეთანხმების ნებისმიერი დარღვევისათვის სამოქმედო სამართლის შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნული ხელშეკრულება ეხება საავიაციო ობიექტს.
საავიაციო ობიექტებზე არსებული საერთაშორისო ინტერესების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დებულებები
მუხლი XVII. საზედამხედველო ორგანო და რეგისტრატორი
1. საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო განარტიების შესახებ კონვენციის და საავიაციო ობიექტების მიმართ მისი დამატებითი ოქმის მისაღებად დიპლომატიური კონფერენციის მიერ შემუშავებული რეზოლუციით.
2. თუ წინა პუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია და არ სურს იმოქმედოს როგორც საზედამხედველო ორგანომ, მოწვეული უნდა იქნეს ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენცია ახალი საზედამხედველო ორგანოს დასანიშნად.
3. საზედამხედველო ორგანო და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები სარგებლობენ ისეთი იმუნიტეტით, სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია იმ წესებით, რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ან სხვაგვარად.
4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შექმნას ექსპერტთა კომისია ხელმომწერი და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი იმ პირებისგან, რომელთაც გააჩნიათ აუცილებელი კვალიფიკაცია და გამოცდილება, და დაავალოს მას საზედამხედველო ორგანოს დახმარება გაუწიოს თავისი ფუნქციების განხორციელებაში.
5. პირველმა რეგისტრატორმა საერთაშორისო რეესტრი უნდა აწარმოოს ამ ოქმის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. შემდგომში რეგისტრატორი დაინიშნება ან ხელახლა დაინიშნება საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგულარული ხუთწლიანი ინტერვალებით.
მუხლი XVIII. პირველადი წესები
პირველად წესებს შეიმუშავებს საზედამხედველო ორგანო იმგვარად, რომ ისინი ამოქმედდეს ამ ოქმის ძალაში შესვლისთანავე.
მუხლი XIX. ინფორმაციის შეყვანის მიზნით დანიშნული ორგანოები
1. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს თავის ტერიტორიაზე განსაზღვროს პირი ან პირები „შეყვანის პუნქტად“ ან „შეყვანის პუნქტებად“, რომელთა მეშვეობითაც საერთაშორისო რეესტრს უნდა გადაეცეს ან შეიძლება გადაეცეს რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია, გარდა ეროვნული ინტერესის შესახებ შეტყობინების ან მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლების ან ინტერესის რეგისტრაციისა, თუ ორივე შემთხვევაში ისინი წარმოიშობა სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. წინა პუნქტის შესაბამისად განხორციელებულმა დანიშვნამ შეიძლება დაუშვას, მაგრამ არ ავალდებულებს შეყვანის პუნქტის ან შეყვანის პუნქტების გამოყენებას საავიაციო ძრავებთან დაკავშირებული რეგისტრაციის განხორციელებისთვის.
მუხლი XX. რეესტრთან დაკავშირებული დებულებების დამატებითი ცვლილება
1. კონვენციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, საავიაციო ობიექტის საძიებო კრიტერიუმებია მისი მწარმოებლის დასახელება, მწარმოებლის სერიული ნომერი და მოდელის დასახელება, რომლებსაც შესაძლოა დაემატოს სხვა მონაცემებიც, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი უნიკალურობა. ამგვარი დამატებითი მონაცემები უნდა განისაზღვროს წესებით.
2. კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის და ამავე პუნქტში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრირებული პირობითი საერთაშორისო ინტერესის ან საერთაშორისო ინტერესის რეგისტრირებული პირობითი ცესიის მფლობელი ან პირი, რომლის სასარგებლოდაც რეგისტრირებულია პირობითი ნასყიდობა, ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება 5 სამუშაო დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც მიიღებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.
3. კონვენციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტარიფები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო რეესტრის დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასა და რეგულირებასთან დაკავშირებული გონივრული ხარჯები, ასევე საზედამხედველო ორგანოს მიერ კონვენციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფუნქციების და უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო გონივრული ხარჯები.
4. საერთაშორისო რეესტრის ცენტრალიზებული ფუნქციების განხორციელებას დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს რეგისტრატორი. ინფორმაციის შეყვანის პუნქტები საკუთარ ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ სულ მცირე სამუშაო საათების განმავლობაში, თავის შესაბამის ტერიტორიებზე.
5. კონვენციის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევის ან ფინანსური გარანტიის ოდენობა თითოეული შემთხვევისთვის, უნდა იყოს, სულ მცირე, საავიაციო ობიექტის მაქსიმალური ღირებულების ტოლი, როგორც ეს განსაზღვრულია საზედამხედველო ორგანოს მიერ.
6. კონვენციის არცერთი დებულება არ ართმევს რეგისტრატორს უფლებას, იქონიოს დაზღვევა ან ფინანსური გარანტია იმ შემთხვევებისთვის, რომელთა მიმართ მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად.
იურისდიქცია
მუხლი XXI. იურისდიქციასთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება
კონვენციის 43-ე მუხლის მიზნებისთვის და ამავე კონვენციის 42-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ასევე გააჩნია იურისდიქცია იმ შემთხვევაში, როდესაც საავიაციო ობიექტს წარმოადგენს ვერტმფრენი, ან ფიუზელაჟი, რომელიც საჰაერო ხომალდის შემადგენელი ნაწილია, თუ ეს სახელმწიფო წარმოადგენს საავიაციო ობიექტის რეგისტრაციის სახელმწიფოს.
მუხლი XXII. უარი სუვერენულ იმუნიტეტზე
1. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სუვერენულ იმუნიტეტზე უარი, რომელიც უკავშირდება კონვენციის 42-ე და 43-ე მუხლებით განსაზღვრული სასამართლოების იურისდიქციის განხორციელებას ან საავიაციო ობიექტთან დაკავშირებით კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და ინტერესების აღსრულებას, სავალდებულოა ყველასთვის, და თუ სრულდება ამგვარ იურისდიქციასთან ან აღსრულების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სუვერენულ იმუნიტეტზე უარის თქმა იწვევს იურისდიქციის განხორციელებასა და აღსრულების დაწყებას.
2. წინა პუნქტით გათვალისწინებული უარი სუვერენულ იმუნიტეტზე უნდა გაფორმდეს წერილობით და შეიცავდეს საავიაციო ობიექტის აღწერას.
სხვა კონვენციებთან კავშირი
მუხლი XXIII. „საჰაერო ხომალდზე არსებული უფლებების საერთაშორისო აღიარების თაობაზე“ კონვენციასთან კავშირი
წინამდებარე კონვენცია, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს „საჰაერო ხომალდზე არსებული უფლებების საერთაშორისო აღიარების თაობაზე“ ქ. ჟენევაში 1948 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი კონვენციის მხარეს, მოქმედებს უპირატესად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამ ოქმით განსაზღვრულ საჰაერო ხომალდებს და საავიაციო ობიექტებს. თუმცა, იმ უფლებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე კონვენცია, მოქმედებს ჟენევის კონვენცია.
მუხლი XXIV. „საჰაერო ხომალდების წინასწარი ყადაღის შესახებ ზოგიერთი წესის უნიფიკაციის თაობაზე“ კონვენციასთან კავშირი
1. წინამდებარე კონვენცია, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს
1933 წლის 29 მაისს ქ.რომში ხელმოწერილი „საჰაერო ხომალდების წინასწარი ყადაღის შესახებ ზოგიერთი წესის უნიფიკაციის თაობაზე“ კონვენციის მხარეს, მოქმედებს უპირატესად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამ ოქმით განსაზღვრულ საჰაერო ხომალდებს.
2. ზემოაღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, წინამდებარე ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს ამ მუხლს.
მუხლი XXV. „საერთაშორისო ფინანსური ლიზინგის“ შესახებ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) კონვენციასთან კავშირი
საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენცია ცვლის „საერთაშორისო ფინანსური ლიზინგის“ შესახებ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) კონვენციას, რომელიც ხელმოწერილია ქ. ოტავაში, 1988 წლის 28 მაისს.
დასკვნითი დებულებები
მუხლი XXVI. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება
1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად 2001 წლის 16 ნოემბრიდან, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მოძრავ მოწყობილობებთან დაკავშირებით კონვენციისა და საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ოქმის მისაღებად გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათლით. 2001 წლის 16 ნოემბრის შემდგომ, ოქმი ღია იქნება ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსთვის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის შტაბ-ბინაში, ქ. რომში, ამ კონვენციის XXVIII მუხლის შესაბამისად მის ძალაში შესვლამდე.
2. ეს ოქმი ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ ოქმის ხელმომწერი, შეუძლია ნებისმიერ დროს შეუერთდეს მას.
4. რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება ხდება ამის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის გზით.
5. სახელმწიფო ვერ გახდება ამ ოქმის მონაწილე, თუ იგი არ არის ან არ გახდება ასევე კონვენციის მონაწილე.
მუხლი XXVII. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები
1. ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ ოქმით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით, უფლება აქვს, ასევე, ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ეს ოქმი ან შეუერთდეს მას. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები იმდენად, რამდენადაც მოცემულ ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ ოქმით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ოქმის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, დამატებით ხელშემკვრელ სახელმწიფოდ არ განიხილება.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, ამ ოქმის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეპოზიტარს წარუდგენს დეკლარაციას, რომელიც ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მას გადაცემული აქვს კომპეტენცია წევრი სახელმწიფოების მიერ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპოზიტარს ამ პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით განსაზღვრული კომპეტენციის ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, ახალი კომპეტენციის გადაცემის თაობაზე.
3. ამ ოქმში „ხელშემკვრელ სახელმწიფოზე“, „ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე“, „მონაწილე სახელმწიფოზე“ ან „მონაწილე სახელმწიფოებზე“ მითითება ამავდროულად გულისხმობს მითითებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციაზე, თუ ამას მოითხოვს პუნქტის შინაარსი.
მუხლი XXVIII. ძალაში შესვლა
1. ეს ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ რიგით მე-8 დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც დეპოზიტარს გადასცემს აღნიშნული დოკუმენტი.
2. სხვა სახელმწიფოებისთვის ეს ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მათი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი XXIX. ტერიტორიული ერთეულები
1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ტერიტორიული ერთეულები, რომლებშიც გამოიყენება სამართლის განსხვავებული სისტემები ამ ოქმით რეგულირებული საკითხების მიმართ, იგი უფლებამოსილია, ამ ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განსაზღვროს, რომ ამ ოქმის მოქმედება ვრცელდება მის ყველა ან ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულზე. იგი აგრეთვე უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს აღნიშნულ დეკლარაციაში, ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით.
2. ნებისმიერ ასეთ დეკლარაციაში ცხადად უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართ ვრცელდება ამ ოქმის მოქმედება.
3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, ამ ოქმის მოქმედება გავრცელდება მის ყველა ტერიტორულ ერთეულზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ ოქმის მოქმედებას ავრცელებს თავის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე, ამ ოქმით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს თითოეული ასეთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ, და ერთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციებისგან.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის შესაბამისად, ამ ოქმის მოქმედება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულზე:
ა) მოვალის ადგილსამყოფლად ხელშემკვრელი სახელმწიფო ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფუძნებული ან შექმნილია იმ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი, ან თუ მას გააჩნია თავისი რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა, ადმინისტრაციული ცენტრი, საქმიანობის ადგილი ან ჩვეული ადგილსამყოფელი ამგვარ ტერიტორიულ ერთეულში;
ბ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ობიექტის განთავსებაზე გულისხმობს ობიექტის განთავსებას იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი; და
გ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოებზე გულისხმობს მითითებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომლებსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი, და ნებისმიერი მითითება ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნულ რეესტრზე ან მარეგისტრირებელ სახელისუფლებლო ორგანოზე გულისხმობს საჰაერო ხომალდების მოქმედ რეესტრს ან მარეგისტრირებელ სახელისუფლებლო ორგანოს, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში ან ერთეულებში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი.
მუხლი XXX. ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებული დეკლარაციები
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს ამ ოქმის VIII, XII და XIII მუხლებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს.
2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს ამ ოქმის X მუხლს, სრულად ან ნაწილობრივ. თუ იგი აკეთებს ამგვარ დეკლარაციას X მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია მიუთითოს ამავე პუნქტით მოთხოვნილი დროის პერიოდი.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს XI მუხლის „ა ალტერნატივას“ სრულად ან „ბ ალტერნატივას“ სრულად. ამ შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს, თუ გადახდისუუნარობის რომელ პროცედურებზე ვრცელდება აღნიშნული ალტერნატივა. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ამავე დეკლარაციაში უნდა მიუთითოს XI მუხლით მოთხოვნილი დროის პერიოდი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოები XI მუხლს იყენებენ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დეკლარაციის გათვალისწინებით, რომელიც წარმოადგენს მოვალის გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას.
5. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს XXI მუხლის დებულებებს სრულად ან ნაწილობრივ. ასეთ დეკლარაციაში უნდა მიეთითოს, თუ რა პირობებით გამოიყენება აღნიშნული მუხლი, თუ მისი გამოყენება ხდება ნაწილობრივ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების დაცვის რომელი დროებითი ღონისძიების გამოყენება იქნება დასაშვები.
მუხლი XXXI. კონვენციით გათვალისწინებული დეკლარაციები
დეკლარაციები, რომლებიც გაკეთებულია კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, კონვენციის 39-ე, მე-40, 50-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 57-ე, 58-ე და მე-60 მუხლების საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციები მიიჩნევა, რომ გაკეთებულია ამ ოქმის საფუძველზეც, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
მუხლი XXXII. დათქმები და დეკლარაციები
1. დაუშვებელია ამ ოქმის მიმართ დათქმების გაკეთება, თუმცა, XXIV, XXIX, XXX, XXXI, XXXIII და XXXIV მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციების გაკეთება უნდა მოხდეს ამავე მუხლების დებულებების შესაბამისად.
2. ამ ოქმის საფუძველზე გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის, შემდგომი დეკლარაციისა და დეკლარაციის უკან გამოხმობის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
მუხლი XXXIII. შემდგომი დეკლარაციები
1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, XXXI მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, რომელიც გაკეთებულია კონვენციის მე-60 მუხლის შესაბამისად, გააკეთოს ნებისმიერი შემდგომი დეკლარაცია, ნებისმიერ დროს, ამ ოქმის მისთვის ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით.
2. ნებისმიერი ასეთი შემდგომი დეკლარაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში აღნიშნულია ამგვარი დეკლარაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ.
3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ ოქმის მოქმედება, შემდგომი დეკლარაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დეკლარაციის გაუთვალისწინებლად.
მუხლი XXXIV. დეკლარაციების უკან გამოთხოვა
1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს ამ ოქმის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, XXXI მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, რომელიც გაკეთებულია კონვენციის მე-60 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით. დეკლარაციის ამგვარი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ ოქმის მოქმედება, დეკლარაციის უკან გამოხმობის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დეკლარაციის უკან გამოხმობის გაუთვალისწინებლად.
მუხლი XXXV. დენონსაცია
1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის წერილობით შეტყობინების გზით.
2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული თორმეტი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ ოქმის მოქმედება, დენონსაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დენონსაციის გაუთვალისწინებლად.
მუხლი XXXVI. ოქმში შესწორებების შეტანის მიზნით გამართული კონფერენციები,შესწორებები და მათთან დაკავშირებული საკითხები
1. დეპოზიტარმა, ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისთვის, ყოველწლიურად ან მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს გარემოებები, უნდა მოამზადოს მოხსენება, კონვენციისა და ამ ოქმის საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის პრაქტიკული ფუნქციონირების საშუალებების თაობაზე. ამგვარი მოხსენებების მომზადებისას, დეპოზიტარმა უნდა გაითვალისწინოს საზედამხედველო ორგანოს მოხსენებები, რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
2. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ოცდახუთი პროცენტის მოთხოვნით, დეპოზიტარმა, საზედამხედველო ორგანოსთან კონსულტაციის გზით, დროდადრო უნდა მოიწვიოს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია ოქმში შესწორებების შეტანის მიზნით, რომელიც განიხილავს:
ა) კონვენციისა და ამ ოქმის პრაქტიკულ გამოყენებას და მის ეფექტიანობას იმ ობიექტების აქტივებით უზრუნველყოფილი დაფინანსებისა და იჯარის ხელშეწყობის საქმეში, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ) ამ ოქმითა და წესებით გათვალისწინებული დებულებების სასამართლო განმარტებისა და მათი გამოყენების საკითხს;
გ) რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებას, რეგისტრატორის მუშაობას და საზედამხედველო ორგანოს მიერ მის კონტროლს, საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოდგენილი მოხსენებების გათვალისწინებით; და
დ) ამ ოქმსა და საერთაშორისო რეესტრთან დაკავშირებული რაიმე ცვლილების მიზანშეწონილობას.
3. ამ ოქმის ნებისმიერი ცვლილება მტკიცდება წინა პუნქტში მითითებული კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობის მიერ, და ძალაში შედის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამგვარი ცვლილების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, რვა სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შემთხვევაში, XXVIII მუხლის დებულებების შესაბამისად, რომელიც შეეხება ოქმის ძალაში შესვლას.
მუხლი XXXVII. დეპოზიტარი და მისი ფუნქციები
1. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად უნდა გადაეცეს კერძო სამართლის უნიფიცირების საერთაშორისო ინსტიტუტს (UNIDROIT), რომელიც ინიშნება დეპოზიტარად.
2. დეპოზიტარი:
ა) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აწვდის ინფორმაციას:
ა.ა) ყოველი ახალი ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის მიღების თაობაზე, შესაბამისი თარიღის მითითებით;
ა.ბ) ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
ა.გ) ამ ოქმის საფუძველზე გაკეთებული ყოველი დეკლარაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით;
ა.დ) დეკლარაციის ცვლილების ან უკან გამოხმობის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით; და
ა.ე) ამ ოქმის დენონსაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით, ამგვარი დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღთან ერთად;
ბ) ამ ოქმის ნამდვილ, დამოწმებულ ასლს უგზავნის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს;
გ) საზედამხედველო ორგანოსა და რეგისტრატორს აწვდის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ასლს, მათი დეპოზიტარისათვის გადაცემის თარიღის მითითებით, ყოველი დეკლარაციის, დეკლარაციის ცვლილების ან მისი უკან გამოხმობის შესახებ დოკუმენტის და დენონსაციის თაობაზე შეტყობინების ასლს, მათი მიღების თარიღის მითითებით, ისე რომ მათში არსებული ინფორმაცია იყოს მარტივად და სრულად ხელმისაწვდომი;
დ) ასრულებს დეპოზიტართა სხვა ჩვეულ ფუნქციებს.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერმა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რომლებიც სათანადო წესით არიან უფლებამოსილი, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 16 ნოემბერს, ერთადერთ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია და ასეთ ავთენტურობას იძენს აქ მითითებული თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, კონფერენციის პრეზიდენტის უფლებამოსილების ქვეშ კონფერენციის ერთობლივი სამდივნოს მიერ მათი ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.
დანართი
საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
XIII მუხლით გათვალისწინებული დანართი
[მიუთითეთ თარიღი]
ვის: [მიუთითეთ მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანოს დასახელება]
საგანი: საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ქვემორე ხელის მომწერი წარმოადგენს [მიუთითეთ ფიუზელაჟის/ვერტმფრენის მწარმოებლის დასახელება და მოდელის ნომერი]-ის რეგისტრირებულ [ექსპლუატანტს] [მესაკუთრეს]*, რომლის მწარმოებლის სერიული ნომერია [მიუთითეთ მწარმოებლის სერიული ნომერი] და ამოსაცნობი [ნომერი] [ნიშანი] არის [ჩასვით ამოსაცნობი ნომერი/ნიშანი] (მასზე დამონტაჟებულ, მასში გაერთიანებულ ან მასზე მიმაგრებულ ყველა საკუთნოსთან, ნაწილსა და მოწყობილობასთან ერთად, შემდგომში – „საჰაერო ხომალდი“).
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს (IDERA), რომელიც გაცემულია ქვემორე ხელმომწერის მიერ [ჩასვით კრედიტორის დასახელება]-ის („უფლებამოსილი მხარე“) სასარგებლოდ, „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ დამატებითი ოქმის XIII მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ქვემორე ხელის მომწერი წინამდებარე დოკუმენტით ითხოვს:
(i) აღიარებას, რომ უფლებამოსილი მხარე ან პირი, რომელსაც უფლებამოსილი მხარე დანიშნავს თავის წარმომადგენლად, არის ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რათა:
(ა) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ამოღება [მიუთითეთ საჰაერო ხომალდების რეესტრის დასახელება] რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს [მიუთითეთ მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანოს დასახელება], 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის III თავის მიზნებისთვის; და
(ბ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ექსპორტი და ფიზიკური გადაადგილება [ჩასვით ქვეყნის დასახელება]-დან; და
(ii) დადასტურებას, რომ უფლებამოსილ მხარე ან პირი, რომელსაც უფლებამოსილი მხარე დანიშნავს თავის წარმომადგენლად, უფლებამოსილია განახორციელოს ზემოაღნიშნულ (i) პუნქტში მითითებული მოქმედებები წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქვემორე ხელმომწერის თანხმობის გარეშე, და რომ ასეთი მოთხოვნის საფუძველზე, [ჩასვით ქვეყნის დასახელება]-ის ხელისუფლება ითანამშრომლებს უფლებამოსილ მხარესთან აღნიშნული მოქმედებების სწრაფად დასრულების მიზნით.
დაუშვებელია ქვემორე ხელმომწერის მიერ, უფლებამოსილი მხარის სასარგებლოდ წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი უფლებების გაუქმება, უფლებამოსილი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ამ მოთხოვნასა და მის პირობებზე, ქვემოთ მოცემულ შესაბამის გრაფაში აღნიშვნის გაკეთებით და ამ დოკუმენტის წარდგენით [ჩასვით სარეგისტრაციო ორგანოს დასახელება]-ში.
[მიუთითეთ ექსპლუატანტის/მესაკუთრის დასახელება]
ეთანხმება და წარადგენს ვის მიერ: [მიუთითეთ ხელის მომწერი]
[მიუთითეთ თარიღი] უფლებამოსილება: [მიუთითეთ ხელმომწერის თანამდებობა]
[მიუთითეთ შესაბამისი აღნიშვნის დეტალები]
*აირჩიეთ პირობა, რომელიც ასახავს ეროვნული რეგისტრაციის შესაბამის კრიტერიუმ