1. ეს წესი, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან (შემდგომში – ცენტრი) არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომში – ჯგუფი) შემადგენლობას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ჯგუფი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (შემდგომში – არასრულწლოვანი) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში (შემდგომში – სახლი) გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ჯგუფის მიზანია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე, შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრა და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების განხილვა, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა.

4. ჯგუფი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ბავშვის უფლებათა კონვენციით“, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“, ბავშვის უფლებათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ცენტრის დებულებით, ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი.

6. ჯგუფის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ. №24ა.

7. ჯგუფს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება ჯგუფის თავმჯდომარესთა