ფონდი, საპენსიო აქტივების მართვისას ხელმძღვანელობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მარეგულირებელი წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. ეს მოიაზრებს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტის შესაბამისად, მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა, მათ მემკვიდრეთა და პენსიის მიმღებთა ინტერესების შესაბამისად. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას ფონდი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია საინვესტიციო მიზნების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქტივების სტრატეგიულ განაწილებას, გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტისა და მიზნების გათვალისწინებით, უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ამონაგებზე, ვიდრე ეს ცალკეული ფასიანი ქაღალდისა თუ ინვესტირების სწორი დროის შერჩევას შეიძლება ჰქონდეს;
ბ) რისკის აღება ინვესტირებისთვის აუცილებელი პირობაა. გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად, შესაბამისი რისკის აღება აუცილებელია და ის საინვესტიციო პროცესის განუყოფელი ნაწილია;
გ) გამომდინარე იქიდან, რომ ფონდს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი და მინიმალური მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროება, გრძელვადიან აქტივებში ინვესტირების მიზანია ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული არალიკვიდობისა და ვადიანობის პრემიუმების მიღება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას;
დ) ინდივიდუალური საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ისინი უნდა იმართებოდეს გონივრულად და დადგენილი ლიმიტების გათვალისწინებით. ფონდი იყენებს აქტივების აქტიური მართვის პრინციპებს და ყურადღებით აკვირდება მსოფლიო ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს, რათა შეძლოს მომგებიანი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. დროდადრო ბაზარი შეიძლება იყოს არაეფექტური, თუმცა მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდულია. ფონდი აქტიური ამონაგების სტრატეგიებს იყენებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ფონდი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს;
ე) რისკის ეფექტურად მართვის მიზნით აქტივების დივერსიფიკაცია, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დივერსიფიკაციის მნიშვნელობა აქტივის კლასების, გეოგრაფიული, სექტორული თუ საინვესტიციო სტრატეგიების მიხედვით საყოველთაოდ აღიარებულია. სათანადოდ დივერსიფიცირებული პორტფელი ინდივიდუალური ფასიანი ქაღალდების რისკის გავლენას ამცირებს და ეკონომიკური კრიზისებისა და ბაზრის მერყეობასთან მიმართებით პორტფელის მდგრადობას აუმჯობესებს;
ვ) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციული ხარჯების ეფექტიანი მართვა უმნიშვნელოვანესია წმინდა მომგებიანობის მაქსიმიზაციისათვის, ვინაიდან აღნიშნულ ხარჯებს პირდაპირი გავლენა აქვს პორტფელის წმინდა ამონაგებზე. ხარჯები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა ეს არ უნდა იწვევდეს საინვესტიციო შესაძლებლობების ხარისხის გაუარესებას. საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით ყველა სტრატეგია, რომელსაც ფონდი ახორციელებს, მიმართული უნდა იყოს რისკით კორექტირებული შემოსავლიანობის ზრდისაკე