1. რისკის აღება, საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს მონაწილეთათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნას რისკის ადეკვატური მართვით. ამასთან, მმართველობითი საბჭო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა აუცილებელია მისი მკაფიო იდენტიფიცირება და გააზრება, რათა მიღწეულ იქნეს მიზნობრივი ბალანსი მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკს შორის.

2. რისკი იმგვარად უნდა იმართოს, რომ:

ა) უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი საინვესტიციო რისკების მართვის ერთიანი პროცესი, საინვესტიციო საქმიანობაზე მოქმედი ყველა ოპერაციული რისკების გათვალისწინებით;

ბ) მოხდეს საინვესტიციო პორტფელთან და აქტივების თითოეულ კლასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა და კომუნიკაცია;

გ) უზრუნველყოს ინვესტიციაზე ამონაგებისა და აღებული რისკების მონიტორინგი იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად არის კომპენსირებული გაწეული რისკები; და

დ) უზრუნველყოფილი იყოს საინვესტიციო რისკის გამოთვლის სისტემებისა და ფუნქციების სათანადო ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციებისგან.

3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს და მმართველობითი საბჭო ამტკიცებს საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი საქმიანობების ფუნქციურ და იერარქიულ გამიჯვნას.

4. საინვესტიციო პოლიტიკისა და აქტივების განთავსების სტრატეგიის განსაზღვრისას, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევისას, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრისას და საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, მმართველობითი საბჭო გაითვალისწინებს რისკების როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ მახასიათებლებს.

5. ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, როგორც ეს განმარტებულია რისკის მართვის ჩარჩოში, რომელიც დამტკიცებულია მმართველობითი საბჭოს მიერ და უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭვირვალობას რისკების მართვასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ფონდის დებულება განსაზღვრავს იმ ორგანიზაციულ წყობას, რომლის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო ადგენს და იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის რისკების სტრატეგიასთან და რისკების მართვის მიდგომასთან დაკავშირებით. კერძოდ:

ა) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური, როგორც დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი რისკების, მათ შორის, საბაზრო, საკრედიტო, კონცენტრაციის, ლიკვიდობის და სხვა საინვესტიციო რისკების მართვაზე და ანგარიშგებაზე მმართველობით საბჭოსთან და საინვესტიციო კომიტეტთან. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური უზრუნველყოფენ საინვესტიციო გადაწყვეტილებისა და ტრანზაქციების შესაბამისობას ამ პოლიტიკით დადგენილ ლიმიტებთან. საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური იხელმძღვანელებენ მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული რისკის მართვის ჩარჩოთი;

ბ) მთავარი რისკის ოფიცერი, როგორც დაცვის მეორე ხაზი, პასუხისმგებელია რისკების ზედამხედველობაზე, მათ შორის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის მონიტორინგზე, ასევე რისკების დამოუკიდებელ ანგარიშგებაზე, რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად და ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს და რისკის კომიტეტის წინაშე;

გ) შიდა აუდიტი, როგორც დაცვის მესამე ხაზი, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და ობიექტურ შეფასებას შიდა კონტროლის, მმართველობისა და რისკის მართვის სისტემების დიზაინისა და ეფექტიანობის შესახებ და ანგარიშვალდებულია აუდიტის კომიტეტთან და მმართველობით საბჭოსთან.

6. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს და მმართველობითი საბჭო ამტკიცებს რისკის აპეტიტს და რისკის ლიმიტებს, როგორც ეს ამ პოლიტიკაშია განსაზღვრული. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ აღნიშნული ლიმიტებით. ბაზრის მოძრაობების, შეფასების ცვლილებების ან სხვა გარე ფაქტორების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ლიმიტის დარღვევა ექვემდებარება ესკალაციას, დაფიქსირებას და გამოსწორებას კანონის და რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისა