1. საპენსიო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) აქტივების მართვისას ხელმძღვანელობს შემდეგი საინვესტიციო პრინციპებით, რომლებიც გავლენას ახდენენ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე, სტრატეგიული პრიორიტეტებისა და მმართველობითი ჩარჩოს ფორმირებაზე:

ა) აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია საინვესტიციო მიზნების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქტივების კლასების სტრატეგიულ განაწილებას, გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტისა და მიზნების გათვალისწინებით, უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ამონაგებზე, ვიდრე ეს ცალკეული ფასიანი ქაღალდისა თუ ინვესტირების სწორი დროის შერჩევას შეიძლება ჰქონდეს.

ბ) რისკის აღება ინვესტირებისთვის აუცილებელი პირობაა, შესაბამისად გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად შესაბამისი რისკის აღება აუცილებელია, რაც საინვესტიციო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

გ) გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი და მინიმალური მოკლევადიანი ლიკვიდურობის საჭიროება, გრძელვადიან აქტივებში ინვესტირებით სააგენტო ცდილობს ისარგებლოს ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული არალიკვიდობისა და ვადიანობის პრემიუმებით, რაც გრძელვადიანი მიზნების მიღწევისათვის საუკეთესო მიდგომაა.

დ) ინდივიდუალური საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ისინი უნდა იმართებოდეს გონივრულად და დადგენილი ლიმიტების გათვალისწინებით – სააგენტო იყენებს აქტივების აქტიური მართვის პრინციპებს და ყურადღებით აკვირდება მსოფლიო ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს, რათა შეძლოს მომგებიანი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. დროდადრო ბაზარი შეიძლება იყოს არაეფექტური, თუმცა მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდულია. სააგენტო აქტიური ამონაგების სტრატეგიებს იყენებს, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც სააგენტო კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს.

ე) დივერსიფიკაცია აუცილებელია რისკის მართვისთვის – დივერსიფიკაციის მნიშვნელოვნება აქტივის კლასების, გეოგრაფიული, სექტორული და საინვესტიციო სტრატეგიების მიხედვით საყოველთაოდ აღიარებულია. სათანადოდ დივერსიფიცირებული პორტფელი ინდივიდუალური ფასიანი ქაღალდების რისკის გავლენას ამცირებს და ეკონომიკური კრიზისებისა და ბაზრის მერყეობასთან მიმართებით პორტფელის მდგრადობას აუმჯობესებს.

ვ) ხარჯების სწორი მართვა უმნიშვნელოვანესია წმინდა მომგებიანობის მაქსიმიზაციისათვის – საინვესტიციო ხარჯებს პირდაპირი გავლენა აქვს პორტფელის წმინდა ამონაგებზე. ხარჯები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საინვესტიციო შესაძლებლობების ხარისხის გაუარესების ხარჯზე. ყველა სტრატეგია, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, მიმართული უნდა იყოს რისკის მიხედვით კორექტირებული შემოსავლიანობის ზრდისაკე