1. სარეაგენტო განყოფილებები, სადაც ხდება მყარი რეაგენტების გახსნა, ხსნარების დამზადება, თხევადი რეაგენტების განზავება, დალექვა და მომზადებული რეაგენტებისა და თხევადი რეაგენტების მიწოდება ფაბრიკის სახარჯო კასრებში, იზოლირებული უნდა იყოს ფაბრიკის ყველა სხვა განყოფილებისგან.
2. რეაგენტებად ან გამხსნელებად იწვებადი და ცეცხლსაშიში მასალების (ნავთის, სკიპიდარის, ნახშირწყალბადიანი ზეთების, ფისის) გამოყენებისას სარეაგენტო განყოფილების სათავსი უნდა პასუხობდეს ხანძარსაწინაღო წესებსა და ნორმებს.
3. რეაგენტების მომზადების განყოფილებებსა და მათ ცალკეულ სათავსებში ტემპერატურა უნდა განისაზღვროს ამ სათავსებში მოსამზადებელი რეაგენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე.
4. სარეაგენტო განყოფილებებში, სადაც შესაძლებელია დიდი რაოდენობის მავნე აირების უეცარი გამოყოფა ჰაერში, გათვალისწინებული უნდა იყოს საავარიო გამწოვი ვენტილაცია, აგრეთვე, განსაზღვრულ ადგილზე უნდა ინახებოდეს სათადარიგო აირწინაღები, რომელთა რიცხვი 50%-ით უნდა აღემატებოდეს ცვლაში მომუშავეთა მაქსიმალურ სიით შემადგენლობას. ამ განყოფილებებში სამუშაოთი დასაქმებული პირებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული აირწინაღები.
5. მშრალი რეაგენტების მიმწოდებელ და დამფქველ დანადგარებთან გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მტვერსასრუტი მოწყობილობა, ხოლო სათავსებში – სამარჯვები მტვრის მშრალი და სველი აწმენდისათვის.
6. ხსნარების როფები და სალექრები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული კომუნიკაციები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათში მოთავსებული რეაგენტების სრულად გადატანა ხსნარების განყოფილებებში გათვალისწინებულ საავარიო ტევადობებში.
7. სარეაგენტო განყოფილებებში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომატური კონტროლი ხმოვანი და შუქური სიგნალიზაციით, რომელიც აჩვენებს ხსნარების როფების შევსების დონეს.
8. ქსანტოგენატისა და სხვა აფეთქებასაფრთხიანი ნივთიერებების გამხსნელ აპარატებს უნდა ჰქონდეს ისეთი შესრულება, რომელიც გამორიცხავს ნაპერწკლის წარმოქმნას.
9. ციანოვანი ხსნარების მოსამზადებელი სათავსები სარეაგენტო განყოფილების სხვა სათავსებიდან უნდა იყოს იზოლირებული და დაკეტილი მუდმივად, ხოლო ჩამდინარი წყლებისა და ნარჩენების დრენაჟი – განკერძოებული სხვა სარეაგენტო განყოფილებების დრენაჟიდან. აღნიშნულ განყოფილებაში სამუშაოზე დაშვებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური მოწმობა.
10. აპარატურა და დანადგარები, რომელთა დანიშნულებაა ციანიდიანი ქილების გახსნა და ციანიდის განტვირთვა ბუნკერსა და გამხსნელ როფებში, აგრეთვე, გამხსნელი და მზა ხსნარების შესანახი როფები უნდა იყოს საგულდაგულოდ ჰერმეტიზებული და ჰქონდეს სათადარიგო სავენტილაციო დანადგართან ბლოკირებული ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
11. რეაგენტების მომზადების, გახსნისა და ტრანსპორტირების ყველა ძირითადი და დამხმარე ოპერაცია უნდა იყოს მექანიზებული. ამ ოპერაციების ხელით შესრულება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა რეაგენტების დღეღამური ხარჯი 10 კგ-ზე ნაკლებია. რეაგენტების მცირე ხარჯის დროს მათი გადატანა უნდა ხდებოდეს გადასახსნელსახურავიანი ჭურჭლებით.
12. კირის ტრანსპორტირება კირის ხსნარის მოსამზადებელ განყოფილებაში, აგრეთვე, მომზადების პროცესიც უნდა იყოს მექანიზებული.
13. ყოველი რეაგენტის როფს და სალექარს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარწერა რეაგენტის დასახელებით, აგრეთვე, გადასასხმელი მილი და დონესაზომი.
14. ყველა მილსადენი შეღებილი უნდა იყოს პირობითი ფერით სტანდარტის შესაბამისად. სარეაგენტო განყოფილებების სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა პირი გაცნობილი უნდა იყოს მილსადენების შეღებვის პირობით ფერებს. ციანიანი ციკლის აპარატებსა და როფებზე საღებავით დატანილი უნდა იყოს შხამიანობის მაჩვენებელი ნიშნები: დახატული თავის ქალა და წარწერა „შხამი“.
15. კაუსტიკური სოდის, კალციუმქლორიდის, მაგნიუმქლორიდისა და ამონიუმქლორიდის ხსნარების დამზადების დროს დოლების გახსნა, მსხვილი ნატეხების დაწვრილმანება, მათი ჩატვირთვა გამხსნელ კასრებში უნდა ხდებოდეს ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
16. დენგამტარი ხსნარების მომზადების სამუშაოებზე განათებისთვის დასაშვებია გამოყენებულ იქნეს გადასატანი ნათურები, რომელთა ძაბვა 12 ვ-ს არ აღემატება.
17. ტარის შენახვა სარეაგენტო განყოფილების სამუშაო სათავსებში აკრძალულია. ტარა უნდა გაუვნებლდეს და ჩაბარდეს საწყობში. ციანიანი შენაერთების ტარა უნდა გაუვნებლდეს დაუყოვნებლივ და ჩაბარდეს საწყობში სხვა ტარისაგან განცალკევებით.
18. რეაგენტების ხსნარების ანალიზისათვის სინჯების აღებისას აკრძალულია რეაგენტის პირით შეწოვა სიფონში ან პიპეტში.
19. სარეაგენტო განყოფილებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვენტილატორების მუშაობის შეწყვეტის მაუწყებელი ხმოვანი და შუქური სიგნალიზაცია.
თავი VI
მსხვრევ
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
თავი V — სარეაგენტო მეურნეობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მოწყობილობის პროფილაქტიკური დათვალიერება
- მუხლი 11. მომზადება სარემონტო სამუშაოებისათვის
- მუხლი 12. სარემონტო სამუშაოები
- მუხლი 13. აირალიანი სამუშაოები
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები სარეაგენტო მეურნეობის მიმართ
- მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
- მუხლი 17. სამსხვრეველები
- მუხლი 18. ცხავები
- მუხლი 19. მკვებავები
- მუხლი 20. საერთო მოთხოვნები წისქვილებისა და კლასიფიკატორების მიმართ
- მუხლი 21. წისქვილები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-16/