1. მანქანების მუშაობისას აკრძალულია სპეციალური სამარჯვების გარეშე მოძრავი ნაწილების და შემოღობვის რემონტი, გაბნეული ქანის ხელით აღება, აგრეთვე, მოქმედი მანქანების ხელით შეზეთვა.
2. დამტვრიანებული ჰაერის კოლექტორთან შეერთებული ვენტილატორების რემონტი (საამქროს მუშაობისას) დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა როტორი დამუხრუჭებულია და ელექტროძრავა გამორთულია ქსელიდან, რაც გამორიცხავს მის შემობრუნებას. ამამუშავებელზე უნდა დაიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“.
3. სარემონტო-სამონტაჟო ბაქნების ზომებმა უნდა უზრუნველყოს მათზე მსხვილი კვანძების და დეტალების, სამარჯვების და ინსტრუმენტების, აგრეთვე, სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი მასალების განლაგება.
4. სარემონტო-სამონტაჟო ბაქანზე მანქანების კვანძების და დეტალების განლაგებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გასასვლელები ნორმების შესაბამისად.
5. ბაქანი არ უნდა ჩაიხერგოს და უნდა შეესაბამებოდეს მასზე დასალაგებელი ტვირთის წონას.
6. თუ სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ხარაჩო, ეს უკანასკნელი უნდა მოეწყოს მტკიცედ აგებულ საყრდენებზე. ამ მიზნით შემთხვევითი საყრდენების გამოყენება დაუშვებელია.
7. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფენილების და ხარაჩოების მოწყობა, 2 მ-ზე მეტ სიმაღლეზე კიბეებიდან სამუშაოების ჩატარებისას მუშებმა უნდა ისარგებლონ დამცავი ქამრებით.
8. სიმაღლეზე სამუშაოების ჩატარებისას დამცავი ქამრების ჩამაგრების ადგილები უნდა იყოს კონსტრუქციებზე აღნიშნული და განწესში მითითებული.
9. სარემონტო სამუშაოების ერთდროული შესრულება ორ და მეტ იარუსზე ვერტიკალში შესაბამისი დამცავი მოწყობილობის გარეშე,აკრძალულია.
10. სარემონტო სამუშაოების მექანიზაციისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს აუცილებელი სამარჯვები, რომლებიც მძიმე მოწყობილობის აწევის და ჩამოღების საშუალებას იძლევა.
11. სარემონტო ბაქნის ზონაში რემონტის მექანიზაციისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძლიერებული გადახურვის სამშენებლო ელემენტების დაყენება ბლოკების მარყუჟის ქვეშ ან მონორელსის დამაგრება.
12. აკრძალულია კოჭებსა და სხვა სამშენებლო კონსტრუქციებზე დროებითი სამარჯვების ჩამოკიდება სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცეზე გამოცდის გარეშე.
13. ფაბრიკის მოქმედ საამქროებსა და განყოფილებებში სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას სამუშაოების ხელმძღვანელი საამქროს ან განყოფილების ადმინისტრაციასთან ერთად ვალდებულია დაამუშაოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების უსაფრთხო შესრულებას, აგრეთვე მუშაობაში დარჩენილი მოწყობილობის ნორმალურ ფუნქციონირებას.
14. სანარდო ორგანიზაციის მიერ რემონტის შესრულებისას სამუშაოები უნდა ჩატარდეს განწესდაშვებით გათვალისწინებული სამუშაოების ორგანიზაციის პროექტის შესაბამისად.
15. ხანძარსახიფათო ადგილებში ცეცხლის სამუშაოებთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს დადგენილი წესით გაფორმებული წერილობითი განწესდაშვების შესაბამისად.
16. სამსხვრეველებზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ადამიანების ასვლა და ჩამოსვლა უნდა მოხდეს კიბეებით. აკრძალულია სამუშაო ზონაში ადამიანების ჩასვლა დამცავი ქამრის და დამზღვევი ბაგირის გარეშე.
17. ტექნოლოგიური მოწყობილობის რემონტისას მისი ამძრავი უნდა გამოირთოს ქსელიდან, ხოლო ასამუშავებელ მოწყობილობაზე უნდა გაიკრას პლაკატები: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“. აუცილებელ შემთხვევებში უნდა გამოირთოს წინა და შემდეგი ტექნოლოგიური მოწყობილობის ამძრავები.
18. მბრუნავროტორიანი მოწყობილობის (დოლური ცხავები, ჩაქუჩიანი, მუშტა სამსხვრეველები და ა.შ.) შიგნით სამუშაოს ჩატარება ნებადართულია ამ მოწყობილობის კორპუსების (გარსაცმების) ღია სახურავების საიმედოდ დამაგრების შემდეგ იმ მდგომარეობაში, რომელიც გამორიცხავს სახურავების თავისით დახურვას, აგრეთვე, წინა პუნქტის მოთხოვნების შესრულების შემდეგ.
19. გამდნარი თუთიით ამონაგის ავსება უნდა შეასრულონ პირებმა, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება, ინსტრუქტაჟი, აქვთ ასეთი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, უზრუნველყოფილნი არიან სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ავსება აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოსტატის ან ბრიგადირის თანდასწრებით.
20. კონვეიერებზე ლენტის შეცვლისას და ლენტის ბოლოების გაკერვისას, ელევატორების ჯაჭვების ბოლოების შეერთებისას და ა.შ. სამუშაოები უნდა ჩატარდეს სათანადო ტვირთამწეობის სატაკელაჟო მოწყობილობის დახმარებით.
21. კონვეიერების ლენტის ბოლოების ვულკანიზაცია უნდა ჩატარდეს ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად,საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების მიხედვით.
22. ამონაგის რემონტისა და შეცვლისათვის ბუნკერებში გამოყენებულ უნდა იქნეს სამარჯვები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნკერის დახრილ კედლებზე სამუშაოების უსაფრთხოებას.
23. სარემონტო სამუშაოების ზონაში ბუნკერებში ჩატვირთვა აკრძალულია. გასარემონტებელი უბნის ზემოთ განლაგებული ზედა ჩასატვირთი ღიობები უნდა დაიხუროს სიგრძეზე, რაც უზრუნველყოფს სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოებას.
24. წისქვილში ღეროების და ბურთულების ჩატვირთვა, აგრეთვე, წისქვილიდან ბურთულების ამოტვირთვა,უნდა იყოს მექანიზებული.
25. წისქვილის დოლის მობრუნება, აგრეთვე, ახალი ამონაგის ჩალაგების დროს ამონაგის ჭანჭიკების ამოგდება, როცა წისქვილის დოლში ადამიანები იმყოფებიან, აკრძალულია.
26. წისქვილის დოლის შიგნით ამოსაგები ფილების გადაადგილებისა და ჩაწყობისათვის სპეციალური მექანიზმების არარსებობისას, ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ მუშებმა, რომლებსაც მიღებული აქვთ ინსტრუქცია და გავლილი აქვთ სწავლება სატაკელაჟო სამუშაოების შესრულებაში.
27. წისქვილების კვლავამოგებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს წისქვილების თავისით შემოტრიალებას. წისქვილების კვლავამოგება დასაშვებია მისგან ღეროების ან ბურთულების როგორც წინასწარი გადმოტვირთვით, ასევე გადმოტვირთვის გარეშე. გადმოტვირთვის გარეშე კვლავამოგებისას წისქვილის შიგნით აუცილებლად უნდა მოეწყოს ფენილი და დაცულ უნდა იქნეს საწარმოო ინსტრუქციით გათავალისწინებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.
28. წისქვილის დოლის შიგნით ამოსაგები ფილების შედუღებისა და ჭრისას უნდა განხორციელდეს იძულებითი განიავება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჰაერის ნორმალური შედგენილობა.
29. საჰაერო შლანგების, პნევმატიკური ინსტრუმენტების და დანადგარების მიერთება და გათიშვა ნებადართულია მხოლოდ ჰაერის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ.
30. მისადგამი კიბიდან მექანიზებული ინსტრუმენტით სამუშაოების ჩატარება აკრძალულია.
31. ღოჯით და სხვა ხელის ინსტრუმენტებით ლითონის ჩაჭრის, ჭრისა და წმენდისას მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური მცველი სათვალეებით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – დამცავი ეკრანებით.
32. სარემონტო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური რუკების შესაბამისად, რომლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ღონისძიებები რემონტის ცალკეული ოპერაციების შესრულებისას. ტექნოლოგიური რუკების არარსებობის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წერილობითი განწესის შესაბამისად.
33. სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას სახიფათო ზონები უნდა შემოიღობოს და გამოიკიდოს მაფრთხილებელი პლაკატები.
34. საშრობი დანადგარების (საშრობი დოლები, ელექტრული ღუმლები და ა.შ.) რემონტი დასაშვებია მათი მთლიანი გაჩერების, გაქრევის, თბოშემცველის მოწოდების გამორთვის და გასარემონტებელი უბნის ტემპერატურის 400C-მდე დაწევის შემდეგ (თუ ადგილი არა
აქვს დაგაზიანებას).
35. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მიმღებ ძაბრში ან ბუნკერში ადამიანების ჩაშვებისას უნდა შედგეს განწესდაშვება და სამუშაოების ორგანიზაციის გეგმა შემდეგი პირობების აუცილებელი დაცვით:
ა) ბუნკერი მთლიანად უნდა გაიწმინდოს მასალისაგან;
ბ) სამუშაო უნდა ჩატარდეს სპეციალურად გამოყოფილი ტექნიკური ზედამხედველი პირის მუდმივი ზედამხედველობით, ხოლო მუშებს,საწარმოში დამუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად,აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი ბუნკერში სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ;
გ) შუალედი ბუნკერების მიმღებ და სატრანსპორტო მოწყობილობის სამუშაო ბაქნებსა და ბუნკერების საკეტების მექანიზმებზე დაყენებული უნდა იქნეს ბუნკერების შიგნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ სიგნალის მიმცემი მაფრთხილებელი ნიშნები;
დ) ბუნკერებზე, რომლებშიც ადამიანები იმყოფებიან, ვაგონების, ვაგონეტების ან ჩამომყრელი ურიკების გადაადგილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ ბუნკერებში საგნების ჩავარდნას. უნდა მოეწყოს აგრეთვე შესაბამისი გადახურვები;
ე) მუშების ბუნკერში ჩასვლის წინ აუცილებელია გაჩერდეს ჩამტვირთავი და განმტვირთავი მკვებავები, გამოირთოს ისინი და დაიკიდოს პლაკატები: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“, აგრეთვე განმხოლოვდეს წინა და შემდგომი ტექნოლოგიური მოწყობილობის ამძრავები;
ვ) ბუნკერში მუშაობისას ბრიგადის შემადგენლობაში უნდა იყოს, სულ მცირე, 3 ადამიანი, რომელთაგან ორი უნდა იმყოფებოდეს ბუნკერზედა ნაწილში;
ზ) მუშებმა, რომლებიც ატარებენ სარემონტო სამუშაოებს, უნდა გაიკეთონ დამცავი ქამრები და უნდა მიებან მტკიცე საყრდენზე. გვარლი ან ბაგირი სამუშაოების შესრულებისას უნდა იყოს დაჭიმული;
თ) აკრძალულია დამცავი ქამრის გვარლის ან ბაგირის მიბმა რკინიგზის რელსებზე, მაქოური კონვეიერების ჩარჩოებსა და განმტვირთავ ურიკებზე, აგრეთვე სხვა მოწყობილობაზე;
ი) ბუნკერში მომუშავე ადამიანებისათვის ნებისმიერი საფრთხის წარმოქმნისას ისინი დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გამოყვანილი ბუნკერიდან;
კ) ბუნკერის შიგნით განათებისათვის გამოყენებული უნდა იყოს არა უმეტეს 12 ვ ძაბვაზე მომუშავე გადასატანი ნათურები
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 12. სარემონტო სამუშაოები
თავი IV — ზოგადი მოთხოვნები ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობის მიმართ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ფაბრიკა-საწარმო
- მუხლი 7. დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება
- მუხლი 8. ექსპლუატაცია
- მუხლი 9. მოწყობილობის ექსპლუატაცია
- მუხლი 10. მოწყობილობის პროფილაქტიკური დათვალიერება
- მუხლი 11. მომზადება სარემონტო სამუშაოებისათვის
- მუხლი 13. აირალიანი სამუშაოები
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები სარეაგენტო მეურნეობის მიმართ
- მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
- მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
- მუხლი 17. სამსხვრეველები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 12, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-12/