1. გაზის მეურნეობის ექსპლუატაციისას დაცული უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2002 წლის 28 მარტის №8 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში“ მოთხოვნები.
2. მანქანებისა და მექანიზმების მოძრავ ნაწილებს, ღვედურ და სხვა გადაცემებს უნდა ჰქონდეს შემოღობვები, რომლებიც გამორიცხავენ მათთან შეღწევას მუშაობის დროს. მოძრავი ნაწილების შემოღობვა საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.
3. მბრუნავ ნაწილებს (ლილვებს, ქუროებს, შკივებს, დოლებს, ფრიქციულ დისკებს და სხვა) უნდა ჰქონდეს მთლიანი ან არაუმეტეს 25 x 25 მმ ზომის უჯრედების მქონე ბადური შემოღობვები. კონვეიერების დოლების ბადური შემოღობვებისათვის დასაშვებია არა უმეტეს 40 x 40 მმ ზომის უჯრედები. კბილა და ჯაჭვურ გადაცემებს, მიუხედავად მათი განლაგების სიმაღლისა და სიჩქარისა, უნდა ჰქონდეს მთლიანი შემოღობვები.
4. მოწყობილობის ამუშავების წინ მიცემული უნდა იყოს მაფრთხილებელი სიგნალი.
5. ხილვადობის ზონის გარეთ მდებარე მოწყობილობის ამუშავების წინ მიცემული უნდა იყოს, სულ მცირე, 10 წმ. ხანგრძლივობის ხმოვანი მაფრთხილებელი სიგნალი. პირველი სიგნალის შემდეგ გათვალისწინებული უნდა იქნეს, სულ მცირე, 30 წმ. დროის დაყოვნება. ამის შემდეგ მოწყობილობის ამუშავებამდე მიცემული უნდა იქნეს 30 წმ. ხანგრძლივობის მეორე სიგნალი. მექანიზმებისა და მოწყობილობის ამუშავება ბლოკირებული უნდა იყოს აღნიშნული დროის დაყოვნების შესრულებასთან. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობის ამუშავების შესახებ უნდა ჩაირთოს ხმამაღლამოლაპარაკე კავშირი ასამუშავებელი მოწყობილობის დასახელებისა და ტექნოლოგიური ნუმერაციის მითითებით. ადგილებში, სადაც მომატებულია ხმაურის დონე, მოწყობილობის ამუშავების წინ აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული მადუბლირებელი შუქური სიგნალიზაცია.
6. მოწყობილობის ამუშავების წინ სიგნალების მიცემის წესი უნდა გაეცნოს ფაბრიკის ყველა მუშაკს. სიგნალების პირობითი აღნიშვნები გამოკიდებული უნდა იყოს ხილულ ადგილებში.
7. მოწყობილობის ამუშავებისას დაცული უნდა იყოს მომსახურე პერსონალის სრული უსაფრთხოება.
8. კაპიტალური რემონტის შემდეგ მოწყობილობას საექსპლუატაციოდ იღებს ფაბრიკის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული კომისია. მონტაჟის ან რემონტის შემდეგ მოწყობილობის ამუშავების წინ შემოწმებული უნდა იქნეს, ხომ არ იმყოფება სახიფათო ზონაში ხალხი და გარეშე საგნები. ამუშავება ხდება სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი ოსტატის ან ბრიგადირის ზედამხედველობითა და საამქროს ან უბნის მექანიკოსის, ცვლის მექანიკოსის, ან მათი შემცვლელი პირის აუცილებელი მონაწილეობით.
9. მოწყობილობის ელექტროძრავებს, რომელთა თვითამუშავება დაუშვებელია, უნდა ჰქონდეს აპარატურა ავტომატური გამორთვისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან სხვა რაიმე მიზეზით მოწყობილობის გაჩერებისას.
10. ერთი ან რამდენიმე დანადგარის მომსახურების ყოველ პუნქტში უნდა იყოს ცვლის მიღება-ჩაბარების წიგნი, რომლის წარმოების სისწორის შემოწმება ხდება პერიოდულად, უბნის (საამქროს) ზედამხედველის მიერ.
11. მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული პროექტებით გაუთვალისწინებელი მოწყობილობისა და სამარჯვების დაყენება დასაშვებია მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვით.
12. მოწყობილობის ექსპლუატაცია წარმოებს პასპორტებით, ტექნოლოგიური რუკებით ან სპეციალური ინსტრუქციებით დადგენილი ტექნიკური რეჟიმების დაცვით.
13. ექსპლუატაციაში მყოფი მოწყობილობა, გამოყენებული ინსტრუმენტები და სამარჯვები უნდა იყოს წესივრული. მათი დათვალიერება, პერიოდული შემოწმება და გამოცდა ხდება მოქმედი ინსტრუქციებისა და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. უწესივრო მოწყობილობის ამუშავება, უწესივრო ინსტრუმენტებისა და სამარჯვების გამოყენება დაუშვებელი