1. რეაგენტებზე მუშაობისას და მათი შენახვისას უნდა განხორციელდეს შესაბამისი სათავსის ვენტილაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათავსიდან მავნე ნივთერებების მოცილება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დადგენილ დონემდე „სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 25 დეკემბრის №346/ნ ბრძანების შესაბამისად.
2. სამუშაოები რეაგენტებზე, მათ შორის, მოწყობილობის გაწმენდა და რემონტი,უნდა ჩაატაროს სულ ცოტა ორმა მუშამ,ინდივიდუალური დაცვის აუცილებელი საშუალებების გამოყენებით.
3. რეაგენტებზე მუშაობის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რომლებიც იძლევა გაშხეფის, გაფრქვევის და ნიადაგზე, იატაკზე, მოწყობილობაზე, ტარასა და ტანსაცმელზე მათი დაღვრის თავიდან აცილების საშუალებას. რეაგენტები, რომლებიც იატაკზე ან აპარატურაზე მოხვდება, მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად უნდა იქნენ აწმენდილი, ნეიტრალიზებული და წყლით გულმოდგინედ ჩამორეცხილი.
4. რეაგენტების შენახვის, დატვირთვის და განტვირთვის ადგილებში დაღვრილი და დაყრილი რეაგენტების გასაუვნებლებლად გათვალისწინებული უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის აუცილებელი საშუალებები.
5. აკრძალულია საკვების მიღება და მოწევა სათავსებში, სადაც ინახება რეაგენტები ან წარმოებს მათზე მუშაობა, აგრეთვე, რეაგენტებთან ხელით შეხების შემდეგ საკვების დაუბანელი ხელით აღება.
6. კანის ზედაპირიდან წყლის ჭავლის უხვი ჩამორეცხვის გზით მჟავას ან ტუტის სწრაფი მოცილებისათვის სარეაგენტო განყოფილებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა წვრილი შლანგით, რომელიც აღჭურვილია საცობიანი ონკანით და გამფრქვევი ნაცმით, აგრეთვე, სასმელი შადრევნის მსგავსი მოწყობილობა თვალების გამორეცხვისათვის. აღნიშნული მოწყობილობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით.

7. რეაგენტებიან სათავსებში (სარეაგენტო საწყობები, სარეაგენტო განყოფილებები, სადოზირებელი ბაქნები მთავარ კორპუსებში, ყველა საამქრო და განყოფილება, რომლის მუშაობა დაკავშირებულია რეაგენტების და მათი ხსნარების გამოყენებასთან) გამოყოფილი უნდა იქნეს სპეციალური ადგილები, რომლებიც აღჭურვილია დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებით, სახვევი მასალებით, შხამსაწინააღმდეგო აფთიაქის მთლიანი კომპლექტით. შხამსაწინააღმდეგო კომპლექტები უნდა ინახებოდეს სხვა მედიკამენტებისა და სახვევი მასალებისაგან განცალკევებულად, წარწერებიან სპეციალურ კარადებში და უნდა იყოს დალუქული. თვალსაჩინო ადგილას, მათ გვერდით, უნდა დაიკიდოს მოწამვლისა და დამწვრობის დროს პირველი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქციები, აგრეთვე, შხამსაწინააღმდეგო საშუალებების შენახვის მოთხოვნები და პირობები.
8. ყველა პირმა, რომელიც მუშაობის დროს რეაგენტებს ეხება, მუშაობის შემდეგ უნდა მიიღოს შხაპი.
9. სავენტილატორო დანადგარის გაჩერებისას ან, თუ მავნე ნივთიერებების რაოდენობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, მუშაობა სათავსში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და მუშები გაყვანილ უნდა იქნენ სუფთა ჰაერზე.
10. აკრძალულია გარეშე პირების შესვლა იმ სათავსებში, სადაც ინახება რეაგენტები ან მიმდინარეობს მათზე მუშაობა.
11. პირებმა, რომლებიც სარეაგენტო განყოფილებებსა და საწყობებში დაიშვებიან სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, სავენტილაციო სისტემების და რეაგენტსადენების გასაწმენდად, ტევადობების დასათვალიერებლად, გასაწმენდად და გასაუვნებლებლად, სამუშაოს ხელმძღვანელისგან უნდა მიიღონ წინასწარი ინსტრუქტაჟი, ჰქონდეთ სპეციალური განწესდაშვება სამუშაოს მოცულობის და უსაფრთხოების ზომების ჩვენებით.
12. რეაგენტების ნარჩენებისაგან გასაწმენდად რეზერვუარში ჩასვლისას მუშებმა უნდა ისარგებლონ მცველი ქამრებით. თოკის ბოლო უნდა ეჭიროს რეზერვუარის ლიუკის ზემოთ მდგომ ორ მუშას.
13. მუშები, რომლებიც აწარმოებენ როფების და სხვა ტევადობების შიგა ზედაპირების გაწმენდას ან რემონტს, უნდა სარგებლობდნენ შლანგიანი ან საიზოლაციო აირწინაღებით.
14. ფლოტაციური რეაგენტების ტევადობების და კომუნიკაციების დათვალიერება, გაწმენდა და რემონტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ტევადობების გაუვნებლების ან რეაგენტების მთლიანად მოცილების შემდეგ. რეაგენტების ტევადობების დათვალიერებისას, ნალექებისაგან გაწმენდისა და რემონტისას მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები.
15. აეროფლოტების (დითიოფოსფატების) ტევადობების გაწმენდა წარმოებს წყლის გამოუყენებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული წყლის მოქმედებით გოგირდწყალბადის გამოყოფა.
16. მჟავას, ამინის ხსნარების, თხევადი ფენოლის აეროფლოტების, კრეზოლის, ქსილენოლის, ფენოლის, მძიმე პირიდინის და სხვადასხვა ფლოტოზეთების როფების გაწმენდისას მუშებს მუშაობის დროს უნდა მიეცეთ შესაბამისი სპეცტანსაცმელი დადგენილი ნორმებით.
17. აკრძალულია ნამუშევარი საწმენდი მასალების მოფანტვა, აგრეთვე, მათი დატოვება როფებსა და აპარატებში. ნამუშევარი საწმენდი მასალები უნდა დაგროვდეს სახურავიან რკინის ურნებში და აუცილებლობის შემთხვევაში განეიტრალდეს და მოისპოს.
18. რეაგენტებიან სათავსებში (საწყობები, სარეაგენტო განყოფილებები, ბაქნები და სხვ.) აკრძალულია მუშების კუთვნილი ზედა ტანსაცმლისა და კვების პროდუქტების შენახვა.
19. რეაგენტების შენახვა, მომზადებასა და ტრანსპორტირებაზე უნდა დამუშავდეს ტექნოლოგიური რეჟიმის რუკები, რომლებიც მტკიცდება ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
20. სარეაგენტო განყოფილებაში და საწყობებში დასაქმებულ მუშებს ხელზე უნდა მიეცეთ ინსტრუქციები რეაგენტების შენახვის, მომზადების და ფაბრიკაში ხსნარის მიწოდების, აგრეთვე, პირველი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი პირობებისა და გამოყენებული რეაგენტების სპეციფიკის გათვალისწინებით. ინსტრუქციები აგრეთვე გამოკიდული უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე.
21. სათავსები, რეაგენტების გადმოტვირთვის, ტარისა და ჭურჭლების გახსნის ადგილები, ხსნარის როფები, სალექრები და სხვა დანადგარები, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების გამოყოფა, საერთო ვენტილაციასთან ერთად აღჭურვილი უნდა იყოს ჰერმეტულგარსაცმიანი ადგილობრივი გამწოვი მოწყობილობით.
22. დაუშვებელია ფლოტორეაგენტების განყოფილებიდან და სასაწყობო სათავსებიდან ჩამდინარე წყლების გამოშვება და ნაგვის გადაყრა მათი წინასწარ გაუვნებლების გარეშე. დაუშვებელია აგრეთვე ჩამონადენების გაერთიანება, თუ ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები შხამიანი აირების (გოგირდწყალბადი, ციანოვანი წყალბადი, დარიშხანოვანი წყალბადი და სხვ.) გამოყოფით ან წარმოიქმნება მილსადენების დამანაგვიანებელი უხსნადი ნივთიერებების დიდი რაოდენობა