1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი აგრარული განათლება, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესების მართვის გამოცდილება, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდებულოობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატთა რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
3. განცხადების მიღების დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.
7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა ში, ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.