1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი, მათი მოადგილეები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან რექტორის ბრძანებით სათანადო მმართველი სუბიექტების წარდგინების საფუძველზე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეული ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
4. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკს მიღწევა.
5. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. ისინი უფლებამოსილი არიან გაუძღვნენ სემინარულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.
6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია თანამდებობის დაკავების გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პიროვნება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით ან სამეურნეო-ტექნიკურ პროცესებში მონაწილეობის ან/და მათი წარმართვის მიზნით. მოწვეული სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით.
8. აკადემიური, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით.
9. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეუძლია უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტი, განყოფილება, ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება).
10. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეუძლია უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეუძლია უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
12. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები არ შეიძლება არჩეული იყვნენ წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.
13. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.