1. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული საგამოცდო ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოიყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაიწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მეთვალყურის თანხლებით.
7. საგამოცდო დროის ამოწურვის ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული მაგისტრანტობის კანდიდატის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის მთლიანობას და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
8. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება საგამოცდო სექტორში საგამოცდო დროის ამოწურვის დროს მყოფი მაგისტრანტობის კანიდატის თანდასწრებით, სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში