1. ნავთობის ბაზაში ღია ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ოპერაციების დროს სტატიკური ელექტრობის განმუხტვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეზერვუარების, ცისტერნების, აგრეთვე ნავთობპროდუქტების დონის გაზომვის და სინჯის ასაღები ლითონისგან დამზადებული საშუალებების ჩამიწება.
2. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად ჩამამიწებელი მოწყობილობა გაერთიანებული უნდა იქნეს ელექტროდანადგარის ჩამამიწებელ მოწყობილობასთან და მეხდაცვასთან. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად განკუთვნილი ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს 100 ომს.
3. ტექნოლოგიური მოწყობილობის ყველა ლითონური და ელექტროგამტარი არალითონური ნაწილი უნდა იყოს ჩამიწებული მიუხედავად სტატიკური ელექტრობისაგან დაცვის სხვა ზომების გამოყენებისა.
4. ლითონური და ელექტროგამტარი არალითონური მოწყობილობა, მილსადენები, სავენტილაციო მილები და მილსადენების აპარატების თერმული განმხოლოების გარსაცმები, თავის მხრივ, მთელ განფენილობაზე უნდა წარმოადგენდნენ უწყვეტ ელექტრულ წრედს, რომელიც ჩამიწების კონტურთან მიერთებული უნდა იყოს ყოველი 40-50 მ-ის შემდეგ ორ წერტილში მაინც.
5. ნავთობპროდუქტების ჩასხმის და ჩამოსხმის დროს ავტოცისტერნა და რკინიგზის გავონ-ცისტერნა შევსებისა და დაცლის მთელი დროის განმავლობაში მიერთებულ უნდა იქნეს ჩამამიწებელ მოწყობილობასთან. ცისტერნის ლიუკის გაღება და მასში ჩასასხმელი მილის (სახელოს) ჩაძირვა დასაშვებია მხოლოდ ცისტერნის ჩამიწების შემდეგ.
6. რეზერვუარში, ცისტერნაში ნავთობპროდუქტის ჩასხმა უნდა ხდებოდეს გაშხეფვის, გაფრქვევის ან ინტენსიური არევის გარეშე. ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმა თავისუფლად ვარდნილი ჭავლით დაუშვებელია. მანძილი ჩასასხმელი მილის ბოლოდან მიმღები ჭურჭლის ფსკერამდე არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ-ს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჭავლი მიმართული უნდა იყოს კედლის გასწვრივ.
7. სტატიკური ელექტრობის საშიში განმუხტვის წარმოქმნის ასაცილებლად რეზერვუარში, ცისტერნაში და გემის საცავში ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს ზღვრულად დასაშვებ სიდიდეს, რომლის დროსაც რეზერვუარში, ცისტერნაში, გემის საცავში ნავთობპროდუქტის ნაკადთან ერთად მოტანილმა მუხტმა არ გამოიწვიოს ნაპერწკლური განმუხტვა. ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები განისაზღვრება შესაბამისი გაანგარიშებით ტექნოლოგიური მილსადენების დიამეტრზე დამოკიდებულებით.
8. ცარიელი რეზერვუარის შევსებისას მიწოდების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 1 მ/წმ-ს მიმღებ-სარიგებელი მილყელის ზედა ნაწილის დაფარვამდე.
9. რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის სინჯის ხელით აღება დასაშვებია მისი ჩასხმის დასრულებიდან, სულ ცოტა, 10 წთ-ის შემდეგ. სინჯის აღებამდე სინჯასაღები საიმედოდ უნდა იქნეს ჩამიწებული მასზე მიდუღებული (მირჩილული) სპილენძის გვარლის მეშვეობით (მაგალითად, რეზერვუარის სახურავის მოაჯირთან). გვარლის მთლიანობა უნდა შემოწმდეს სინჯასაღების ყოველი გამოყენების წინ.
10. ჩამამიწებელი მოწყობილობის ელექტროწინაღობის გაზომვა უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ. გაზომვის და რემონტის შედეგები უნდა აისახოს სპეციალურ ჟურნალში.
თავი VIII. უსაფრთხოების მოთხოვნები სარემონტო სამუშაოების დრო