1. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები განისაზღვრება ადგილობრივი პირობებისა და სამუშაოების თავისებურებების გათვალისწინებით.
2. გაწმენდის სამუშაოების დაწყებამდე მუშებს უნდა ჩაუტარდეთ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების და პირველადი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქტაჟი და აისახოს განწეს-დაშვებაში (დანართი 3). განწეს-დაშვების გარეშე სამუშაოების დაწყება დაუშვებელია.
3. რეზერვუარში სამუშაოდ დაშვება უნდა ხდებოდეს შემდეგი პირობების უზრუნველყოფისას:
ა) ნავთობპროდუქტის ორთქლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს;
ბ) ჟანგბადის შემცველობა არ უნდა იყოს 20 %-ზე ნაკლები (მოცულობის მიხედვით);
გ) ჰაერის ტემპერატურა რეზერვუარში არ უნდა აღემატებოდეს 350
C-ს;
დ) რეზერვუარში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 70 %-ს.
4. რეზერვუარში სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია და სამუშაო ადგილის განათება. მომდენ-გამწოვი ვენტილაციის არარსებობისას მუშები უნდა აღიჭურვონ შლანგიანი აირწინაღებით.
5. რემონტის დაწყების წინ ტუმბო უნდა გაჩერდეს, გამოირთოს მილსადენებისგან (დაიკეტოს საკვალთები და დაყენდეს სახშობები) და გათავისუფლდეს პროდუქტისაგან. თუ რემონტი მიმდინარეობს მოქმედ სატუმბ განყოფილებაში, მიღებულ უნდა იქნეს ნაპერწკლის წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომები.
6. რემონტის დაწყებამდე მილსადენი უნდა დაიცალოს ნავთობპროდუქტისგან და საკვალთებით ან სახშობებით გამოირთოს მოქმედი მილსადენებისა და რეზერვუარებისგან. დაუშვებელია რკინის წნელით ან სხვა რაიმე ინსტრუმენტით მილსადენის გაწმენდა.
7. თხრილებში ან ჭებში არსებული მილსადენების რემონტის წინ აუცილებელია მათში ნავთობპროდუქტების ორთქლისა და აირების არარსებობაში დარწმუნება