1. საწარმოში საამფეთქებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ამ საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
2. საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სამთო-ტექნიკური განათლება, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვთ სწავლება.
3. საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლად დაიშვებიან პირები, რომლებსაც „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული აქვთ სათანადო პროფესიული განათლების დოკუმენტი.
4. ნებადართულია ამფეთქებელს დაენიშნოს დამხმარეები, რომლებსაც სათანადო ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ამფეთქებლის ხელმძღვანელობით შეუძლიათ შეასრულონ ისეთი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დამრტყმელი ვაზნების დამზადებასთან.
5. ამფეთქებლის დამხმარეს სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უფლება ეძლევა ამფეთქებელთან ერთი თვის განმავლობაში სტაჟიორად მუშაობის შემდეგ.
6. თუ ამფეთქებელი გადაჰყავთ სხვა სახის საამფეთქებლო სამუშაოზე, ის ვალდებულია გაიაროს ინსტრუქტაჟი. ახალ სამუშაოზე დაშვებამდე ამფეთქებელი გადის 10-დღიან სტაჟირებას.
7. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოდ გადასვლისას ამფეთქებელი გადის 15-დღიან სტაჟირებას. ზეკატეგორიის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში ამფეთქებლის გადაყვანისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება 20 დღით.
8. ამფეთქებელი, რომელსაც შეუწყდა სპეციალობით მუშაობის სტაჟი ერთ წელზე მეტი ხნით, დამოუკიდებლად სამუშაოდ დაიშვება 10-დღიანი სტაჟირების შემდეგ.
9. საწარმოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც დასაქმებული არიან საამფეთქებლო სამუშაოებით, ვალდებულია გაეცნოს ახლად მიღებული ფეთქებადი მასალების, აპარატურის, მოწყობილობის გამოყენების პირობებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში (ინსტრუქტაჟის ჟურნალში).
10. ფეთქებად მასალათა საწყობისა და ფეთქებად ნივთიერებათა მომზადების მექანიზებული პუნქტის გამგეებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელობის უფლება. ამ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ამფეთქებელიც.
11. ფეთქებადი მასალების საწყობის გამგეს უფლება არა აქვს შეასრულოს საამფეთქებლო სამუშაოები.
12. იმ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, სადაც ფეთქებად მასალებს იყენებენ სასწავლო ან ექსპერიმენტული მიზნებისათვის, საამფეთქებლო სამუშაოზე დაიშვებიან მეცნიერი თანამშრომლები, პედაგოგები და ლაბორანტები, რომლებასც გავლილი აქვთ 10-დღიანი სტაჟირება.
13. საამფეთქებლო სამუშაოებზე დაშვებულ პირთა ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად