1. ზედაპირული მუდმივი საწყობები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ჰქონდეთ წყალსარინი თხრილები;
ბ) მისასვლელი გზები უნდა იყოს სუფთა და წესივრულ მდგომარეობაში;
გ) საცავები ისე უნდა განლაგდეს, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს ყოველ მათგანთან მისვლა;
დ) საწყობის ტერიტორიაზე და მის გარეთ ცალ-კეულ საცავებს შორის, აგრეთვე საცავებსა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებს შორის მანძილები იანგარიშება ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებიდან გამომდინარე და უნდა აკმაყოფილებდეს წესების XI თავის მოთხოვნებს;
ე) საწყობი უნდა შემოიღობოს და აკრძალული ზონა უნდა შემოიფარგლოს ღობიდან სულ ცოტა 50 მეტრ მანძილზე. აკრძალული ზონის საზღვრებსა და მისი გამოყენების წესს განსაზღვრავს საწარმოს ადმინისტრაცია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით. აკრძალული ზონის საზღვარზე უნდა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები.
2. საწყობის ტერიტორიაზე ნებადართულია განლაგდეს მხოლოდ:
ა) ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებებისა და გამაგანიერებელი ასაფეთქებელი აპარატურის საცავები;
ბ) ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებებისა და გამაგანიერებელი ასაფეთქებელი აპარატურის კონტეინერების მოედნები;
გ) ფეთქებადი მასალების გასაცემი შენობა (სათავსი);
დ) დამხმარე სათავსი (საცავი, მოედანი);
ე) ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობა;
ვ) მიმღები რამპები და სხვა ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების მიღებასთან, შენახვასა და გაცემასთან;
ზ) უმარტივესი, გრანულირებული (მარცვლოვანი) და წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების, აგრეთვე ქარხნული წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების მექანიკური დამუხტვისათვის მოსამზადებელი პუნქტები;
თ) ლაბორატორია;
ი) საყარაულო კოშკურები, საყარაულო ძაღლების ჯიხურები;
კ) კოშკურები (ანძები, ბოძები) გასანათებელი მოწყობილობით, პროჟექტორებით და ა.შ.;
ლ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ფარდული;
მ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავი;
ნ) გასასვლელი ჯიხურები.
3. აკრძალული ზონის გარეთ, XI თავით განსაზღვრული საშიში ზონის ფარგლებში, ნებადართულია განლაგდეს:
ა) ფეთქებადი მასალების გამოსაცდელი და გასანადგურებელი, ტარის დასაწვავი პოლიგონი;
ბ) საყარაულო;
გ) საყოფაცხოვრებო ადმინისტრაციული სათავსი საწყობის მომსახურე პერსონალისათვის;
დ) მექანიზაციის საშუალებების გამართვისა და მომსახურების პუნქტი;
ე) საქვაბეები, საწყობები საწვავისათვის;
ვ) წყალსადენი და საკანალიზაციო სატუმბო სადგურები;
ზ) სატრანსფორმატორო ქვესადგურები;
თ) ტუალეტები.
4. ტარის შესანახი ჯიხურის ან ფარდულის განლაგება აკრძალული ზონის ფარგლებში დასაშვებია საწყობის ღობიდან არა უახლოეს 25 მეტრისა.
5. მანძილი ღობიდან უახლოეს საცავამდე 40 მეტრზე მეტი უნდა იყოს. მთაგორიან ადგილებში ეს მანძილი შეიძლება შემცირდეს ტექზედამხედველობასთან შეთანხმებით. ღობე აუცილებელია გაკეთდეს ეკლიანი მავთულისაგან, ხის, აგურის, ქვისა და ლითონისაგან. ღობის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა. ღობის ზემოთ სულ ცოტა 0,5 მეტრი სიმაღლის ლითონის ღეროზე უნდა გაიჭიმოს ეკლიანი მავთული ოთხ რიგად. ღობეში მოწყობილი უნდა იყოს შესასვლელი ჭიშკარი და კუტიკარი, რომლებიც უნდა იკეტებოდეს კლიტით.
6. საწყობის ტერიტორია და აკრძალული ზონა უნდა გათავისუფლდეს ხეებისა და ჩირგვებისაგან; ხმელი ბალახი, მცენარეები და სხვა ადვილად აალებადი საგნები მოცილებულ უნდა იქნეს.
7. მუდმივი საწყობების საცავები უნდა მოეწყოს უწვავი მასალისაგან. ცალკეულ შემთხვევებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით დასაშვებია საცავების კედლების აშენება მორებით ან კარკასულშემვსები მეთოდით. შემვსებ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსუბუქი ბეტონი, წიდა ან კირხსნარით გაჟღენთილი ნახერხი. ასეთი ტიპის საცავების ჭერი და კედლები შიგნიდან და გარედან ილესება ან იფარება უწვავი შედგენილობის ხსნარით. მშრალკლიმატიან ადგილებში საცავების აგება დასაშვებია თიხატკეპნილის ან ალიზისაგან.
8. საცავები უნდა დაიხუროს უწვავი მასალებით ან შიგნიდან და გარედან უნდა დაიფაროს უწვავი შედგენილობის ხსნარით.
9. საცავი ისე უნდა მოეწყოს, რომ მასში ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 300 ჩ-ს. ყოველ საცავს უნდა ჰქონდეს სხვენი (რკინაბეტონით გადახურვისას სხვენის მოწყობა არ არის აუცილებელი).
10. საცავებში იატაკი უნდა იყოს ხის, ბეტონის, მოასფალტებული ან თიხატკეპნილი. კვამლიანი დენთის საცავებში იატაკი აუცილებლად უნდა იყოს დაფარული რბილი საგებით.
11. ფეთქებადი მასალების მცირე პარტიებად გასაცემ საცავებში აუცილებელია უწვავი მასალისაგან მოეწყოს 2X2 მ ზომის ერთი ტამბური მაინც. ტამ-ბურს უკეთდება ორი კარი, რომლებიც იღება გარეთ, მათგან ერთი გარედან შესასვლელია, მეორე კი – ტამბურიდან საცავში. ტამბურში შესასვლელი გარეთა კარი უნდა იყოს მთლიანი და გადაკრული ფოლადის ფურცლებით. მეორე კარი უნდა იყოს ხის გისოსებიანი.
12. საცავებში, რომლებიც აღჭურვილი არიან რამპებითა და სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების მექანიზაციის საშუალებებით (ელექტროსატვირთვე-ლები და სხვ.), ტამბურის მოწყობა არ არის აუცილებელი, მაგრამ ორივე კარის დაყენება სავალდებულოა.
13. ფეთქებადი მასალების საცავებში შესასვლელების რაოდენობა განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ მაქსიმალური მანძილი შესასვლელიდან ერთი სათავსის ყველაზე დაშორებულ წერტილამდე გასასვლელების გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს, ხოლო სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების მექანიზაციისას – 25 მეტრს.
14. საცავების ფანჯრებს უკეთდება სულ ცოტა 15 მმ დიამეტრის ფოლადის ღეროს გისოსები. გისოსებში უჯრედის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 150X150 მმ-ს. უჯრედებში ფოლადის ღეროების გადაკვეთები დუღდება. ღეროების ბოლოები კედელში ერჭობა სულ ცოტა 80 მმ სიღრმეზე. გისოსები იფარება ღია ფერის საღებავით. მზიანი მხარის ფანჯრის მინები უნდა იყოს მქრქალი ან დაიფაროს თეთრი ფერის საღებავით. ფანჯრების სინათლის ზედაპირის შეფარდება იატაკის ფართობთან უნდა შეადგენდეს 1:25-დან 1:30-მდე.
15. აკრძალულია სხვენში რაიმე საგნისა თუ მასალის შენახვა. სხვენში შესასვლელს შენობის გარედან უკეთდება კიბე.
16. საცავებისა და სხვენის შესასვლელები უნდა იკეტებოდეს კლიტეებით, ილუქებოდეს ან იბეჭდებოდეს.
17. თუ მანძილი ფეთქებადი მასალების საცავიდან ან მათი დამზადების ადგილიდან შენობა-ნაგებობებამდე ან მათ შორის ნაკლებია უსაფრთხო მანძილებით გათვალისწინებულზე, აუცილებელია მოეწყოს ზვინულები. ამასთან, უსაფრთხო მანძილები იანგარიშება ჩაღრმავებული მუხტის შემთხვევის ანალოგიურად.
18. ზვინულები კეთდება მხოლოდ პლასტიკური ან ფხვიერი გრუნტისაგან. აკრძალულია ზვინულების მოსაწყობად ქვის, ღორღის და წვადი ნივთიერებების (ქვანახშირის წვრილმანი და სხვ.) გამოყენება.
19. ზვინულები ფეთქებადი მასალების შტაბელების (სტელაჟების) ზედა დონეზე 1,5 მეტრით მაღალი უნდა იყოს. ზვინულების სიგანე მის ზედა ნაწილში უნდა იყოს 1 მეტრი. ზვინულების ქვედა სიგანეს განაპირობებს მის მოსაწყობად გამოყენებული გრუნტის ბუნებრივი დაფერდების კუთხე.
20. საცავების მთლიანი შემოზვინვის შემთხვევაში გამოსასვლელების მოსაწყობად ზვინულს უნდა ჰქონდეს წყვეტა, რომლის წინაც აუცილებელია მოეწყოს დამცავი ზვინული. დამცავი ზვინულის სიგრძე აიღება ისე, რომ გეგმაზე შენობის უახლოესი კუთხიდან ძირითადი ზვინულის თხემის უახლოეს ბოლო წერტილზე გავლებულმა და გაგრძელებულმა ხაზმა გაიაროს დამცავი ზვინულის თხემზე (ქიმზე).
21. ფეთქებადი მასალების საწყობის ელექტროდანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესებს, მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებსა და მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს.
22. მოთხოვნები ელექტროდანადგარებისადმი (გამანაწილებელი მოწყობილობები, ქვესადგურები, კვების საავარიო წყაროები), ელექტრომიმღებების კატეგორია, საიმედოობის უზრუნველყოფა და ა.შ. განისაზღვრება პროექტით ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით. აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ელექტროდანადგარები იზოლირებული ნეიტრალით.
23. ფეთქებადი მასალების საწყობების ელექტროდანადგარები, მათ შორის, ძალური და განათების ქსელები, უნდა იყოს აღჭურვილი დენის გაჟონვისაგან და ადამიანების ელექტროდენით დაშავებისაგან დაცვის მოწყობილობით. ფეთქებადი მასალების საწყობების ელექტროდანადგარების ჩამიწება აუცილებელია განხორციელდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების შესაბამისად.
24. ფეთქებადი მასალების საწყობი, მასთან მისასვ-ლელები და საცავები უნდა იყოს განათებული. განათება დასაშვებია მოეწყოს ღობის პერიმეტრზე.
25. ფეთქებადი მასალების საწყობის სამუშაო განათება ხორციელდება 220 ვოლტამდე ძაბვის ნათურებით ან სანათებით. საავარიო განათების სახე განისაზღვრება პროექტით. საწყობის საცავების საავარიო განათებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღაროს აკუმულატორული სანათები ან მშრალბატარეიანი ფანრები (ლითონის კორპუსის შემთხვევაში – რეზინის შალითებში). აკრძალულია საწყობის ყველა სათავსში ხელის გადასატანი სანათების გამოყენება, რომლებიც იკვებება ელექტროქსელიდან. თუ ფეთქებადი მასალების გაცემა წარმოებს მხოლოდ დღის სინათლეზე, საცავების განათება აუცილებელი არ არის.
26. ამომრთველები, მცველები, მანაწილებელი ფარები, შტეფსელები და სხვა მოწყობილობა იდგმება აუცილებლად შენობის გარეთ, დახურულ ყუთებში ან იზოლირებულ სათავსში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
27. საცავებს შიგნით განათების ქსელისათვის გამოიყენება ისეთი კაბელი, რომლის გარსაცმი წვას არ ავრცელებს.
28. კედელსა და ჭერზე კაბელები მაგრდება ჰორიზონტალური გაყვანისას სულ ბევრი 0,8 მ ინტერვალით, ხოლო ვერტიკალური გაყვანისას – არა უმე-ტეს 2,0 მ ინტერვალით. კაბელების შესაერთებლად და გადასაბმელად გამოიყენება სპეციალური ქუროები.
29. ყველა საწყობი, მათ შორის საწყობის საყარაულო ჯიხურები, აღიჭურვება სატელეფონო კავშირით საწარმოსთან, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან და შინაგან საქმეთა ორგანოებთან. თუ სატელეფონო კავშირი ვერ ხერხდება, დასაშვებია რადიოკავშირი. ასეთივე კავშირი უნდა არსებობდეს საყარაულო პოსტებსა და საყარაულო სათავსებს შორის. კავშირის საშუალებები აუცილებლად ეწყობა აფეთქებასაფრთხიანი ხანძარსახიფათო სათავსების გარეთ.
30. საწყობები და საცავები დამცავი და სახანძრო სიგნალიზაციით უნდა აღიჭურვოს დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის საფუძველზე.
31. ფეთქებადი მასალების ყველა საწყობი აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით, რომელთა ნომენკლატურა, რაოდენობა და განლაგება დგინდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროექტით.
32. სატყეო და საველე ხანძრებისაგან დაცვის მიზნით, საწყობის ყველა შენობის ირგვლივ ამოღებული უნდა იყოს კუნძები. საწყობის ტერიტორიის ირგვლივ ღობიდან 10 მეტრ მანძილზე აუცილებელია მოეწყოს თხრილი, რომლის სიგანე ზედა ნაწილში უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრისა, ხოლო სიღრმე – არანაკლებ 0,5 მეტრისა ან მცენარეულობის მოსპობის მიზნით სისტემატურად უნდა იხვნებოდეს 5 მეტრი სიგანის ზოლი. კლდოვანი და ღორღიანი გრუნტების შემთხვევაში თხრილის მოწყობა ან ზოლის მოხვნა აუცილებელი არ არის.
33. თითოეულ საწყობში გამოკრული უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ნუსხა და მათი სარგებლობის ინსტრუქცია. საწყობის პერსონალი გაცნობილი უნდა იყოს ინსტრუქციას ხელმოწერით.
34. ობიექტების ღუმლებით გათბობის შემთხვევაში კვამლსადენ მილებზე დადგმული უნდა იყოს ნაპერწკალდამჭერი ბადე
მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. პასუხისმგებლობა
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 10, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-10/