1. მიწისქვეშა პირობებში ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს განსაკუთრებულად აღჭურვილ გვირაბებში – კამერებში ან უჯრედებში, რომლებიც ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ერთში მოთავსებული ფეთქებადი მასალის აფეთქებამ არ გამოიწვიოს მეზობლად მოთავსებული ფეთქებადი მასალების დეტონაცია.
2. მიწისქვეშა საწყობი შედგება გვირაბებისაგან, რომლებიც წარმოდგენენ საკუთრივ საწყობს მასში განლაგებული ფეთქებადი მასალების შესანახი კამერებით ან უჯრედებით, აგრეთვე მისასვლელი გვირაბებისა და დამხმარე კამერებისაგან. დამხმარეა კამერები, რომლებიც განკუთვნილია:
ა) ელექტროდეტონატორების შემოწმებისათვის ან ამნთები მილაკების დამზადებისა და დეტონატორების ნიშანდებისათვის;
ბ) ფეთქებადი მასალების გაცემა-მიღებისათვის;
გ) სატვირთავ-გასატვირთავი ოპერაციების მექანიზაციის საშუალებების განლაგებისათვის;
დ) კასეტებისა და ჩანთების შენახვისათვის;
ე) ელექტრომანაწილებელი და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსებისათვის.
3. დამხმარე კამერები შეიძლება განლაგდეს საწყობთან მისასვლელი გვირაბების ჩიხებში.
4. ასაფეთქებელი, საკონტროლო და გასაზომი ხელსაწყოები და მოწყობილობა, აგრეთვე კასეტები და ჩანთები მიწისქვეშა და ჩაღრმავებულ საწყობებში უნდა ინახებოდეს სპეციალურ სტელაჟებზე ან კარადებში.
5. ფეთქებადი მასალების ყველა საწყობი აღიჭურვება სატელეფონო კავშირით საწარმოსთან ან პირდაპირი სატელეფონო ხაზით დისპეტჩერთან.
6. მიწისქვეშა საწყობებში ნებადართულია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო შესრულების აკუმულატორული სატვირთველები ან სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების მექანიზაციის სხვა საშუალებები.
7. ფეთქებადი მასალების შესანახი საუბნე პუნქტების ექსპლუატაცია წარმოებს საწარმოს ხელმძღვანელების მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების მიხედვით.
8. ნახშირის შახტებში საამფეთქებლო სამუშაოების მცირედ დაყოვნებული და დაყოვნებული მეთოდით აფეთქებისათვის მიწისქვეშა სახარჯო საწყობებსა და გასაცემ კამერებში ინახება შესაბამისი პირობებისათვის ყოველი საფეხურის დაყოვნების ელექტროდეტონატორების სულ მცირე თითო ყუთი.
9. ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობების განლაგება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მანძილი საწყობის ნებისმიერი უახლოესი წერტილიდან ჭაურამდე და ჭაურის მიმდებარე გვირაბებამდე, აგრეთვე სავენტილაციო კარამდე, რომლის დანგრევამაც შეიძლება შეუწყვიტოს სუფთა ჰაერის მიწოდება მთლიანად შახტს ან მის მნიშვნელოვან უბნებს, უნდა იყოს კამერული ტიპის საწყობებისათვის არანაკლებ 100 მეტრისა, ხოლო უჯრედული ტიპის საწყობებისათვის – 60 მეტრი;
ბ) მანძილი უახლოესი უჯრედიდან ან კამერიდან გვირაბამდე, რომელიც ემსახურება ხალხის მუდმივ მიმოსვლას, კამერული ტიპის საწყობისათვის უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრისა, ხოლო უჯრედისათვის – არანაკლებ 20 მეტრისა;
გ) მანძილი (სიღრმე) საწყობიდან ზედაპირამდე კამერული ტიპის საწყობებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 30 მეტრისა, ხოლო უჯრედული ტიპის საწყობებისათვის – არანაკლებ 15 მეტრისა;
დ) გვირაბები, რომლებშიც მოწყობილია ფეთქებადი მასალების შესანახი კამერები ან უჯრედები, უნდა უერთდებოდეს მთავარ გვირაბებს სამი დამოუკიდებელი გვირაბით მაინც. საწყობთან მისასვლელი გვირაბი უნდა მთავრდებოდეს სულ ცოტა 2 მეტრი სიგრძისა და სულ ცოტა 4 მ2 განივკვეთის ფართობის ჩიხებით;
ე) საწყობის ძირითადი გვირაბების სიგანემ, რომლებშიც გამოიყენება სატვირთველები, უნდა უზრუნველყოს მათი მოძრაობა 900 კუთხით შემობრუნებით. ამასთან, გვირაბის ზომები, მათ შორის, მრუდხაზოვან უბნებზე, ტვირთიანი მანქანის მაქსიმალურ ზომებზე მეტი უნდა იყოს სულ ცოტა 60 სმ-ით ორივე მხრიდან სიგანეში და 50 სმ-ით სიმაღლეში სანათებიდან;
ვ) თითოეულ საწყობს უნდა ჰქონდეს ორი გამოსასვლელი ხალხისათვის. გვირაბების მშენებლობისას, აგრეთვე მიწისქვეშა სამთო გეოლოგიურ-სადაზვერვო გვირაბების გაყვანისას დასაშვებია ფეთქებადი მასალების დროებითი საწყობის მოწყობა ერთი გამოსასვლელით. ამ შემთხვევაში ფეთქებადი მასალების საწყობის ტევადობა 1 ტონას არ უნდა აღემატებოდეს;
ზ) გვირაბების მშენებლობისას და გეოლოგიურ-სადაზვერვო გვირაბების გაყვანისას მანძილი საწყობის უახლოესი უჯრედიდან ან კამერიდან ჭაურამდე, კამერებამდე და იმ გვირაბებამდე, რომლებშიც გაყვანილია ძირითადი მკვებავი მაგისტრალები (წყალამოსაღვრელი და სავენტილაციო მილები, კაბელები) და, აგრეთვე, ხალხის სასვლელ გვირაბებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრისა;
თ) თუ ფეთქებადი მასალების საწყობში შედის რკინიგზა, აუცილებელია რელსების ელექტროიზოლაცია საერთო საშახტო ქსელისაგან.
10. დაუშვებელია ფეთქებადი მასალების საწყობების განთავსება მთავარი მიმართულების გვირაბებს, ქანობებს, ბრემსბერგებსა და მათ სასვლელებს შორის.
11. ფეთქებადი მასალების საწყობის ყველა გვირაბი გამაგრებული უნდა იყოს უწვავი სამაგრით და შეთეთრებული საღებავით. მდგრად ქანებში გაყვანილი მისასვლელი გვირაბების გამაგრება აუცილებელი არ არის.
12. ფეთქებადი მასალების საწყობი ნიავდება სუფთა ჰაერის ნაკადით. აკრძალულია საწყობიდან გამომავალი ჰაერის ჭავლის მიმართვა სუფთა ჰაერისნაკადიან გვირაბებში.
13. ფეთქებადი მასალების საწყობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ჩასაქრობი პირველადი საშუალებებით (ცეცხლსაქრობი ქვიშიანი ყუთები, წყლიანი ჭურჭლები). სამუშაოების უსაფრთხოების საექსპერტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით დასაშვებია საწყობში მოეწყოს ხანძრის ჩასაქრობი ავტომატიზებული მოწყობილობა. მოწყობილობის რაოდენობა და განლაგება თანხმდება სამთო-სამაშველო სამსახურთან. საწყობის კარებთან და უჯრედებთან მისასვლელი გვირაბების დასაწყისში მოწყობილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო კარი.
14. გაზისა და მტვრის მხრივ საშიში შახტების (მაღაროების) საწყობებსა და მისასვლელ გვირაბებში გამოიყენება აფეთქებაუსაფრთხო შესრულების ელექტრომოწყობილობა, ხოლო სხვა შახტებში (მაღაროებში) – მაღაროს ნორმალური შესრულების ელექტრომოწყობილობა. საწყობებისა და მისასვლელი გვირაბების განათების ელექტროგაყვანილობისათვის დასაშვებია ტყვიის ან პოლივინილქლორიდის გარსაცმიანი შეჯავშნული ან უწვავიზოლაციანი და უწვავ-გარსაცმიანი რეზინის მოქნილი კაბელების გამოყენება.
15. სანათი მოწყობილობის კვებისათვის გამოიყენება სულ ბევრი 220 ვ (ხაზური) ძაბვა. განათების ქსელი აუცილებლად უნდა იყოს დაცული დენის გაჟონვისაგან.
16. მისასვლელი გვირაბები და დამხმარე კამერები ნათდება ჭერზე დაკიდებული სანათებით, ხოლო ფეთქებადი მასალების შესანახი კამერები (უჯრედები) – ირიბი სინათლით მისასვლელი გვირაბის კარების თავზე არსებული ფრამუგიდან.
17. მიწისქვეშა ფეთქებადი მასალების საწყობების დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით აღჭურვისას სიგნალი გაიყვანება საწარმოს (შახტის, მაღაროს და ა.შ.) მორიგის (დისპეტჩერის) პულტზე.
18. მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში ფეთქებადი მასალების საწყობთან და გასაცემ კამერებთან მისასვლელი გვირაბების ორივე გვერდზე კეთდება ფიქლის ან წყლის საფარი, ხოლო თვითონ გვირაბები პერიოდულად უნდა მოფიქალდეს ან გაიწმინდოს დამჯდარი მტვრისაგან.
19. საწყობის შესასვლელ კართან და ფეთქებადი მასალების გასაცემ კამერაში იდგმება ტელეფონები.
20. მიწისქვეშა გასაცემ კამერებში ფეთქებადი მასალების შენახვის წესი, მათი მოვლა და დაცვა ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობების ანალოგიურია. ფეთქებადი ნივთიერებები და ინიციირების საშუალებები ინახება ცალ-ცალკე განყოფილებებში, რომლებიც ერთმანეთისაგან გადაღობილია აგურის, ბეტონის ან მსგავსი მასალებით, სულ ცოტა 25 სმ-იანი სისქის კედლით. გასაცემ კამერაში უნდა გამოიყოს ადგილი ამფეთქებლებისათვის ფეთქებადი მასალების გასაცემად.
21. გასაცემი კამერები, სახალხო ვაგონებში ჩასხდომისა და სამთო მასის სატვირთავ-დასატვირთავი ადგილიდან სულ ცოტა 200 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.
22. 1000 კგ-მდე ტევადობის გასაცემი კამერა შეიძლება მოეწყოს ჰორიზონტალური გვირაბის გაფართოებულ ადგილებზე, რომელიც ნიავდება ჰაერის სუფთა ჭავლით საერთო საშახტო დეპრესიის ხარჯზე და შემოფარგლულია აგურის, ბეტონის ან მსგავსი მასალებით სულ ცოტა 25 სმ-იანი სისქის კედლით.
23. 1000 კგ-ზე მეტი ტევადობის გასაცემი კამერა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ გვირაბში, რომელიც ნიავდება ფეთქებადი მასალების საწყობის ანალოგიურად. კამერა ხალხის მუდმივი მიმოსვლისათვის განკუთვნილი გვირაბებისაგან დაცილებული უნდა იყოს 25 მეტრით მაინც.
24. გასაცემი კამერა გამაგრებული უნდა იყოს უწვავი სამაგრით. მას უნდა ჰქონდეს სტაციონარული განათება. მისასვლელი გვირაბები კამერის მხრიდან სულ ცოტა 5 მეტრ სიგრძეზე ასევე გამაგრებული უნდა იყოს უწვავი სამაგრით.
25. გასაცემი კამერის მისასვლელ გვირაბს უკეთდება ორი ლითონის კარი – მთლიანი (ხანძარსაწინაღმდეგო) და ფანჯრიანი გისოსებიანი კარები ფეთქებადი მასალების გაცემა-მიღებისათვის. ორივე კარს უნდა ჰქონდეს საიმედო საკეტები.
26. გასაცემ კამერებში ფეთქებადი მასალებისათვის აუცილებელია მოეწყოს სტელაჟები, ხოლო ასაფეთქებელი მანქანების, გამტარების, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, პოლიეთილენის ტომრების, ჰიდროსაცობის ამპულების და ა.შ. შესანახად უნდა დაიდგას ყუთები. ქარხნული წესით შეფუთული ფეთქებადი ნივთიერებები შეიძლება დაეწყოს შტაბელებად.
27. გასაცემ კამერასთან სუფთა ჰაერის ჭავლის მხარეს იდგმება ტელეფონი და ეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესანახი პუნქტი.
28. ფეთქებადი მასალების შესანახი საუბნე პუნქტი წარმოადგენს გისოსებიანი კედლებით (ტიხრებით) გადაღობილ გვირაბს ან გვირაბის ნაწილს, რომელშიც იდგმება ლითონის სპეციალური კარადები (ყუთები) ან კლიტით დასაკეტი კონტეინერები. პუნქტის კარი უნდა იკეტებოდეს შიგა საკეტით.
29. საუბნე პუნქტებში ფეთქებადი მასალების შესანახ კარადებად (კონტეინერებად) გამოიყენება სულ ცოტა 2 მმ-იანი სისქის ლითონის ფურცლისაგან დამზადებული სეიფები ან ყუთები, აგრეთვე ლითონის სახურავიანი საშახტე ვაგონეტები. აღნიშნული მოცულობები უნდა მოთავსდეს უშუალოდ გვირაბში ან ნიშში და განცალკევდეს ერთმანეთისაგან ტიხრებით.
30. ფეთქებადი მასალების ერთობლივად შენახვისათვის კარადა (ყუთი) იყოფა სულ ცოტა სამ განყოფილებად: ფეთქებადი ნივთიერებებისა და სადეტონაციო ზონრისათვის; საამფეთქებლო, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, სადენებისათვის; ელექტროდეტონატორებიანი ან ამნთებმილაკებიანი კასეტებისათვის (ჩანთებისათვის). დეტონატორების შესანახ განყოფილებას შიგნიდან ყველა გვერდზე ამოგებული უნდა ჰქონდეს რბილი მასალა.
31. საუბნე პუნქტებში განლაგებული ფეთქებადი მასალების შესანახი კარადები უნდა იყოს ჩამიწებული.
32. აკრძალულია ფეთქებადი მასალების საწყობიდან, გასაცემი კამერიდან ან საუბნე შესანახი პუნქტიდან 30 მეტრზე ახლოს საამფეთქებლო სამუშაოების შესრულება, თუ მათში მოთავსებულია ფეთქებადი ნივთიერებები