1. ტერმინით „ფეთქებადი მასალების მიწისზედა საწყობი“ იგულისხმება ძირითადი და დამხმარე დანიშნულების შენობა-ნაგებობათა კომპლექსი, რომლებიც განლაგებულია საერთო ტერიტორიაზე გამოყოფილ და დადგენილი წესით გაფორმებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწისქვეშა საწყობისათვის – ფეთქებადი მასალების შესანახი კამერა, უჯრედი და დამხმარე კამერა, საწყობთან მისასვლელ სამთო გვირაბებთან ერთად. ფეთქებადი მასალების ყველა საწყობი და სხვა შესანახი ადგილები უნდა იყოს აგებული და მოწყობილი წესების მოთხოვნათა საფუძველზე და დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.
2. მიწის ზედაპირთან მიმართებით განლაგების ადგილის მიხედვით ფეთქებადი მასალების საწყობები იყოფა ზედაპირულ, ნახევრად ჩაღრმავებულ, ჩაღრმავებულ და მიწისქვეშა საწყობებად:
ა) ზედაპირულს მიეკუთვნება საწყობები, რომელთა სათავსების ძირი განლაგებულია მიწის ზედაპირის დონეზე;
ბ) ნახევრად ჩაღრმავებულს მიეკუთვნება საწყობები, რომელთა საცავების შენობები ჩაღრმავებულია გრუნტში არა უმეტეს კარნიზისა;
გ) ჩაღრმავებულს მიეკუთვნება საწყობები, რომელთა საცავებს ზემოთ გრუნტის სისქე არ აღემატება 15 მეტრს;
დ) მიწისქვეშას მიეკუთვნება საწყობები, რომელთა საცავების ზემოთ გრუნტის სისქე 15 მეტრს აღემატება.
3. ექსპლუატაციის ვადის მიხედვით საწყობები შეიძლება იყოს: მუდმივი – სამ წელზე მეტი ვადით, დროებითი – ერთიდან სამ წლამდე ვადით, მოკლევადიანი – ერთ წლამდე ვადით. ექსპლუატაციის ვადის ათვლა იწყება ფეთქებადი მასალების შემოზიდვის მომენტიდან.
4. დანიშნულების მიხედვით საწყობები იყოფა საბაზისოდ და სახარჯოდ.
5. ფეთქებადი მასალების საბაზისო საწყობების საერთო ტევადობა არ იზღუდება. საბაზისო საწყობის ტევადობა განისაზღვრება იმ პირობით, რომ ცალკეული საცავის ტევადობა 420 ტონას (ნეტო) არ უნდა აღემატებოდეს.
6. ზედაპირულ და ნახევრად ჩაღრმავებულ სახარჯო საწყობებში:
ა) მუდმივი სახარჯო საწყობის ყველა საცავის საერთო ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს: ფეთქებადი ნივთიერებებისა – 240 ტონას, დეტონატორებისა – 300 ათას ცალს, სადეტონაციო ზონრისა – 400 ათას მეტრს. ცეცხლგამტარი ზონრის და მისი ანთების საშუალებების რაოდენობა შეუზღუდავია. საწარმოებს, რომელთაც ფეთქებადი მასალები შემოაქვთ სეზონურად და ინახავენ კონტეინერებში ან საცავებში, მუდმივი სახარჯო საწყობის საერთო ტევადობა შეიძლება არ შეეზღუდოთ;
ბ) ფეთქებადი მასალების დროებითი სახარჯო საწყობის ყველა საცავის საერთო ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს: ფეთქებადი ნივთიერებების – 120 ტონას, დეტონატორებისა – 150 ათას ცალს, სადეტონაციო ზონრისა – 200 ათას მეტრს. ცეცხლგამტარი ზონრისა და მისი ამნთები საშუალებების რაოდენობა არ იზღუდება;
გ) ფეთქებადი მასალების მოკლევადიანი სახარჯო საწყობის ყველა საცავის საერთო ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს: ფეთქებადი ნივთიერებებისა – პროექტის მიხედვით; დეტონატორებისა – 75 ათას ცალს; სადეტონაციო ზონრისა – 100 ათას მეტრს. ცეცხლგამტარი ზონარი და მისი ამნთები საშუალებები არ იზღუდება;
დ) ფეთქებადი მასალების მუდმივი სახარჯო საწყობის ფეთქებადი ნივთიერებების თითოეული საცავის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 120 ტონას, დროებითის – 60 ტონას, მოკლევადიანის – პროექტის მიხედვით;
ე) ფეთქებადი მასალები კონტეინერებში ინახება სპეციალურ ღია მოედნებზე. მოედნების მოწყობა შეიძლება როგორც ფეთქებადი მასალების საწყობის ტერიტორიაზე, ისე ნებისმიერ ადგილზე, როგორც საკონტეინერო მოედნების მქონე დამოუკიდებელი საწყობი. საკონტეინერო მოედნების ტევადობა განისაზღვრება ფეთქებადი მასალების საწყობის საცავების ტევადობის ანალოგიურად.
7. ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა (ჩაღრმავებული) სახარჯო საწყობის საერთო ტევადობა და ცალკეული კამერის, უჯრედის ტევადობა განისაზღვრება პროექტით. ამასთან, ნახშირის შახტებში ფეთქებადი მასალების საწყობის ტევადობა გასაცემი კამერების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს ფეთქებადი ნივთიერებების შვიდი დღე-ღამის მარაგს, ხოლო აფეთქების საშუალებებისა – თხუთმეტი დღე-ღამის მარაგს. კამერული ტიპის საწყობში კამერის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ტონა ფეთქებად ნივთიერებას, ხოლო უჯრედული ტიპის საწყობებში – 400 კგ-ს თითოეული უჯრედისათვის.
8. მიწისქვეშა გვირაბებში მოწყობილი ცალკეული გასაცემი კამერის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს: ფეთქებადი ნივთიერებისა – 2 ტონას, აფეთქების საშუალებებისა – შესაბამის რაოდენობას, ხოლო ცალკეული საუბნე სათავსების ტევადობა: ფეთქებადი ნივთიერებისა – 1 ტონას, აფეთქების საშუალებებისა – შესაბამის რაოდენობას.
9. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, ლაბორატორიებსა და სასწავლო დაწესებულებებში ფეთქებადი მასალები ინახება სეიფებში. ყოველ სეიფში (უწვავ კარადაში) შეიძლება შენახულ იქნეს ფეთქებადი ნივთიერება არა უმეტეს 10 კგ-ისა ან 500 ცალი დეტონატორი და 300-300 მეტრი სადეტონაციო და ცეცხლგამტარი ზონარი. დასაშვებია ფეთქებადი მასალების შენახვა ერთ სათავსში (ოთახში), მაგრამ სხვა-დასხვა სეიფში (უწვავ კარადაში). სეიფები (უწვავი კარადები) ოთახში ისეთ მანძილზე უნდა იყოს განლაგებული, რომ გამოირიცხოს დეტონაციის გადაცემა.
10. საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფეთქებადი მასალების გამოცდისა და განადგურების პირობები. ამ მიზნით პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პოლიგონსა და ლაბორატორიას.
11. საბაზისო საწყობში, რომელიც ფეთქებად მასალებს გასცემს უშუალოდ ამფეთქებლებისათვის და უკან იბრუნებს დაუხარჯავ მასალებს, ამ ოპერაციისათვის საჭირო სათავსი განლაგებული უნდა იყოს საწყობის შესასვლელთან, ფეთქებადი მასალების შესანახი ადგილებიდან სულ ცოტა 20 მეტრის დაშორებით.
12. სათავსი, რომელშიც ეს ოპერაციები სრულდება, აგებული უნდა იყოს უწვავი მასალებისაგან და ფეთქებადი ნივთიერებებისა და ინიციირების საშუალებების შესანახად გაყოფილი უნდა იყოს ორ ნაწილად, სულ ცოტა 25 სმ სისქის აგურის ან ბეტონის მთლიანი უწვავი, კაპიტალური კედლით. სათავსი აღჭურვილი უნდა იყოს ორი ტამბურით ფეთქებადი ნივთიერებებისა და ინიციირების საშუალებების გასაცემად და მისაღებად. საცავში დასაშვებია მოთავსდეს ფეთქებადი ნივთიერება არა უმეტეს 3 ტონისა და 10 ათასი ცალი დეტონატორისა. დეტონატორების ყუთები უნდა მოთავსდეს საცავის განაპირა კედელთან განლაგებულ სტელაჟებზე.
13. მუდმივ და დროებით სახარჯო საწყობებში ტარის გახსნა და ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გაცემა, აგრეთვე მათგან დაუხარჯავი ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გამაგანიერებელი აპარატურის დაბრუნება ხდება ცალკე სათავსებში, ან საცავების ტამბურებში, ან ფეთქებადი მასალების მოსამზადებელ შენობებში. ამასთან იდგმება ნაწიბურებიანი მაგიდა დეტონატორების გასაცემად, რომელზეც გადაკრულია ქეჩა, ქეჩაზე კი ბრეზენტი ან სულ ცოტა 3 მმ სისქის რეზინის ფირფიტა და მაგიდა სადეტონაციო და ცეცხლგამტარი ზონრების დასაჭრელად. ელექტროდეტონატორებზე სტატიკური ელექტრობის საშიში გავლენის თავიდან ასაცილებლად მაგიდა უნდა ჩამიწდეს.
14. საბაზისო საწყობიდან ფეთქებადი მასალების გაცემა-მიღებისას სადეტონაციო ზონრიანი სარტყამი ვაზნების დამზადება (მომზადება) წარმოებს ცალკე შენობაში (სათავსში).
15. ფეთქებადი მასალების საწყობების საცავების იატაკი უნდა იყოს მოსწორებული, ხვრელების გარეშე, ხოლო კედლები – შეთეთრებული ან შეღებილი. თითოეული საცავი უნდა ნიავდებოდეს და დაცული უნდა იყოს წყლისა და თოვლის შეღწევისაგან. საცავები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ბუნებრივი განიავებით. შენობაში უნდა იდგეს თერმომეტრები.
16. ფეთქებადი მასალების მუდმივ და დროებით საწყობებს უნდა ჰქონდეს ორი სახის განათება – სამუშაო და სარეზერვო (საავარიო).
17. სამუშაო ადგილების იატაკის განათებულობა უნდა უზრუნველყოფდეს მუშაობის ნორმალურ პირობებს. ამასთან იმ ადგილებში, სადაც აფეთქების საშუალებებთან გვაქვს საქმე, განათებულობა უნდა იყოს არანაკლებ 30 ლუქსისა.
18. ფეთქებადი მასალების საწყობების საცავებში ფეთქებად ნივთიერებათა და აფეთქების საშუალებათა დასაწყობი სტელაჟები და ფეთქებადი მასალების შტაბელები კედლებიდან დაშორებული უნდა იყოს 20 სმ-ით, ხოლო იატაკიდან – არანაკლებ 10 სმ-ისა. ფეთქებადი ნივთიერებების ტომრები და ყუთები უნდა დალაგდეს ფენილზე. შტაბელების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 მეტრს. დათვლის გაადვილების მიზნით შტაბელები უნდა დაეწყოს ორი ტომრის სიგანეზე.
19. ფეთქებადი ნივთიერებების მექანიზებული წესით სატვირთავ-გასატვირთავი ოპერაციების შემთხვევებში ყუთებისა და ტომრების შენახვა დასაშვებია ქვეშებზე განლაგებულ პაკეტებში ან სდექკონტეინერებში. ეს უკანასკნელი ეწყობა სულ ბევრი ორი იარუსის სიმაღლეზე. ქვეშებისა და სდექკონტეინერების განლაგების წესი განისაზღვრება პროექტით. შტაბელების მაქსიმალური სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2,6 მეტრს. შტაბელებსა და სტელაჟებს შორის მანძილები უნდა შეადგენდეს შესაბამისად 1,3 და 1 მეტრს.
20. ფეთქებადმასალებიანი ყუთები, ტომრები და სხვა ტარა სტელაჟებზე უნდა განლაგდეს სიმაღლეზე, ერთ ან ორ რიგად, ხოლო შტაბელებში (სდექკონტეი-ნერებში) – ტექნიკური პირობების ან სტანდარტების შესაბამისად. B, C ჯგუფების ფეთქებადმასალებიანი და კვამლიანდენთიანი გახსნილი ტარა უნდა დალაგდეს ერთ რიგად. სტელაჟის ზედა თაროს სიმაღლემ აღნიშნული ფეთქებადი მასალებისათვის არ უნდა გადააჭარბოს 1,7 მეტრს, ხოლო სხვა ფეთქებადი მასალებისათვის – 2 მეტრს.
21. მანძილი თაროებს შორის იანგარიშება იმის გათვალისწინებით, რომ მანძილი ფეთქებადი მასალების ყუთებს, ტომრებსა და მათ თავზე მდებარე თაროს შორის დარჩეს არანაკლებ 4 სმ-ისა. აკრძალულია თაროს სიგანეზე ყუთების ორზე მეტ რიგად, ხოლო იმ თაროებზე, რომლებიც კედელთანაა დადგმული გასასვლელის გარეშე – ერთზე მეტ რიგად დალაგება. ფეთქებადი მასალების საცავებში თაროების დასამაგ-რებელი ლურსმნების ან ჭანჭიკების თავები უნდა იყოს ჩამალული. თაროების ფიცრებს შორის მანძილი შეიძლება იყოს 3 სმ-მდე. ქვედა თარო უნდა იყოს მთლიანი.
22. ფეთქებადი მასალების საწყობების სტელაჟებისა და შტაბელების კამერებთან იკვრება ფირნიში, რომელზეც მითითებულია ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებების ან გამაგანიერებელი აპარატურის დასახელება, მათი რაოდენობა, პარტიის ნომერი, დამზადების დრო და შენახვის საგარანტიო ვადა.
23. ფეთქებადი მასალების საწყობებსა და სხვა სათავსებში ელექტროდეტონატორები, ელექტროამნთები მილაკები, ელექტრომაალებლები და მათი შემცველი ნაკეთობები ინახება ქარხნული ან სპეციალური შეფუთვით (ტარით).
24. ამნთები და საკონტროლო მილაკები მზადდება ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობის ცალკე სათავსში, რომელიც დანარჩენი სათავსებისგან გამოყო-ფილია უწვავი მასალისაგან აგებული კაპიტალური კედლით. დასაშვებია უწვავი მასალებით გალესილი და შეღებილი ნებისმიერი მასალის კედელიც. მიწისქვეშა საწყობებში ამნთები და საკონტროლო მილაკები მზადდება ამნთები მილაკების დასამზადებელ ცალკე კამერებში. ამნთები და საკონტროლო მილაკების დასამზადებელი მაგიდა რამდენიმე ამფეთქებლის მუშაობისათვის ერთმანეთისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ხის განივი ფარებით.
25. ამნთები და საკონტროლო მილაკების (ცეცხლგამტარი ზონრის საკონტროლო ნაჭრების) მოსამზადებელი და შესანახი სათავსების იატაკებზე იგება რბილი მასალა. დამზადებული ამნთები მილაკები ინახება ფეთქებადი მასალების საწყობების საცავებში (გასაცემ კამერებში), ლითონის ან გარედან თუნუქით შემოჭედილ ხის ყუთებში (კარადებში), რომლებიც შიგნიდან ამოგებულია რბილი მასალით. ყუთები იხურება.
26. ტემპერატურა ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების საწყობების საცავებსა და კონტეინერებში არ უნდა აღემატებოდეს 300 C-ს.
27. დასაშვებია ღია მოედნებზე ფეთქებადი მასალების კონტეინერების დალაგება ორ იარუსად.
28. საწყობებში ფეთქებადი მასალების სატვირთავ-გასატვირთავი ოპერაციები სრულდება ხელით ან მხოლოდ ამისათვის განკუთვნილი მექანიზმებით, რომელთა ტვირთამწეობა უნდა აღემატებოდეს ბრუტო შეფუთვის ნომინალურ მასას.
29. ტვირთამწევი მექანიზმების ექსპლუატაცია ხორციელდება შესაბამისი წესების თანახმად. საწყობების შიგა სათავსებში მომუშავე შიგაწვისძრავიანი მექანიზმები უნდა აღიჭურვოს ნაპერწკალსაქრობებითა და გამონაბოლქვის განეიტრალების სისტემით. ელექტრომოწყობილობის (ელექტროდამტვირთავების, ტელფერების და სხვ.) მუშაობა უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების“ მოთხოვნებს B-IIa კლასის სათავსებისათვის.
30. ფეთქებადი მასალების საცავების რემონტისას ისინი უნდა დაიცალოს.
31. ფეთქებადი მასალების ცალკეული საწყობისათვის მუშავდება ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ავარიულ სიტუაციაში მოქმედების რიგითობას. საწყობების (გარდა მიწისქვეშა) ავარიის ლიკვიდაციის გეგმას ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით. მიწისქვეშა საწყობების ავარიების ლიკვიდაციის გეგმა უნდა შედიოდეს ავარიების ლიკვიდაციის საერთო გეგმაში
მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ხელმძღვანელები, სპეციალისტები
- მუხლი 4. პასუხისმგებლობა
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 9, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-9/