1. ნებადართულია მხოლოდ იმ ფეთქებადი მასალების, მათი საფუთავი საშუალებების, საამფეთქებლო მოწყობილობის, უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი მასალების დამზადებისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილობის გამოყენება, რომლებზეც არსებობს სტანდარტები (ტექნიკური პირობები) და სერტიფიცირებულია კანონით დადგენილი წესით.
2. საწარმოს მიერ საკუთარი საჭიროებისათვის (მოხმარებისათვის) ფეთქებად ნივთიერებათა ადგილებზე დამზადება ხორციელდება „უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების დამზადების სტაციონარული პუნქტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
3. საქარხნო წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებები მექანიზებული დამუხტვისათვის უნდა მომზადდეს სათანადო წესების ან ობიექტზე არსებული ფეთქებადი ნივთიერებების მომზადების, სხვა საპროექტო საექსპლუატაციო დოკუმენტების შესაბამისად.
4. ფეთქებადი მასალები მიეკუთვნება საშიშ ნივთიერებათა I კლასს და მათი ბრუნვისას (შენახვა, გადაზიდვა, ადგილებამდე მიტანა, გამოყენება და ა.შ.) შეთავსებადობის მიხედვით იყოფა ჯგუფებად (ცხრილი №1).

ცხრილი №1

შეთავსებადობის
ჯგუფი (საშიშროების მხრივ)
ნივთიერება, ნაკეთობა
B
მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებათა შემცველი ნაკეთობები
C
სატყორცნი და სხვა დეფლაგირებული ფეთქებადი ნივთიერებები ან მათი შემცველი ნაკეთობები
D
მეორეული მადეტონირებელი ფეთქებადი ნივთიერებები;
კვამლიანი დენთი; მადეტონირებელ ფეთქებად ნივთიერებათა შემცველი ნაკეთობები სატყორცნი მუხტებისა და ინიციირების საშუალებების გარეშე
F
ნაკეთობები, რომლებიც შეიცავენ მეორეულ მადეტონირებელ ფეთქებად ნივთიერებებს, ინიციირების საშუალებებსა და სატყორცნ მუხტებს (ან სატყორცნი მუხტების გარეშე)
G
პიროტექნიკური ნივთიერებები ან მათი შემცველი ნაკეთობები

5. კონკრეტული ფეთქებადი მასალების შეთავსებადობის ჯგუფს განსაზღვრავს დამმუშავებელი. ამ ჯგუფს ამტკიცებს სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების საექსპერტო ორგანიზაცია, რაც აისახება ფეთქებადი მასალების სტანდარტებში (ტექნიკურ პირობებში) და შესაბამისი ფეთქებადი მასალების გამოყენების ინსტრუქციებში (სახელმძღვანელოებში).
6. შეთავსებადობის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფის ფეთქებადი მასალები გადაიზიდება და შეინახება ცალ-ცალკე.
7. დასაშვებია შემდეგი ფეთქებადი მასალების ერთად შენახვა:
ა) კვამლიანი (ჯგუფი D) და უკვამლო დენთი (ჯგუფი C);
ბ) ცეცხლგამტარი ზონრები, დენთი, მათი ამნთები საშუალებები, სასიგნალო დენთიანი ვაზნები, სასიგნალო შუშხუნები (ჯგუფი G) და B, C და D ჯგუფის ფეთქებადი მასალები;
გ) სადეტონაციო ზონრები (ჯგუფი D) და კაფსულდეტონატორები, ელექტროდეტონატორები და პიროტექნიკური რელეები (ჯგუფი B).
8. ფეთქებადი მასალების ერთად გადაზიდვა დასაშვებია წესების მე-19 მუხლში აღნიშნული პირობების დაცვით.
9. გამოყენების პირობების მიხედვით ფეთქებადი ნივთიერებები იყოფა კლასებად (ცხრილი №2).
10. ფეთქებადი მასალების გამოყენების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დასაშვებია მათი დაზუსტება ტექზედამხედველობის თანხმობით, რაც აუცილებლად უნდა აისახოს საექსპლუატაციო დოკუმენტაციაში.
11. ფეთქებადი მასალების შეფუთვა და ნიშანდება ხორციელდება სტანდარტების შესაბამისად.
12. ფეთქებადმასალებიანი ყუთები, კონტეინერები, ტომრები (პაკეტები) იპლომბება (იკერება, წებდება) დამამზადებელი ქარხნის მიერ დაწესებული მეთოდებით ისე, რომ თვალნათლივ ჩანდეს მათი გახსნის ადგილები.
13. ფეთქებადი მასალების შეფუთვისას დამამზადებელი ქარხანა ყუთებში (ტომრებში, პაკეტებში) ალაგებს ინსტრუქციებს (სახელმძღვანელო დოკუმენტებს) დანიშნულების, შეთავსებადობის ჯგუფის, გამოყენების პირობების, ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების, საგარანტიო შესანახი ვადისა და მოპყრობის წესების ჩვენებით. ნებადართულია აღნიშნული ინსტრუქციების თანდართვა თანმხლებ დოკუმენტაციაში.
14. დაუშვებელია ფეთქებადი მასალების განლაგების ადგილიდან 100 მეტრზე ახლოს ღია ცეცხლის გამოყენება, მოწევა, ცეცხლსასროლი იარაღის, ამნთები და მოსაწევი საკუთნოების ქონა. ამნთები საშუალებების ქონის უფლება აქვს მხოლოდ ამფეთქებელს, ცეცხლსასროლი იარაღისა კი – დაცვის წარმომადგენელს.
15. აკრძალულია 15 პროცენტზე მეტი თხევადი ნიტროეთერშემცველი მოყინული ფეთქებადი მასალების საწყობებიდან გაცემა და მათი გამოყენება. აგრეთვე დაუშვებელია მათზე რაიმე ისეთი მოქმედება, რაც გადნობასთან არ არის დაკავშირებული.
16. დენთთან მუშაობა საწყობებში (საცავებში) დასაშვებია მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელებით, რომლებსაც ლანჩებსა და ქუსლებზე არა აქვთ ლითონის ნაწილები. ხელსაწყოები და სხვა ლითონური ინვენტარი დამზადებული უნდა იყოს მასალებისაგან, რომლებიც არ იძლევა ნაპერწკალს. ფოლადისაგან შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სახრახნისი.
17. ვაზნებში ან ტომრებში მოთავსებული ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთიერებები გამოყენების წინ ისე უნდა გაფხვიერდეს, რომ არ დაზიანდეს მათი გარსაცმები.
18. აკრძალულია სტანდარტებით (ტექნიკური პირობებით) და გამოყენების ინსტრუქციებით დადგენილ ნორმებზე მეტად დატენიანებული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება.
19. შეტკეპნილი ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც არ შეიცავენ ჰექსოგენსა და ნიტროეთერებს, უნდა გაფხვიერდეს წესების შესაბამისად, რის შემდეგაც მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში (მაღაროებში) ან ღია სამთო სამუშაოებზე.
20. ჰექსოგენისა და თხევადი ნიტროეთერების შემცველი შეტკეპნილი ფეთქებადი ნივთიერებები დაქუცმაცების გარეშე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ღია სამუშაოებზე.

ცხრილი №2

ფეთქებადი
ნივთიერებების
კლასი გამოყენების პირობების მიხედვით
ფეთქებადი ნივთიერებების სახეობა და გამოყენების პირობები
განმასხვავებელი ზოლის ან გარსაცმის ფერი
I
არადამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია მხოლოდ მიწის ზედაპირზე ასაფეთქებლად
თეთრი
II
არადამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია მიწის ზედაპირზე და მიწისქვეშა გვირაბების ისეთ სანგრევებში ასაფეთქებლად, სადაც არ ხდება საწვავი აირების ან აფეთქების მხრივ საშიში ნახშირის მტვრის გამოყოფა, ან იყენებენ სანგრევის მიმდებარე სივრცის ინერტიზაციას, რომელიც გამორიცხავს აფეთქებასაფრთხიანი გარემოს არსებობას

წითელი
III
დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია ფუჭ ქანში ასაფეთქებლად მიწისქვეშა გვირაბების ისეთ სანგრევებში, სადაც აფეთქების მხრივ საშიში აირები გამოიყოფა, მაგრამ არ ხდება ნახშირის მტვრის გამოყოფა

ლურჯი
IV
დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია ასაფეთქებლად:
ნახშირსა და ფუჭ ქანში ნახშირის მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ მიწისქვეშა გვირაბებში, სადაც საწვავი აირები არ გამოიყოფა;
ნახშირში ან ფუჭ ქანში მიწისქვეშა გვირაბების ნახშირის ფენაში გაყვანისას, საიდანაც ხდება საწვავი აირების გამოყოფა (გარდა იმ გვირაბებისა, რომლებშიც საწვავი აირები მოჭარბებული რაოდენობით გამოიყოფა);
ნახშირის შახტების მიწისქვეშა გვირაბებში რყევითი აფეთქებების დროს

ყვითელი

V
დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები ნახშირის ან ფუჭი ქანის ასაფეთქებლად, ნახშირის ფენაში გამავალ გვირაბებში, სადაც ხდება საწვავი აირების მოჭარბებული გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იყოს აირისა და ჰაერის ნარევთან მუხტის ზედაპირის შეხება

ყვითელი
VI
დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია ასაფეთქებლად:
ნახშირში ან ფუჭ ქანში ისეთ გვირაბებში, სადაც ხდება აირების მოჭარბებული გამოყოფა, როდესაც შესაძლებელია საშპურე მუხტის გვერდითი ზედაპირის შეხება აირისა და ჰაერის ნარევთან

ყვითელი
VII
დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები და V და VI კლასის ფეთქებადი ნივთიერებებისაგან დამზადებული ნაკეთობები სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოებისათვის (წყალგაფრქვევა და ფხვნილისებრი ინჰიბიტორების გაფრქვევა, ჭერის ხის ბიგების აფეთქებით გადაჭრა ჭერის დასმისას, ჩამოკიდებული მასების ლიკვიდაცია ნახშირსაშვებ გვირაბებში, არაგაბარიტების მსხვრევა) მიწისქვეშა გვირაბების სანგრევებში, რომლებშიც შესაძლებელია საწვავი აირისა და ნახშირის მტვრის კონცენტრაციამ აფეთქებისათვის საშიშ სიდიდეს მიაღწიოს

ყვითელი

სპეციალური (C)
არადამცავი და დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები და მათი ნაკეთობები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების საწარმოებლად, გარდა ისეთი მიწისქვეშა გვირაბების სანგრევებისა, რომლებშიც მოსალოდნელია საწვავი აირების და ნახშირის მტვრის წარმოქმნა აფეთქებასაფრთხიანი კონცენტრაციით

–

21. დაზიანებულგარსაცმიანი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში აკრძალულია